ელზა პაპოშვილი
03.06.2022

თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა ხელთარსებული დანით მისსავე თანატოლისთვის გულმკერდის და მუცლის არეში ორჯერ დარტყმით სცადა განზრახ მკვლელობა. თუმცა, მისი ადვოკატი ბრლდებას უარყოფს და ამბობს, რომ მოზარდს ამ დანაშაულთან შემხებლობა არა აქვს. 

მე-10 კლასელ ბიჭს მისივე თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, სამი დღის წინ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. მძიმედ დაჭრილი მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.  მას ზურგში და მუცელში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. მის გადარჩენას მედიკოსები რამდენიმე საათი ცდილობდნენ. 

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ გამოძიებისთვის კარგად ცნობილია ჩხუბის დროს დანა ვინ მიიტანა და სისხლიანი ტანსაცმელი ვის ეცვა, მიუხედავად ამისა, ბრალდებული მაინც მისი დაცვის ქვეშ მყოფია. 

"ნამდვილად არ აღმოჩნდა ის საკმარისი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რის საფუძველზეც შეიძლებოდა ასეთი დასკვნის გაკეთება. წინააღმდეგობრივი გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული. გამოძიებით ცნობილია, თუ ვინ მიიტანა დანა შემთხვევის ადგილზე, ვის ჰქონდა ჩხუბის დროს დანა, ვის ეცვა შემდგომ სისხლიანი ტანსაცმელი. 

პოზიცია არის ის, რომ ამ ბავშვს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, არანაირი გირაო და არანაირი აღმკვეთის ღონისძიება მას არ უნდა შეეფარდოს და უნდა დარჩეს აღმკვეთის ღონისძიების გარეშე - ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა სასამართლოზე," - აცხადებს ადვოკატი.

პროკურორ ბაქარ შიოშვილის თქმით, პროკურატურა, სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მკვლელობის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა. პროკურატურა, ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - განაცხადა პროკურორმა.   

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი თბილისის საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა. 

„საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 30 მაისს, თბილისში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ხელთარსებული დანის გულმკერდის და მუცლის არეებში ორჯერ დარტყმით სცადა 15 წლის ლ.ა.-ის განზრახ მკვლელობა, თუმცა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×