ელზა პაპოშვილი
15.06.2022

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 16 ივნისს დაანონსებული აქცია პოლიტიკური მსჯელობის და დაპირისპირების საგანი გახდა. ვინ მიდის და ვინ არა 16 ივნისს ევროპის მოედანზე, რათა ევროპას  ქართველი ხალხის ნება და ერთიანობა აჩვენოს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადება რიგითი ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად ხდება, რომელმაც 20 ივნისს „სირცხვილიას“ მიერ დაგეგმილი აქციის კონტრაქცია დაგეგმა. როგორც აღმოჩნდა ზურაბიშვილის იდეას არც ხელისუფლებაში ემხრობიან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  ირაკლი კობახიძის განცხადებით ხეელისუფლება ამ აქციაზე არ მივა.    

 „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ 20 ივნისის აქციას შეუერთდებიან. როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოპოზიციის შესახებ, 16-ში დაგეგმილ შეკრებაზე მივიდოდნენ.    

"რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილზე საუბარი, რომ არ ყოფილიყო ისევ ბრალდებები და ტყუილები, რომ ვითომ ოპოზიცია რაიმე დესტრუქციულს აკეთებს, რაღა თქმა უნდა, შევუერთდებოდით, ამაზე ორი აზრი არ არის. ნაცვლად გაერთიანებისა, 16-მა რიცხვმა გამოიწვია, გარკვეულწილად, აზრთა სხვადასხვაობა და გახლეჩა.  სწორედ ეს იყო, სავარაუდოდ, მიზანი. ჩვენი პოზიცია იცით, ჩვენ ვუერთდებით 20-ში დაანონსებულ აქციას, დანარჩენი ყველა თავისუფალია თავის არჩევანში," - ამბობს ბაჩო დოლიძე.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, 16 ივნისს, სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ შეკრებაზე მისვლას გეგმას "ლელო." "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე, საბა ბუაძე ამბობს, რომ განსხვავებულ თარიღებს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზოგადოება კიდე უფრო დაჰყოს.

"სრული ძალისხმევა ახლა მიმართულია იქით, რომ 20 ივნისს, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გამოვიდეს და ჩვენ მოვახერხოთ და ჩვენი სათქმელი კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავაგონოთ ევროპულ ოჯახს. არ უნდა მივცეთ საშუალება არავის და არც ერთ მოვლენას, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დაიყოს, ზუსტად აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ 16 ივნისსაც მივიღოთ მონაწილეობა და არ მივცეთ განსხვავებულ თარიღებს დამატებით შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გაიყოს და დაიხლიჩოს," - ამბობს საბა ბუაძე.

არც 16-ში და არც 20 ივნისს დაგეგმილ შეკრებას არ შეუერთდება პარტია "საქართველოსთვის" წევრები.

"ორი მნიშვნელოვანი თარიღია 17 და 24, ამ თარიღებამდე ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანა არის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში," - ამბობს მიხეილ დაუშვილი.    

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ეს გრძელდება ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა გამოკითხვის შედეგად. ეს არის ფაქტი, ამას არ სჭირდება რაღაც ახალი დადასტურება რაღაც აქციებით. როდესაც აქციაზეა ლაპარაკი და მით უმეტეს, იწყება ასეთი შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს იქ წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, ეს არა მგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მით უმეტეს, ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. 

„არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებენ "სირცხვილია", "ნაციონალური მოძრაობა", სალომე ზურაბიშვილი და, რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს," - ამბობს სოზარ სუბარი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×