მამუკა ნაცვალაძე
05.06.2022

ბოლო ხანს საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკა. გამოითქვა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები: ვისთვის ერეკლე მოღალატეა, ვისთვის - გმირი. პოზიციათა ასეთი პოლარიზაცია გამოწვეულია იმით, რომ საკითხი არაა შესწავლილი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო ისტორიული პროცესების გათვალისწინებით. 

პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ისტორიოგრაფია ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკის კვლევისას ჯერ კიდევ ვერ გასცდა რუსული საბჭოური ისტორიოგრაფიის მიერ საქართველოსთვის დადგენილ ტრადიციულ გეოგრაფიულ სამკუთხედს: რუსეთი - ირანი - ოსმალეთი, - აი ის არეალი, რომლის იქითაც საბჭოური ისტორიოგრაფიის მიხედვით, ქართველთათვის სამყარო აღარ არსებობს, შესაბამისად ამ არეალს იქით ჩვენ, ქართველთ „გვეკრძალება“ გახედვა. 

დღეს უკვე არავისთვის გახლავთ სიახლე, რომ მსოფლიო უფრო დიდი და გრანდიოზულია, ვიდრე რუსთა მიერ ჩვენთვის გამეტებული პოლიტიკური სამკუთხედი. შესაბამისად გამორჩეულად ოდიოზური სიტუაციაა ის, რომ გვიწევს მტკიცება - საქართველო მსოფლიოს პოლიტიკური პროცესების ორგანული ნაწილია და არა რუსული საბჭოური პოლიტიკური ორბიტის განუყოფელი შემადგენელი.

სწორედ ამ მსოფლიო ისტორიული პრიზმიდან დანახული ერეკლე მეორე ჩანს აბსოლუტურად სხვაგვარად. წერილების ციკლსაც, რომელსაც წინამდებარე სტატიით ვიწყებთ და რაც ჩვენი უახლოესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პოპულარული ვერსია გახლავთ, ასე დავარქვით: „სულ სხვა ერეკლე მეორე“.

რატომ ეზედმეტება პოსტსაბჭოთა ქართულ ისტორიოგრაფიას შვიდწლიანი ომი და ბერძნული პროექტი

წელიწადნახევარზე მეტია XVIII  ს-ის მეორე ნახევრის შესახებ ჩვენი სამეცნიერო სტატიები ინტენსიურად იბეჭდება ქართულ თუ უცხოურ სამეცნიერო გამოცემებში.  მთავარი კონცეფტუალური სიახლე, რომელიც სამეცნიერო წრეებს შევთავაზეთ, გახლავთ საკითხის მსოფლიო ისტორიულ ფონზე განხილვა. ერთი შეხედვით, საკმაოდ უჩვეულო და ამბიციური განაცხადია - თემა, რომელსაც რამდენიმე ასეული კვლევა მიეძღვნა საბჭოურ თუ პოსტსაბჭოურ ეპოქაში, საკითხი, რომელიც თითქოს ამომწურავად უნდა იყოს შესწავლილი,  არავის განუხილავს მსოფლიო ისტორიული პროცესის პრიზმაში.

თავად განსაჯეთ -  1756-1763 წლემში მიმდინარე შვიდწლიანმა ომმა, რომელსაც უინსტონ ჩერჩილი პირველ მსოფლიო ომს უწოდებს, და რომელმაც კარდინალური ცვლილებები შეიტანა მსოფლიო ისტორიულ პროცესში, საქართველოზე თურმე არანაირი გავლენა არ ჰქონია. შვიდწლიანი ომის შედეგებმა სათავე დაუდო თვისებრივად ახალ გლობალურ პროცესებს, მსოფლიოს ახალ  პოლიტიკურ კონფიგურაციას: მანამდე არსებულ ფრანგულ დომინანტს წერტილი დაუსვა და ბრიტანული დომინანტით ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე გრძელდება.  ინგლისურენოვანი ქვეყნების მართვის მეთოდებს დაეფუძვნა მსოფლიო წესრიგი, რომლის წარუმატებელი მოშლის მცდელობა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ამასვე ემსახურებოდა „ცივი ომი. 

ბუნებრივია, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - თუკი შვიდწლიანი ომის შედეგები შეეხო მთელს ევროპას, უფრო მეტიც, თუკი ამ ომმა სათავე დაუდო თვისებრივად ახალ მსოფლიო ისტორიულ პროცესს, რატომ აღმოჩნდა კავკასია და საქართველო მდგრადი ამ პროცესების მიმართ, მაშინ როცა ყველა დროის მსოფლიო ისტორიული პროცესი კავკასიასა და საქართველოზე ადექვატურად აისახა? 

ფაქტია, რომ შვიდწლიანი ომისა და საქართველოს ურთიერთმიმართების საკითხი არათუ მონოგრაფიის, არამედ, ერთი სტატიის დონეზეც კი ჩვენამდე არავის უკვლევია. არადა, იმ ტენდენციების გათვალისწინების გარეშე, რაც ამ უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დასახა, მეტვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის შესწავლა, მით უფრო შეფასება, ვერ იქნება სრულყოფილი და ადექვატური. 

შვიდწლიანი ომის პროდუქტია ბერძნული პროექტი - ოსმალეთის იმპერიის განეიტრალების რუსულ ავსტრიული მოდელი, რომელსაც, თუკი საბჭოური ხანის ქართულ ისტორიოგრაფიას დავუჯერებთ, საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდა. არადა, სამივე სახელმწიფოს, რომელიც ამ პროექტის უშუალო მონაწილეა, საქართველოსთან ინტენსიური ურთიერთობა და პოლიტიკური გეგმები აქვთ. ავსტრიის იმპერია მსოფლიოში ერთადერთი იმპერიაა, რომლის საგარეო პოლიტიკური მიზნები ოსმალეთთან მიმართებაში ბაგრატიონთა სამეფო კარის მიზნების ადექვატურია; რუსეთი დეკლარირებულად აცხადებს, რომ სურს საქართველოსა და კავკასიის დაპყრობა, რაც შეეხება ოსმალეთს, მას მიტაცებული აქვს ძირძველი ქართული ტერიტორიები - სამცხე, აჭარა, ტაო, ამას გარდა 1555 წლის ამასიის ზავის სისტემის შესაბამისად პრეტენზია გააჩნია მთლიანად დასავლეთ საქართველოზე.  

ოდიოზურია, ასეთი ფაქტობრივი რეალობისას, როცა რუსეთი საქართველოს დაპყრობას გეგმავს; ოსმალეთს ნახევარი საქართველო დაპყრობილი აქვს და ავსტრია ერთადერთი მეგობარი სახელმწიფოა და ოსმალეთს უპირისპირდება, ბერძნული პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელო პროექტად გამოაცხადო და მით უფრო ხსენების ღირსადაც არ ჩათვალო.

რა შანსს აძლევდა ერეკლე მეორეს „ბერძნული პროექტი“

საკმაოდ სახასიათო პარადიგმაა  - რუსეთის საგარეო პოლიტიკური მიზანი ჯერ კიდევ მეათე საუკუნიდან კონსტანტინოპოლის დაპყრობაა. კომიკურია, რომ ამგვარი ამბიცია უჩნდება ქვეყანას, რომელსაც საშინაო პრობლემები ვერ მოუგვარებია, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული სრულფასოვანი სახელმწიფოს სახით, შიდა ფეოდალური დაპირისპირებაა ისტორიის მთავარი ღერძი  და, რაც მთავარია, მსოფლიო ისტორიულ პროცესში მხოლოდ ფრაგმენტულად მონაწილეობს.

კავკასიის პრიზმიდან თუ შევხედავთ რუსეთის ამბიციას, ცალსახაა, რომ საქართველოსა და კავკასიის დაპყრობის გარეშე რუსეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობა და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაუფლება მხოლოდ ილუზიის სფეროსაც არ განეკუთვნება - ცალსახა აბსურდია. შესაბამისად, ნებისმიერი დეკლარირება რუსეთის მხრიდან კონსტანტინოპოლის დაპყრობის თაობაზე, ეს ამავდროულად კავკასიის დაპყრობის გადაწყვეტილებისა და სურვილის ოფიციალური განაცხადია.  

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად აზრს კარგავს რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა, წარმოუდგენელია, რა უნდა იყოს მოლაპარაკების თემა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც დეკლარირებულად საგარეო პოლიტიკის მთავარ კონცეფტუალურ პარადიგმად შენი ქვეყნის დაპყრობასა და დამორჩილებას მოიაზრებს?!

სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია შვიდწლიანი ომის შემდეგ. როცა XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან ევროპის გადანაწილების რუსულ-ავსტრიული პროექტი გახდა აქტუალური, სადაც კონცეფტუალურად იცვლება კონსტანტინოპოლისა და მისი მიმდებარე სივრცისადმი რუსეთის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც საუბარია არა კონსტანტინოპოლის, ასევე ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაპყრობასა და უშუალო შეერთებაზე, არამედ, ბუფერული სახელმწიფოების - ბიზანტიის იმპერიისა და დაკიის სამეფოს აღდგენაზე, შესაბამისად ერეკლეს უჩნდება რეალური შანსი რუსეთი დაიყოლიოს, რათა ორი ბუფერული ზონის გარდა, მისი მიმდებარე კიდევ ერთი ბუფერული სივრცე - ერთიანი კავკასია სცნოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად. 

ბერძნული პროექტი იმ გლობალურ სივრცეს ქმნის, რომელიც ფაქტობრივად რომის იმპერიის რეინკარნირებულ ფორმად შეიძლება ჩავთვალოთ. ამასთან, ეს ყველაფერი რუსეთის უშუალო მოკავშირისა და თანამოაზრის, ავსტრიის იმპერიის, როგორც საღვთო რომის იმპერიისა, ამავდროულად სახელმწიფოებრივ ინტერესებს ესადაგება. ავსტრიის იმპერატორი საღვთო რომის იმპერატორიცაა, ამ დროს ეს პოლიტიკური წარმონაქმნი უფუნქციო და ფიქტიურია, მისი ამოქმედება საკმაოდ დიდ უპირატესობას მოუტანს  ავსტრიას პრუსიასთან მიმართებაში, რაც მისთვის უპრინციპულესი საქმეა.

შესაბამისად, ამ ფონზე რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებას უკვე გააჩნია კონკრეტული აზრი და მიზანი, რომელიც თავად რუსეთის საგარეო პოლიტიკური კონცეფციის ყველა კონსტრუქციულ დეტალს ითვალისწინებს. ამ რეალობისას ჩნდება პერსპექტივა  ჩამოყალიბდეს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სამკუთხედი: ვენა-სანქტ-პეტერბურგი-ტიფლისი, რომელსაც აქვს რეალური პერსპექტივა განსაზღვროს და დააწესოს მისთვის სასურველი ევროპული წესრიგი.  

საგულისხმოა ისიც, რომ, ერეკლე რუსეთსა და ავსტრიას სთავაზობს მამამისის, თეიმურაზის მიერ შემუშავებული „სპარსული პროექტს“, რომელიც „ბერძნულ პროექტთან“ ერთად ქმნის უსაფრთხო ევროპისა და კავკასიის სისტემურ მოდელს.

ეს გლობალური სივრცე ერეკლე მეორეს და ავსტრიის იმპერიას თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის უნდათ, რუსეთის საიმპერატორო კარს - მსოფლიო ბატონობისთვის. აი აქ შორდება ერთი მხრივ ქართულ-ავსტრიული და მეორე მხრივ რუსული იმპერიული მიზნები და მისწრაფებები ერთმანეთს...

კითხვები, რომელზეც ქართულ ისტორიოგრაფიას პასუხი არ გააჩნია

XVIII ს-ის მეორე ნახევრის ისტორიული პროცესების სიღრმისეულმა შესწავლამ ცალსახად გვაჩვენა, რომ რუსულმა და საბჭოური ხანის ისტორიოგრაფიამ განსაკუთრებულად იზრუნა ერეკლე მეორის დისკრედიტაციისა და დისკრიმინაციისათვის. შეგნებულად იქნა ამოხეული საქართველოს ისტორიიდან ევროპული ურთიერთობის ამსახველი უამრავი ფურცელი, შედეგად დარჩა ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები, რომელიც უამრავ კითხვას ტოვებს, რასაც დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მარწუხებისგან საუკუნის მესამედია გათავისუფლდა, პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულმა ისტორიოგრაფიამ პასუხი ვერ მოუძებნა. არადა, უნდა გაირკვეს:

1. როგორ არის თავსებადი ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ ერეკლე აშენებს საკუთარი სამეფოს ეკონომიკურ ფუნდამენტს, იწყებს უამრავ ეკონომიკურ რეფორმას, მყარ ეკონომიკურ საფუძველს უქმნის სახელმწიფოებრიობას, ხოლო მეორე მხრივ, გეორგიევსკის ტრაქტატით უარს აცხადებს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელ მართვაზე - სახელმწიფოებრიობის უმთავრეს შემადგენელ ნაწილზე და ამ პრიორიტეტს რუსეთის იმპერიას უთმობს? 

2. რა იყო ის აღმატებული ფასეულობა, რომლის გამოც ერეკლეს უღირს შეგნებულად დათმოს საგარეო პოლიტიკის მართვის უმთავრესი სახელმწიფოებრივი მახასიათებელი რუსეთის სასარგებლოდ? 

3. დარჩა თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატის მძევლად ერეკლე, როგორც ამას წარმოგვიდგენს რუსული, საბჭოური ხანისა და პოსტსაბჭოური ქართული და რუსული ისტორიოგრაფია? 

4. ერეკლეს წარმოჩენა გეორგიევსკის ტრაქტატის მძევლად ხომ არ იყო ხელოვნური კონსტრუქტივიზმის შედეგი, რომელითაც საბჭოური ისტორიოგრაფია პატარა კახის ევროპასთან ურთიერთობების მიჩქმალვას ისახვდა მიზნად?

საბჭოური ხანის ისტორიოგრაფიამ განსაკუთრებულად იზრუნა იმისთვის, რომ ეს კითხვები აქტუალური არ ყოფილიყო, რამდენადაც ისეთი სურათი შექმნა, თითქოს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთსა და კავკასიის სახანოების იქით არასდროს ჰქონია სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის სურვილი. ყველაზე დიდ ისნპირაციას ის ფაქტი ქმნის, რომ როცა ჯერ 1785 წელს, შემდეგ 1787 წელს რუსეთი არღვევს გეორგიევსკის ტრაქტატს, ერეკლეს მაინც გეორიევსკის ტრაქტატის ერთგულად წარმოაჩენს და ამ გაურკვეველ აბსურდულ ტყვეობას ერთმორწმუნეობით ხსნის. მსგავსი შეფასება ცალსახად პრიმიტივიზმის ნიმუშია, რაც დღეს მეცნიერებისთვის სადავო არ უნდა იყოს. 

ჩვენი კვლევის შედეგები, საკითხის განხილვა ევროპის არქივებში დაცული დოკუმენტებისა და მსოფლიო ისტორიული პროცესების ფონზე, ბერძნული პროექტისა და მისი თანმდევი დოკუმენტის „პეტრე პირველის ანდერძის ფალსიფიცირებული ვერსიის“ კვლევა  უმწვავესი ფორმით ზემოთ დასმულ ყველა კითხვას სცემს კონკრეტულ პასუხს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოვლენების განხილვას მსოფლიო ისტორიული პროცესის ფონზე, ალტერნატივა არ გააჩნია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×