ელზა პაპოშვილი
05.06.2022

პოლონეთში სასტიკად მოკლული 27 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს, ქალის ოჯახი კი პოლონეთში დარჩენილი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარიც დაკავებულია, თუმცა ოჯახი ვერ ახერხებს სამი ბავშვის დაბრუნებას, რომლებიც პოლონეთში სოციალურმა სამსახურმა ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანა. მათი მონახულების უფლება დღეში ერთხელ მხოლოდ ბიძას, გოგა ყალიჩავას აქვს.  

ბავშვები სტრესში არიან და ფსიქოლოგიურად რთულ  მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი ბიძას სახლში წაყვანას სთხოვენ, პოლონეთის ხელისუფლება კი ბავშვების ქვეყნიდან გაყვანისათვის მამის თანხმობას ითხოვს. სიტუაცია ჩიხში შევიდა და რთული მდგომარეობის გამო ბიძა ბავშვების გამო ისევ პოლონეთში რჩება.         

რაც შეეხებე მომხდარ ამბავს, ოჯახის ახლობელები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ გოგონა საქართველოში ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტს ოჯახს უმალავდა, ხოლო პოლონეთში წასვლის  შემდეგ სიტუაცია იმდენად მძიმე გახდა, რომ მან ოჯახს დახმარება სთხოვა. სწორედ ოჯახმა შეუძინა ბილეთები, რომლითაც ის 11 ივნისს საქართველოში ბავშვებთან ერთად უნდა დაბრუნებულიყო. 

გამოძიების ინფორმაციით, როდესაც ამის შესახებ შეიტყო, მამაკაცმა ცოლს ჯერ სცემა, შემდეგ ტელეფონი ჩამოართვა და სახლში ჩაკეტა. მან ბავშვები სახლიდან ბაბუასთან წაიყვანა და უკან დაბრუნებულმა ცოლი სასტიკად მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა და თვითდაზიანებები მიიყენა.

„როზეტას ქმარი უკვე დაკავებულია. თავს მშვენივრად გრძნობს და არ მიუყენებია ისეთი ჭრილობები, რომ მომკვდარიყო. გოგო დაგვიჩეხა და ახლა პასუხი უნდა აგოს. 

„ოჯახმა აქამდე არ იცოდა, ასეთი მძიმე  სიტუაცია რომ იყო. პოლონეთში წასვლის შემდეგ მდგომარეობა  უფრო დამძიმდა. როზეტამ  ვეღარ მოითმინა და ოჯახს ყველაფერი მოუყვა. სწორედ მშობლებმა უყიდეს ბილეთი და ის ქვეყანაში ბავშვებთან ერთად უნად დაბრუნებულიყო. აქედან „საფარიც“ კი ჩაერთო და მათ პოლონეთში პოლიცია გამოიძახეს. 

„მიუხედავად ამისა, იქაურმა პოლიციამ  გულგრილობა გამოიჩინა. სასტიკად ნაცემი გოგო  ხომ დაინახეს, იმის ნაცვლად, რომ ეს ნაძირალა დაეკავებინათ, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ახლა კი ბავშვებს აღარ გვაძლევენ. 

„ყველას უმორჩილესად  ვთხოვთ, ვისაც ეს საკითხი ეხება, დაგვეხმარონ. საელჩოს ვემუდარებით, რომ ბავშვების გამოხსნაში გვერდით დაგვიდგნენ. ობოლთა თავშესაფარში ჰყავთ სამივე გადაყვანილი. მათ  მხოლოდ ბიძა დღეში ერთხელ ნახულობს. წამოყვანის უფლებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ ამის უფლება მამამ უნდა მისცეთ. არ ვიცით, რა არის საჭირო, იქნებ საელჩო გვერდით დაგვიდგეს“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×