ევროპის რუხი კარდინალის ეპოქის სათავეებთან
მამუკა ნაცვალაძე
26.06.2022

ერეკლე მეორის ეპოქის ობიექტური კვლევა შეუძლებელია XVIII ს-ის მეორე ნახევრის მსოფლიო პოლიტიკური პროცესების გათვალისწინების გარეშე. საბჭოური და პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფია ერეკლეს ეპოქის განხილვისას არ სცილდება ტრადიციულ პოლიტიკურ სამკუთხედს - რუსეთს, ოსმალეთსა და ირანს. სწორედ ეს მიდგომაა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ პოლიტიკურ სამკუთხედს მიღმაც არსებობს საქართველოსთვის მსოფლიო და კავკასია ვერანაირად ვერ გაიმიჯნება მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისგან.

მთავარი მოვლენა, რამაც განსაზღვრა ერეკლეს პერიოდის მსოფლიო ისტორიული პროცესი, შვიდწლიანი ომია. სწორედ ამ ომის განხილვით შევეცდებით წარმოვაჩინოთ ის ძირითადი პარადიგმები, რასაც ერეკლე მეორეს კარნახობდა დრო და რომლის აღსრულებითაც ცდილობდა დასაპყრობად განწირული მცირე სახელმწიფო საერთაშორისო სისტემის შემადგენელ ნაწილად ექცია.

როგორ დაიწყო ახალი ერა მსოფლიოში შვიდწლიანმა ომმა

1756-1763 წლებში მიმდინარე შვიდწლიანმა ომმა, რომელსაც უინსტონ ჩერჩილი პირველ მსოფლიო ომს უწოდებს,  უდიდესი გარდატეხა შეიტანა მსოფლიო ისტორიულ პროცესში. ამ ომისას წყდებოდა არა მარტო XVIII საუკუნის მასშტაბური პოლიტიკური წინააღმდეგობები, არამედ ახალი ისტორიის უმნიშვნელოვანესი კონცეფტუალური პრობლემები. 

ომის შედეგებმა სათავე დაუდო თვისებრივად ახალ გლობალურ პროცესებს, მსოფლიოს ახალ  პოლიტიკურ კონფიგურაციას - მანამდე არსებულ ფრანგულ დომინანტს წერტილი დაუსვა და ბრიტანული დომინანტით ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე გრძელდება.

შვიდწლიანი ომის შედეგად ყალიბდება ის მსოფლიო პოლიტიკური ლანდშაფტი,  რაც დღემდე შენარჩუნებულია. ინგლისურენოვანი ქვეყნების მართვის მეთოდებს დაეფუძვნა მსოფლიო წესრიგი, რომლის წარუმატებელი მოშლის მცდელობა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ამასვე ემსახურებოდა „ცივი ომი.

ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - თუკი შვიდწლიანი ომის შედეგები შეეხო მთელს ევროპას, უფრო მეტიც, თუკი ამ ომმა სათავე დაუდო თვისებრივად ახალ მსოფლიო ისტორიულ პროცესს, რატომ აღმოჩნდა კავკასია მდგრადი ამ პროცესების მიმართ, მაშინ როცა ყველა დროის მსოფლიო ისტორიული პროცესი კავკასიასა და საქართველოზე ადექვატურად აისახა? აღნიშნულ თემაზე საბჭოური ხანის რუსული და ქართული ისტორიოგრაფიის დუმილის მიზეზი იდეოლოგიური კონიუნქტურაა. ამ საკითხზე ჩვენი კვლევის შედეგების ინგლისური ვერსია „სტალინი ენგელსის წინააღმდეგ - ბერძნული პროექტის ისტორიოგრაფიისათვის“ კემბრიჯში დავბეჭდეთ, აღნიშნული სტატიის მცირე, პოპულარული ვერსიის ქართული ვარიანტი გაზეთ „რეზონანსში“ გამოვაქვეყნეთ. 

შვიდწლიანი ომისას რუსეთის არმია განსაკუთრებულ წარმატებას აღწევს. მისი სამიზნე აღმოსავლეთ პრუსიაა, მას სხვაგვარად ბრანდენბურგის პრუსიასაც უწოდებენ, პრუსიის სამეფოსათვის ეს განსაკუთრებული ტერიტორიაა - ფრიდრიხ მეორის სამშობლო და შესაბამისად სამეფო მამული.

რუსეთის არმია აღმოსავლეთ პრუსიას ჯერ კიდევ 1758 წელს იკავებს. სანქტ- პეტერბურგის საიმპერატორო კარი იმასაც ითვალისწინებს, რომ მხოლოდ ტერიტორიის დაკავება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის განკარგვას, ამისთვის მთელი რიგი ღონისძიებებია საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა აღმოსავლეთ პრუსიის მოსახლეობის დაფიცება რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. სწორედ ამ რიტუალის შემდეგ ნიშნავს კენინგსბერგში საკუთარ გუბერნატორებს სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი. ამასთან, იჭრება პრუსიული მონეტა რუსეთის იმპერატორის, ელიზავეტა პეტრეს ასულის გამოსახულებით. მონეტას არა მარტო აღმოსავლეთ პრუსიაში აქვს გასავალი, შესაბამისად, აქ ნათლად ჩანს ის ქვეტექსტი, რაც რუსული აგრესიის რეალურ სახეს აშიშვლებს - მისი სამიზნე, პრუსია, სრულიადაც არ შემოიფარგლება მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილით.   

როგორ გაუჩინა თავსატეხი ისტორიოგრაფიას პრუსიელების მიმართ პეტრე მესამის კეთილგანწყობამ

სიტუაცია რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ელიზავეტა პეტრეს ასული გარდაიცვალა და რუსეთის საიმპერატორო ტახტს პეტრე მესამე იკავებს. მისი ინიციატივით, მოულოდნელად რუსეთის არმია ტოვებს არა მარტო აღმოსავლეთ პრუსიას, არამდ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პუნქტს ბერლინს, რომლიდანაც რუსული აგრესიისთვის სულ სხვა მიზნები და პერსპექტივები ისახებოდა.

რუსი მკვლევარი ბეზობრაზოვი ამ მოვლენას ხსნის სანქტ-პეტერბურგზე ვერსალის საიმპერატორო კარის ზეწოლით და ასკვნის, რომ მოვლენათა ასეთი შემობრუნების მიზეზი იყო სუბიექტური ფაქტორები - ელიზავეტა პეტრეს ასულის სიკვდილი და პეტრე მესამის რადიკალურად განსხვავებული განწყობები, ამასთან, ის განპირობებული იყო საერთაშორისო მოთხოვნით, სადაც ვერსალი ევროპის ინტერესებს გამოხატავდა, შესაბამისად ამ მოვლენებს მოჰყვა რუსეთის მიერ ევროპის ტერიტორიის დატოვება. უფრო შორს მიდის ასევე თანამედროვე რუსი მკვლევარი ჩინიაკოვი, რომელიც აცხადებს, რომ ელიზავეტა პეტროვნას რომ ეცოცხლა შვიდწლიანი ომის დასრულებამდე, საბოლოო შედეგი იქნებოდა ზუსტად ის, რაც პეტრე მესამის დროს იყო.

ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ვერსალის საიმპერატორო კარი. მისი გავლენა იმდროინდელ ევროპაზე, შესაბამისად რეალურია კიდეც ფრანგების სურვილი, არ გამოჩნდეს ევროპაში ახალი პოლიტიკური ძალა, მითუმეტეს ისეთი, როგორიც პოლიტიკურად მზარდი და აგრესიაზე ორიენტირებული რუსეთის იმპერიაა, თუმცა, ერთია ფრანგების სურვილი და მეორე ის, რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარს. ბერლინის დატოვება უსიტყვო კაპიტულაციას ნიშნავს, უსიტყვო კაპიტულაცია კი უპრეცედენტო მოვლენაა რუსულ სამხედრო ისტორიაში, ამიტომაც ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ სხვა სახელმწიფოს კარნახით რუსული ჯარის ამგვარ ქმედებას.

ჯერ ერთი, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ვერსალი კატეგორიულად მოითხოვს სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის მხრიდან ბერლინის დატოვებას, მეორეც, ამგვარი დოკუმენტი რომც არსებობდეს, რუსულ სამხედრო ისტორიაში არ მოიძებნება პრეცედენტი, როცა ის სხვისი ნებისა და სურვილის შესაბამისად, უსიტყვოდ, ასრულებს ასეთ ულტიმატუმს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ბერლინის დატოვების გადაწყვეტილება, თავად რუსეთის საიმპერატორო კარმა მიიღო, ინიციატორი თავად რუსეთია. თუმცა, ეს ისეთი არაორდინალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში, რომ ამ გადაწყვეტილების მოტივაციის ძიება და შესაბამისი განმარტებაა საჭირო.

შვიდწლიანი ომის მსვლელობის უპრეცედენტო, არაორდინალური შემოტრიალება, რუსეთის მიერ ბერლინის დატოვება და ევროპის დაპყრობაზე უარის თქმა  პასუხგაუცემელ კითხვად რჩება დღევანდელ ისტორიოგრაფიაში. მართლაც უცნაურია - რუსეთს ხომ ფაქტობრივად გარანტირებული აქვს ტრიუმფატორის მანტია - ის ევროპის შუაგულში ზეობს, ბერლინშია განლაგებული მისი ჯარები, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ევროპაზე გავლენის მოპოვებას ბევრი აღარაფერი უკლია.

სწორედ ამ რეალობისას, სადაც ყველაფერი გარანტირებულია, ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდაა, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი ერთი ხელის მოსმით თმობს უპირატესობას, ევროპაზე შეტევის შემდგომ პერსპექტივას და საგარეო პოლიტიკის ვექტორის შეცვლაზეც ფიქრობს... ფიქრობს იმ მიმართულებით შეტევაზე, სადაც ფაქტობრივად არაფერი აქვს გარანტირებული. ევროპის დაპყრობის მაგივრად თურქეთის დაპყრობაზე აკეთებს არჩევანს. არადა, ეს ურთულესი ამოცანაა, რასაც თავად ევროპის სახელმწიფოები დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ - თურქეთის იმპერია სამ კონტინენტზეა გადაჭიმული და მსოფლიო ბატონობის პრეტენზია გააჩნია. ფაქტია, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილება, ბერლინის დატოვება ძალიან არალოგიკური და მითუფრო არაპრაქტიკული სვლაა.

აქ უამრავი კითხვა ჩნდება - რატომ უშვებს ხელიდან რუსეთი იმას, რაც უკვე გარანტირებული აქვს და რატომ თვლის, რომ უფრო წარმატებული იქნება სამ კონტინენტზე გადაჭიმულ მსოფლიო რანგის იმპერიასთან შერკინება, ვიდრე დაქუცმაცებულ, შიდადაპირისპირებით ერთმანეთთან კომუნიკაციისუუნარო ევროპასთან ჭიდილი?

არადა,  ერთი შეხედვით, სამხედრო წარმატების უფრო რეალური შანსი ისევ დასავლეთ ევროპაში აქვს რუსეთს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: 1. რუსი მეომრებისთვის ევროპა უკვე ადაპტირებული და ნაცნობი გარემოა; 2. პრუსია ჯერ არაა სასურველ კონდიციაზე, შესაბამისად მისმა რევანშისტულმა განწყობებმაც, დიდი ალბათობით შედეგი არ უნდა გამოიღოს; 3. პრუსია-ავსტრიის დაპირისპირების გამოყენება დამატებით ბონუსს აძლევს რუსეთის საიმპერატორო კარს. ავსტრია რუსეთის მოკავშირეა და მარია ტერეზიას ფრიდრიხთან პოლიტიკური დაპირისპირება აქვს. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, ავსტრია რუსეთს დაუპირისპირდეს; 4. გასათვალისწინებელია პრუსიასთან საფრანგეთის დაპირისპირებაც.

ფრიდრიხ მეორე და შვიდწლიანი ომის აღმოსავლური მირაჟი

სწორედ ამიტომაც, ზემოაღნიშნული ოთხი ფაქტორის ფონზე, კიდევ უფრო მეტ კითხვას ტოვებს რუსეთის საგარეო ვექტორის ცვლილება. ფაქტია, რომ აქ ლოგიკის საწინაღმდეგოდ საკმაოდ კომპეტენტური და გავლენიანი ძალა მუშაობს, აშკარაა პოლიტიკური ქვედადინებებიც. 

ამ ფონზე, ბუნებრივია, ობიექტური დასკვნების გაკეთებისთვის ყველაზე სანდო კრიტერიუმი გახლავთ ის, თუ ვინ ისარგებლა ყველაზე მეტად რუსეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებით - თავად რუსეთმა, თუ ვინმემ სხვამ?

პასუხი ცალსახაა - რუსეთისათვის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება მხოლოდ ახალი პრობლემების თავსმოხვევა გახლდათ, ეს იყო ფაქტობრივად დაწყებული და წარმატებულად დასრულებული საქმის ხელახალი დაწყება, სადაც, განსხვავებით წინა შემთხვევისაგან, ნაკლები შანსი იყო წარმატებისა.

ერთადერთი მოგებული ამ პროექტით პრუსია და ფრიდრიხ მეორე გახლდათ.  ყველაზე მეტად სწორედ მათ გაუმართლათ, რამდენადაც ფაქტობრივად მოვლენათა ლოგიკურ განვითარებას, პრუსიის, როგორც სახელმწიფოს დასამარება უნდა მოჰყოლოდა. ამ მოვლენამ ისეთ სასოწარკვეთაში ჩააგდო ფრიდრიხი, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. რუსეთის იმპერატორის, პეტრე მესამის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით იმუშავა. 

პეტრე მესამე გერმანელია, მას გამორჩეულად უყვარს თავისი სამშობლო, ამასთან თავად ფრიდრიხის მიმართაც აქვს მომეტებული სიმპათიები. სწორედ ამან იმუშავა კონკრეტული რეალობისას ფრიდრიხ მეორის სასარგებლოდ. თუმცა, სუბიექტური ფაქტორი მხოლოდ ერთჯერად გახლავთ სარგებლიანი, ეს საკმაოდ კარგად აქვს გაცნობიერებული ფრიდრიხ მეორეს, სწორედ აქ იბადება იდეა, რომ ეს სუბიექტური განწყობები სისტემურ მოდელად ჩამოყალიბდეს.

არადა, ეს ურთულესი ამოცანაა. ფრიდრიხს სკურპულიოზული პოლიტიკური და გეოსტრატეგიული გათვლები სჭირდება - ამ კონცეფციის მთავარი თეზა გახლავთ ის, რომ ევროპის არცერთი სახელმწიფოსთვის მიუღებელი არ უნდა იყოს ამ სისტემური მოდელის ნიუანსები, უფრო მეტიც - ეს სისტემური მოდელი მთელი ევროპის განწყობებსა და პოლიტიკურ სურვლებს უნდა გამოხატავდეს.

ასე იწყება მსოფლიო ისტორიული პოლიტიკური პროცესის კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი - ფრიდრიხ მეორის ეპოქა, ეპოქა რუხი კარდინალისა, რომელმაც რუსული აგრესია ევროპიდან აღმოსავლეთით, ოსმალეთის იმპერიისაკენ შემოატრიალა... ოსმალეთამდე კავკასიური მირაჟის კონტურები ისახება...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×