მამუკა ნაცვალაძე
12.06.2022

XVIII ს-ის მეორე ნახევრის მსოფლიო ისტორიულ პროცესებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიის ობიექტური შეფასებისათვის. რუსულმა და საბჭოური ხანის ისტორიოგრაფიამ შეგნებულად დაამახინჯა იმდროინდელი ფაქტები და მოვლენები, რაც საფუძვლად დაედო საქართველოსა და კავკასიის ანექსიის არასწორ შეფასებას. შეგნებულად იქნა წაშლილი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის  ევროპული კავშირები, რის შედეგადაც კავკასია გამოცხადდა რუსულ ორბიტაზე არსებულ გეოსტრატეგიულ სივრცედ და ხელოვნურად გაემიჯნა მსოფლიო ისტორიულ პროცესებს. ამ გზით ძალადობრივი პოლიტიკური აქტი, საქართველოს დაპყრობა, შეიფუთა როგორც ქრისტიანული ერთმორწმუნეობის იდეის შესაბამისი კავშირი.

წინამდებარე წერილში მოგითხრობთ იმ მსოფლიო ისტორიული პროცესების შესახებ, რამაც ფაქტობრივად განსაზღვრა ერეკლე მეორის მმართველობის საგარეო-პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

ქართული სახელმწიფოებრიობის კავკასიური კოზირი

კავკასია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული  მდებარეობის გამო ისტორიის საწყისი ეტაპიდანვე გახდა მსოფლიოს სხვადასხვა იმპერიების სამიზნე. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი საზღვაო გზების აღმოჩენამდე ეს რეგიონი ითვლებოდა უმნიშვნელოვანეს გზასაყარად, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. 

ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ პოსტმაკედონური სახელმწიფოების ინტერესების შესაბამისად აქ შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის საერთაშორისო ფუნქციაც გახლდათ კავკასიის უღელტეხილების კონტროლი და სამხრეთით მდებარე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზების დაცვა კავკასიის მთიანეთში მცხოვრები ტომებისგან. 

ერთი მხრივ, კავკასიის უღელტეხილების კონტროლი და მეორე მხრივ, ზღვაზე გასასვლელი იყო ის სტრატეგიული ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაში ქართლის სამეფო წამყვან ადგილს იკავებდა მსოფლიო პოლიტიკის საერთაშორისო სისტემაში.

საგულისხმოა, რომ ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა მსოფლიო იმპერიათა ეს დამოკიდებულება. მას შემდეგ, რაც სწორედ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება ქართლის მეფე ფარსმან ქველმა შესძლო რომის იმპერიის ეკონომიკური პარალიზების მეშვეობით (ფარსმანმა გახსნა დარიალის კარი და მთიელი ტომები შეუსია რომის კონტროლის ქვეშ მყოფ სავაჭრო მაგისტრალებს) იმ პერიოდის დიდ სახელმწიფოებს ცალსახად აჩვენა, რომ კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს არსებობა ეწინააღმდეგებოდა მათ პოლიტიკურ ინტერესებს. ცალსახა იყო, რომ სახელმწიფო, რომელიც ერთდროულად ფლობდა კავკასიურ უღელტეხილებს და ზღვაზე გასასვლელს, რაც მას განვითარების საკმაოდ დიდ შესაძლებლობს აძლევდა, მსოფლიო იმპერიებისათვის უკვე არასასურველი მოვლენა გახლდათ.

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება  კავკასიური კოზირის განეიტრალების მცდელობა მსოფლიო იმპერიათა მხრიდან. ამისთვის იყენებენ ყველა ხერხს - მათ შორის პოლიტიკურ და კონფესიურ  ბერკეტებს.

ცალსახად გამოიკვეთა ტენდენცია, ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან რომ მსოფლიო იმპერიებს არათუ აღარ აწყობდათ, ხელს უშლიდათ კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს არსებობა, შესაბამისად პერმანენტულად დაიწყო სხვადასხვა იმპერიების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური, კულტურული კონფესიური თუ ეკონომიური ღონისძიებების გატარება, რაც ქმნიდა საკმაოდ მნიშვნელოვან წანამძღვარს სხვადასხვა მომიჯნავე  სახელმწიფოების მიერ კავკასიის ტერიტორიის გადანაწილებისათვის.

კავკასიური კოზირის განეიტრალების ამასიის პოლიტიკური სისტემა

1453 წლის კონსტანტინოპოლის დაცემამ მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ვითარება. ოსმალების მიერ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული გზების გადაკეტვამ, მსოფლიო აიძულა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სახმელეთო გზების ალტერნატივა მოეძებნა. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო გზების მეშვეობით შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კავშირის აღდგენა, კავკასია მაინც ინარჩუნებდა უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ ფუნქციას. 

მსოფლიო სხვადასხვა იმპერიათა მცდელობამ, გაენეიტრალებინა კავკასიური კოზირი, შედეგი გამოიღო. ამით ყველაზე მეტად ირანმა და ოსმალეთმა ისარგებლა - ისინი 1555 წელს ამასიის ზავით კავკასიის განაწილების მოდელზე შეთანხმდნენ.

ასე შეიქმნა ამასიის საერთაშორისო სისტემა, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველო ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროში მოექცა. ასეთ ფონზე ნებისმიერი მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი კავკასიაში მხოლოდ ბუტაფორიაა, რომელსაც ირანი და ოსმალეთი გადასახადების აკრეფის მიზნით და სხვა მათთვის სასურველი ღონისძიებების ორგანიზებისათვის ინარჩუნებენ. საქართველოში მაჰმადიანური ქვეყნების ხელდასხმის გარეშე არაფერი ხდება. ეს ფაქტობრივად მაჰმადიანურ სამყაროსთან ქრისტიანული კავკასიის პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციის მექანიზმია. 

თავის მხრივ, ირანი და ოსმალეთი ტრადიციულად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მთავარი არეალი, რაც დაპირისპირების მიზეზია, ისევ კავკასიაა. მსოფლიოს სამ კონტინენტზე გადაჭიმულ ოსმალეთს ამასიის სისტემა აღარ აწყობს და იწყებს ბრძოლას ერთიანი კავკასიისთვის, რაც რამდენჯერმე წარმატებით სრულდება. 

ამასიის ზავი 1590 წლის შემდეგ, 1723 წელსაც დაირღვა ოსმალეთის სასარგებლოდ, ოტომანთა პორტამ ფაქტობრივად მთლიანი კავკასია ჩაიგდო ხელთ, რის შემდეგაც ირანს რეალური საფრთხე დაემუქრა. ოსმალეთის დაპყრობითი ამბიციური მიზნები როგორც მაჰმადიანურ ირანს, ისე ქრისტიანულ ევროპას სწვდებოდა.

რა მიზანს ისახავდა 1744 წლის ქართლისა და კახეთის ქრისტიანული სამეფებოს აღდგენის ნადერ შაჰის გეოსტრატეგიული პროექტი

1735  წელს ირანელებმა მოახერხეს ამასიის სისტემის სტატუს-ქვოს აღდგენა და აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალები გააძევეს. სწორედ ამ პირობებში ისახება ირანელთა სტრატეგიული კონცეფტუალური პოზიცია აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ - ნადერ შაჰის ხელდასხმით აღმოსავლეთ საქართველოში ორი ქრისტიანული სახელმწიფო - ქართლი და კახეთი უნდა ქცეულიყო ირანის სახელმწიფოს ბუფერულ ზონად და უსაფრთხოების გარანტად. 

ნადერ შაჰი, ირანის მმართველი, საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით თანახმაა საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდეს და აღმოსავლეთ საქართველოში ქართლისა და კახეთის ქრისტიანული სამეფოების აღდგენის ნება მისცეს ბაგრატიონებს, რათა ჯერ ერთი, წაახალისოს ქართველები, მეორეც, ამით მნიშვნელოვანი ბარიერი შეუქმნას ოსმალეთის უძლიერეს იმპერიას საკუთარი სახელმწიფოს თავდაცვის პრევენციის მიზნით. 

ის ფაქტი, რომ ოსმალები 30-იან წლებში ბატონობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში და ფაქტობრივად ემეზობლებიან ირანს, ამ უკანასკნელის სამეფო კარზე დამატებითი მოტივაცია იმისთვის, რომ თავდაცვის უპრეცედენტო ზომები მიიღონ და იზრუნონ  ერთი მხრივ, აღმოსავლეთ საქართველოს კეთილგანწყობაზე, მეორე მხრივ - მის გაძლიერებაზე. თანაც ისე, რომ  ამ ორმა ფაქტორმა ხელი არ უნდა შეუშალოს ირანს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს აღმოსავლეთ საქართველოში.

სწორედ ირანის სამეფო კარის თანხმობით ერეკლე მეორე და მამამისი თეიმურაზ მეორე სამეფო გვირგვინს იდგამენ ქრისტიანული წესით. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს  ისტორიაში, რამდენადაც 1632 წლის შემდეგ 112  წლის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანი ხელისუფალი არ ჰყოლია.  

აშკარა გახლდათ, რომ ქართლისა და კახეთის სახელმწიფოებრივობის აღდგენა დაკავშირებული იყო ირანის მმართველის სტრატეგიულ ინტერესებთან. ამ შემთხვევაში ირანის მმართველისა და ქართლისა და კახეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, რაც ცალსახად იმის დასტური იყო, რომ  ქართლისა და კახეთის სამეფოების დამოუკიდებლობა საგარეო ფაქტორზე, კონკრეტულად ირანის მმართველების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული და მას  სისტემური საფუძველი არ გააჩნდა. 

ირანის შაჰის, ნადერის გადმოსახედიდან ეს დროებით დათმობად მოიაზრება, ამ ნაბიჯს ის ირანის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე დგამს, ბუნებრივია, მისთვის ნაკლებად საინტერესოა სხვა რაკურსით ქართლი და კახეთი. ეს ის დროებითი ნაბიჯია, როცა ირანმა ძალები უნდა აღიდგინოს და შემდეგ საკუთარი სურვილისამებრ კვლავ მიხედოს ქართლისა და კახეთის ირანულ სამყაროსთან ინტეგრაციის საქმეს.

ბუნებრივია, ასეთი დათმობა გარკვეულწოლად დიდ რისკს შეიცავდა თავად ირანისათვის, თუმცა, ოსმალობის ხელახლა მობრუნება უფრო დიდ საშიშროებად ესახებოდა ირანის მბრძანებელს, შესაბამისად მან ქართული სამეფოების მხრიდან ნაკლები რისკი არჩია ოსმალთა მუდმივად გარანტირებულ აგრესიას.

მრავალრიცხოვანი ქართული თუ უცხოური წყაროებისა და საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების ანალიზის ფონზე აშკარად გამოჩნდა, რომ სპარსეთის შაჰის ნებით მეფედ კურთხეული ერეკლესა და თეიმურაზის პოზიციები არ იყო მყარი, რამდენადაც არ არსებობდა საერთაშორისო სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სისტემური თავდაცვის მექანიზმი. შესაბამისად, იწყება მამა-შვილის ფიქრი და ზრუნვა იმაზე, როგორ შექმნან ის სისტემურ მოდელი, რაც მათი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი გახდება.

როგორ ყალიბდებოდა ერეკლე მეორის პერიოდის უსაფრთხო სახელმწიფოებრივი პარადიგმები

თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორისათვის უმნიშვნელოვანესი მოტივაცია გახლდათ შემუშავებულიყო სახელმწიფოს საერთაშორისო თავდაცვის ისეთი მოდელი, რაც იქნებოდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ცალსახა პრევენცია, რაც  აბსოლუტურად გამორიცხავდა რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლის ნებაზე ყოფილიყო დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს არსებობა.

XVIII  ს-ის 50-იანი წლებიდან ბაგრატიონთა სამეფო კარზე აქტიურად იწყებენ ფიქრს უსაფრთხო კავკასიის მოდელირებაზე. ქართლისა და კახეთის მეფეები თეიმურაზი და ერეკლე კარგად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბის მცირე სახლმწიფო ვერ იქნება დაცული უცხო ქვეყნების შემოსევებისგან,  შესაბამისად, საკმაოდ მიზერულია იმის შანსი, რომ ამ მცირე გეოგრაფიულ არეალში სახელმწიფოებრივმა წარმონაქმნმა შესძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ამიტომაც აქტიურად იწყებენ ფიქრს კავკასიის მასშტაბით ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცის  მოწყობისათვის. 

თუმცა, მანამდე არსებული სამეფოების ეკონომიკური საფუძვლები უნდა ჩამოყალიბებულიყო, არც ამ მხრივ იყო სახარბიელო სიტუაცია. არც ქართლს და არც კახეთს არ ჰქონდა თავისი ეკონომიკა, მორღვეული იყო საგადასახადო და საბაჟო სისტება, არ იყო აღრიცხვა, რაც სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის იყო აუცილებელი, ჯარი ენთუზიაზმის ხარჯზე არსებობდა და საკმაოდ შორს იყო იმდროინდელი მსოფლიოს სტანდარტებისგან.

ერეკლე მეორის ეკონომიკური რეფორმების ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ მცირე ტერიტორიის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეული სხვა, უფრო დიდ  სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად განწირულია დაპყრობისათვის. დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გზა მცირე ტერიტორიის მქონე სახელმწიფოების გამსხვილება და უფრო დიდ სახალმწიფოდ ფორმირების პროცესი გახლდათ. ერეკლესა და თეიმურაზის შემთხვევაში იდეალური მოდელი ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს ფორმირების ვარიანტია. 

სწორედ ამ პრიზმიდან ჩანს საკმაოდ ნათლად როგორ უნდა გადარჩნენ და შეინარჩუნონ სახელმწიფოებრივი სტატუსი მცირე პოლიტიკურმა ერთეულებმა ქართლისა და კახეთის სამეფოებმა. ამ რეალობიდან იკვეთება ერეკლე მეორისა და თეიმურაზ მეორის საგარეო პოლიტიკის ორი უმთავრესი პარადიგმა, რომელიც სახელმწიფოს საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი გარანტი იქნება:

1. ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობა;

2. ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარება და მისი ჩართვა საერთაშორისო სისტემაში სრულფასოვანი წევრის სტატუსით. 

ეს ორი პარადიგმა მთავარი სამიზნე გახდება ერეკლე მეორის მმართველობის როგორც საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე შიდა კავკასიური პროცესების რეგულაციებისათვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×