ელზა პაპოშვილი
07.06.2022

მარნეულში 21 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს - გახრამავ მურადოვის გვამი დილით  ადგილობრივმა მწყემსმა  იპოვა. ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრების და მეზობლების ინფომაციით, იგი მოკლულია. ბოლო, ვინც 21 წლის ახალგაზრდა ნახა, მისი ბაბუაა. ის ამბობს, რომ მის შვილიშვილს ორშაბათს ღამის 3 საათზე  ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა, საუბრის შემდეგ კი ის სახლიდან გავიდა. სატელეფონო ზარის შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა. პოლიციამ  ის ქალაქის გარეუბანში იპოვა. რა მოხდა ადგილობრივებისთვის უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ბიჭი მოკლულია. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და მოტეხილობა აქვს.

პოლიცია ჯერჯერობით საქმეს 115-ე, თვითმკვლლეობის მუხლით იძიებს. თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ახლა პასუხი ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს. ბიჭის ბაბუა ამტკიცებს, რომ მას სუიციდის არანაირი  მიზეზი არ ჰქონდა და არც მსგავსი არაფერი ეტყობოდა. ის დღის განმავლობაში მშვენიერ ხასიათზე იყო. ამიტომ პოლიციას სატელეფონო ზარის ავტორის დადგენას სთხოვს და იმის გარკვევას, თუ ამ ზარის შემდეგ შუაღამისას სად წავიდა. 

გარდაცვლილის მშობლები საზღვარგარეთ იმყოფებიან, გარდაცვლილი ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.    

„პოლიცია ამტკიცებს, რომ ის ხიდიდან გადმოხტა, სიცოცხლე თითქოს თვითმკვლელობით დაასრულა. ესაა გამორიცხული, რადგანაც ბიჭს მსგავსი მიზეზი არ ჰქონდა. ბაბუა ამბობს, რომ მშვენიერ ხასიათზე იყო და არც არაფერი მომხდარა ისეთი, რის გამოც ამას იზამდა. 

მას ტელეფონზე ღამის 3 საათზე ვიღაცამ დაურეკა. ბაბუას საუბრის შინაარსი რომ არ გაეგო, ეზოში ჩავიდა და იქ ელაპარაკებოდა. ხოლო როცა საუბარი დაასრულა, სახლიდან გავიდა. ბაბუამ ჰკითხა სად მიდიხარო და უპასუხა - დაიძინე, მალე დავბრუნდებიო. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.  

დილის 6 საათზე კი  გვამი ქალაქგარეთ მწყემსმა იპოვა, ხიდის ქვეშ იყო. მას მოტეხილობა ფეხის და ხელის არეში აქვს. ვვარაუდობთ, რომ ის მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება გაითამაშეს. შესაძლოა ნაცემია და ხელ-ფეხი ამიტომ აქვს მოტეხილი. გაუგებარია თავი რატომ უნდა მოეკლა. მშვიდი და წყნარი ბიჭი იყო, პრობლემები არასდროს ჰქონია“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

მწყემსი კი, რომლმაც ახალგაზრდა იპოვა, ამბობს, რომ დილის 6 საათი იქნებოდა, როცა ის  ხიდის ქვეშ ნახა. დაინახა, რომ ვიღაც იწვა და როცა მიუახლოვდა, სისხლში ამოსვრილი ბიჭი ნახა. ის ამბობს, რომ ღამით არც ჩხუბის და არც ვარდნის ხმა არ გაუგია, ამიტომ ვერ ამბობს დაზუსტებით რა შეიძლება მომხდარიყო.    

„არ ვიცი რა მოხდა. ძალიან რთულია იმის თქმა, მოკლეს თუ თავი მოიკლა. შორიდან დავინახე, რომ ვიღაც იწვა. გამიკვირდა, ამ გამთენიისას ვინ უნდა ყოფილიყო. რომ მივუახლოვდი, ახალგაზარდა ბიჭი ვნახე, რომელიც სულ სისხლში იყო ამოსვრილი. შორიდანვე ეტყობოდა, რომ დაზიანებები ჰქონდა. მერე მეზობლებს დავუძახე, აქ ახლოს ვინც ცხოვრობენ და პოლიცია მეზობლის ქალმა გამოიძახა. აქვე ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ არც ჩხუბის და არც ვარდნის ხმა არ გამიგია. შესაძლო გვამი აქ მოიტანეს  და დატოვეს, გამორიცხული არაფერია“, - თქვა მწყემსმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×