ელზა პაპოშვილი
26.05.2022

თბილისში, შანიძის ქუჩაზე 33 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში დაჭრეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს, მანამდე კი კამათისა და გინების ხმა ისმოდა. მათი ინფორმაციით, იმდენი გასროლის ხმა იყო, დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა. 

ხმის შეწყვეტის შემდეგ გარეთ გამოსულებს ადგილზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდათ. მას რამდენიმე ტყვია სხეულის სხვადასხვა არეში ჰქონდა მოხვედრილი.  ადილობრივებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მთელი ღამე ექსპერტ-კრიმინალისტები დაშავებულის, ბექა მახარაძის კუთვნილ ავტომობილში ნივთმტკიცებებს ეძებდნენ. როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილიდან 15 მასრაა ამოღებული. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი დაპირისპირების მიზეზი მათთვის უცნობია, თუმცა, ადასტურებენ, რომ დაჭრილი მამაკაცი ყოფილი პოლიციელია, რომელმაც უწყება ერთი წლის წინ დატოვა. 

„უკვე ვიწექით, როცა საშინელი ხმა გავიგონეთ. ჯერ გვეგონა, რომ ვიღაც ასაფეთქებელს ისროდა, მაგრამ თან ყვირილის, გინებისა და გაუჩერებელი სროლის ხმა გაგრძელდა. ასე გვეგონა, ერთმანეთს ესროდნენ. მხოლოდ ერთი მხრიდან არ ისროდნენ, უფრო ორმხრივი სროლა იყო. გამოვიძახე სასწრაფო, ერთი ადამიანი იყო დაჭრილი. მეზობელი იძახდა, მანამდე რაღაც ჩოჩქოლი იყოო, ეგ არ მესმოდა, მაგრამ სროლა იყო საშინელი. ძალიან ბევრი გასროლის ხმა გავიგონეთ. ადგილზე ავტომობილთან მხოლოდ ერთი დაჭრილი ახალგაზრდა დაგვხვდა. ახლა გავიგეთ, რომ ყოფილი პოლიციელია", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაჭრილი ბექა მახარაძეა, რომელსაც  ცეცხლსასროლი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, ჯერჯერობით, იდენტიფიცირებული არ არის.  ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებაში ორი პირი მონაწილეობდა.  საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დამნაშავეს პოლიცია ეძებს.    

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×