თამთა ჩაჩანიძე
16.06.2022

მეტად საზიანოა ინტერნეტ-მოწყობილობებთან ბავშვების მიჯაჭვულობა, რამაც ისედაც მოშლილი არავირტუალური ურთიერთობები კიდევ უფრო მოშალა. ბავშვებში გაჩნდა თვითშეფასებისა და რეალიზების უნარის დაქვეითება. კლინიკური თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, ჩემი პრაქტიკიდან ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდის რამოდენიმე მძიმე გართულება დაფიქსირდა - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექიმ-პედიატრმა მაცაცო კუბლაშვილმა განაცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ პატარების დამოკიდებულება გაჯეტებზე პანდემიის პერიოდში უფრო შესამჩნევი და ხშირი გახდა, რაც პირველ ეტაპზე უფროსებისთვის შეიძლება კომფორტი იყოს,თუმცა შემდეგ ბავშვების გართულებული მდგომარეობა, მშობლებსვე დიდ განსაცდელში აგდებს.

ბავშვების საყვარელი პედიატრი - ასე ახასიათებენ მაცაცო ექიმს, რომელიც 2016 წლიდან ხელმძღვანელობს გადაუდებელ ამბულატორიულ სამსახურს კლინიკა „პროფესორში", არის „ევექსის" ქსელის დიდი დიღმის ფილიალის მოწვეული პედიატრი და კლინიკა „მედკოს" პედიატრი. განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს სამედიცინო ცენტრ „ციტოში" კოვიდის მართვის დეპარტამენტის მენეჯერის, შემდგომ კოორდინატორის პოზიციას. ამბობს, რომ ეს იყო მუშობა „ნონ-სტოპის" რეჟიმში, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, თუმცა მეტად სასიამოვნო ურთიერთობების პერიოდი.

„რეზონანსი": თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მთავარი მოზარდების ჯანმრთელად აღსაზრდელად?

მაცაცო კუბლაშვილი: განსაკუთრებული მნიშვნელობა ორგანიზმის სწორად შენებაა, ანუ სწორი, ბალანსირებული კვება, რომელსაც ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდიდან უნდა მივაჩვიოთ . რაც უფრო მეტი სასარგებლო ნუტრიციოლოგიური მასალით აშენდება, მით უფრო მდგრადი იქნება ავადობის წინააღმდეგ. მაგრამ გარდა მატერიალური მიდგომებისა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის სულიერი სიჯანსაღე, რომლის ყველაზე დიდი საფუძველი ის არის, რომ არ მივაჩვიოთ ტყუილს, არასოდეს ვუთხრათ და არც არასოდეს გვეტყვის. როცა მშობელი მთხოვს, მივუთითო რაიმე ხერხი, რითაც შეძლებს ძუძუთი კვების შეწყვეტას, პირველი, რასაც ვაფრთხილებ, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოს ეს მოტყუებით ( არსებობს ამის ხერხები), არამედ თვითშეგნებითა და ახსნით, თუ კი ბავშვი იმ ასაკში არ არის, რომ თვითშეგნებით თავი დაანებოს ძუძუთი კვებას, ე. ი. აუცილებლად უნდა გააგრძელოს.

„რ": ახლა დასვენების პერიოდი იწყება, რას ურჩევდით მშობლებს?

მ.კ: ჩემი პრაქტიკული დაკვირვებით, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის განსაკუთრებულ ზონას მთის კურორტი წარმოადგენს, თუმცა თუ მშობელი მაინც გადაწყვეტს ზღვისა და ქვიშის კურორტზე პატარის წაყვანას, სასურველია ივნისისა და სექტემბრის თვე. მთას კი ნამდვილად არ ააქვს პერიოდული შეზღუდვა, ნებისმიერ თვეს სასარგებლოა. ამასთან მინდა ყველა მშობელს ვთხოვო, როცა პატარები სასეირნოდ გაგყავთ ნებისმიერ ადგილას, თავიდანვე მივაჩვიოთ, რომ არ უნდა დაანაგვიანონ, ეს პროცესი სახალისო გახადეთ და ისე აუხსენით, დამერწმუნეთ, ძალიან პატარაობიდანვე მიჩვეული ეს წესრიგი თქვენც ძალიან წაგადებათ და ჩვენს ბუნებასაც. საკუთარი გამოცდილებიან მინდა გითხრათ,რომ ჩემი შვილები ძალიან პატარა ასაკიდანვე ხელთათმანებჩაცმულები იწყებდნენ გარემოს დასუფთავებას. მოგეხსენებათ, რა ხდება ჩვენს ტყეებსა და დასასვენებელ ზონებში, მიზანი ასეთია: „ტყე ცუდად არის და უნდა განვკურნოთ" და პაწაწინა ხელებითა და ხალისით „შველოდნენ ტყეს". დღეს კი ქაღალდის მცირე ნაგლეჯსაც არ დააგდებენ უკონტროლოდ .

„რ": დასრულდა თუ არა კოვიდპანდემია და რა გავლენა იქონია კორონავირუსმა პატარების ჯანმრთელობაზე?

მ.კ: ყველა პროცესს აქვს დასაწყისი და რა თქმა უნდა დასასრული, თუმცა ვირუსი არსად წასულა, ჩვენს გარშემოა და აქვე ტრიალებს, უბრალოდ, მასთან ერთად „ცხოვრება" ვისწავლეთ. როგორც ყველა შემთხვევას აქვს დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე, პანდემიასაც ასევე. დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ პატარები მშობლებთან ატარებდნენ მთელ დროს და არა დღის უმცირეს მომენტს. მათ ამის შესახებ რომ ჰკითხოთ, აუცილებლად გეტყვიან, რომ კარგი იყო, ყველა ერთად რომ თამაშობდა. უარყოფითი კი რომელი ერთი ჩამოვთვალო, შორს წაგვიყვანს. თუმცა მეტად საზიანო ინტერნეტ მოწყობილობებთან ბავშვების მიჯაჭვულობაა, რამაც ისედაც მოშლილი არავირტუალური ურთიერთობები კიდევ უფრო მოშალა. ბავშვებში გაჩნდა თვითშეფასებისა და რეალიზების უნარის დაქვეითება. კლინიკური თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, ჩემი პრაქტიკიდან ბავშვებში პოსტკოვიდური პერიოდის რამოდენიმე მძიმე გართულება დაფიქსირდა.

„რ": რას ურჩევთ დაკავებულ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ლამისაა, ერთი თვიდან აქვთ შეხება ტელევიზორსა და კომპიუტერთან

მ.კ: „დაკავებულ მშობლებს" , პატარების ამ ყველაფერთან მიჩვევა უფროსების კომფორტია, პირველ რიგში, თუმცა ჩვენივე წინდაუხედავი საქციელი დიდ განსაცდელში გვაგდებს. მაქსიმალურად შეუზღუდეთ დრო ეკრანებთან ურთიერთობის. არავითარ შემთხვევაში არ კვებოთ ტელეფონებისა და კომპიუტერების დახმარებით. ქცევის ფიზიოლოგიით ყველაზე დიდი სიამოვნება ადამიანის ორგანიზმისთვის არის ჭამა, ჭამის პროცესი. ამიტომ ნუ გავხდით ამ პროცესს სასიამოვნოს სხვა მოწყობილობების ჩართვით. ეს ინტერვიუ რომ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდეს, აუცილებლად მკითხავდა რომელიმე მშობელი „რომ არ ჭამს, რა ვქნა? იძულებული ვარ, მივცე ტელეფონი „მოდით, შევხედოთ საკითხს რეალურად. თუ ჩვენ არ მივცემთ და არ ვაჩვენებთ თავიდანვე, ხომ არ მოითხოვს ან თუ კვების დროს ჩვენ ვესაუბრებით, ვეალერსებით, ვუყვებით საინტერესოს ამ საკვების შესახებ და ამას თავიდანვე გავაკეთებთ, მერწმუნეთ, შედეგი არ დააყოვნებს. ამასთან ხშირად მიეცით ბავშვებს ფქვილთან, სუფთა ქვიშასთან, ცომთან ურთიერთობის საშუალება, ეს მეტად ანვითარებს ტაქტილურ შეგრძნებებს. მაგალითდ, დაუყარეთ ფქვილი მაგიდაზე, მიეცით გაუთლელი ფანქარი და დახატოს რაც უნდა ....შემდგომ კი აუცილებლად დაიხმარეთ დალაგების პროცესში, ეს მას წესრიგსა და სხვაზე მზრუნველობის უნარს მიაჩვევს.

„რ": ბავშვები და ბაღი, მივიყვანოთ და მერე იავადონ თუ არ მივიყვანოთ?

მ.კ: აუცილებლად, უდავოდ... ბაღი არის საუკეთესო ადგილი, სადაც ბავშვი საზოგადოებრივი ინტეგრირების საფუძვლებს განსაკუთრებით სწავლობს და აყალიბებს მას, როგორც სოციუმის ნაწილს თავისი პირადი და ინდივიდუალური ხასიათით. ამიტომ აქ გადაწყვეტილება ცალსახაა, მით უფრო, რომ ბავშვები ხშირად ავადობენ, თუმცაღა ესეც, ჩავთვალოთ, რომ გამობრძმედისა და იმუნური სისტემის გაკაჟების პერიოდია.

„რ": რა ნაბიჯების გადადგმა მიგაჩნიათ აუცილებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის გასაძლიერებლად?

მ.კ: აუცილებლად გავაძლირებდი პრევენციულ მიმართულებებს. ქვეყანა, რომელიც დიდ ინვესტიციას დებს პრევენციულ სექტორში, ნაკლებს ხარჯავს მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. განსაკუთრებით მწირი ინფორმაციის მქონე კუთხებს მივაქცევდი ყურადღებას. პრაქტიკაში მქონდა ისეთი შემთხვევა, რომ 3 წლის ბავშვის სტომატიტის სამკურნალოდ გამოიყენეს ძროხის შარდი პირის ღრუს სავლებად, რამაც საშინელ გართულებამდე მიიყვანა პატარა და შემდგომ მისი მკურნალობა არც ისე იაფი დაჯდა. ასეთ კუთხეებს განსაკუთრებით სჭირდებათ ინფორმაცია ჰიგიენური მიმართულებით.

გარკვეული პროექტი მაქვს დამუშავებული და რამოდენიმე სალექციო პრეზენტაციაც მომზადებული, რომელსაც ჩემი შვილების სკოლაში მთელი ენთუზიაზმით ვატარებ, და მინდა, გითხრათ, რომ მშვენიერი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ფართო მასშტაბებზე განსაკუთრებით სასარგებლო იქნებოდა მსგავსი ღონისძიებები. პრევენციულ მიმართულებას დავნერგავდი არა მხოლოდ ჰიგიენური კუთხით, არამედ სხვადასხვა ნოზოლოგიებისა და ზოგადი მედიცინის საფუძველზე, აუცილებლად შევქმნიდი (გაფართოებული მასშტაბით) მშობელთა სკოლის სამსახურს, რომლის მიზანიცაა გათვითცნობიერებული, მომზადებული მშობლების აღზრდა, ამ პროექტს მცირე მაშტაბით ვახორციელებ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევითა და დახმარებით და მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები დაიდო. ამაღლდა მშობელთა ცნობიერება იმით, რომ მაშინვე არ არის აუცილებელი, ანტიბიოტიკი ჩაირთოს ბავშვის მკურნალობაში, როგორც კი ტემპერატურა აეწევა, რომ ბევრი წამალი უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო, რომ სწორი კვება ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია და ა.შ. ამიტომ ვამბობ, პრაქტიკული გამოცდილებით, რომ ასეთი პროექტები ბევრ კარგ საქმესა და ჯანმრთელად მოაზროვნე საზოგადოებას მოგვცემს.

„რ": ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ ბევრი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. რა მიმართულებებს დახვეწდით?

მ.კ: ნამდვილად უნიკალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამაა. მინდა, გითხრათ, რომ პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება ,კერძოდ „ გადაუდებელი ამბულატორიული სამსახური" 2016 წელს დავნერგეთ კლინიკა „პროფესორში" და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, თანაც შედარებით მცირე ბიუჯეტური ნოზოლოგიები დიდ ფინანსურ დატვირთვას აცილებს ჯანდაცვის საყოველაო პროგრამას. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევებზე მაქვს საუბარი, როდესაც პაციენტს ხანგრძლივი მკურნალობა არ ესაჭიროება, მხოლოდ სიმპტომოთერაპია და ბაზისური კვლევები, რომელიც რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს და შემდგომ პაციენტი ბინაზე აგრძელებს მკურნალობას. ამით პაციენტებიც ძალიან მადლიერნი არიან . თუმცა ეს მათ უნდა ვკითხოთ.

ერთადერთი რასაც ამ პროგრამის ფარგლებში დავხვეწდი, ეს არის მოთხოვნა პროგრამის მოსარგებლე მე-2 და მე-3 დონის კლინიკებისთვის საშუალო მედ. პერსონალის (ექთნების) დამატებისა და გადამზადების თაობაზე, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა კმაყოფილი და სრულფასოვნად მოვლილი პაციენტების რიცხვს. რადგან კარგი და ძლიერი ექთანი ბევრი მადლიერი პაციენტია.....

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×