ია აბულაშვილი
20.05.2022

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ბრძოლის რა მეთოდებიც უნდა გამოიყენონ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტმა პარტიებმა, მათი რეანიმაცია ვეღარ მოხდება და დროა, პოლიტიკურად გაკოტრებულმა პარტიებმა ასპარეზი ახალ პოლიტიკურ ძალებს დაუთმონ.

ოპოზიცია ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ბრძოლას უცვლელი სტრატეგიით იწყებს - ისევ ერთობა და პარლამენტის დატოვება. „ნაცმოძრაობა" ფართომასშტაბიან კომპლექსურ აქციებს აანონსებს, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.

„ძალიან უნდათ, რომ გვარამიას საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და აქ ხელისუფლება არაფერ შუაშია. პროტესტის რა ფორმას აირჩევს გვარამია ციხეში, არ ვიცი, შეიძლება სააკაშვილივით შიმშილობა დაიწყოს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მხარდამჭერებმა მოითხოვონ მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ჩვევად ექცა ოპოზიციას ასეთი მოთხოვნები.

რაც შეეხება აქციებსა და ბოიკოტს, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა ოპოზიციის საქმე. მთელი ცხოვრება სიცრუეს ემსახურებიან „ნაცმოძრაობა" და მისი პარტიუკები, მიშა როგორც ეძახის დანარჩენ ოპოზიციას, ხან რომ შედიან და ხან გამოდიან პარლამენტიდან. საქმეს ეგენი არ აკეთებენ და დიდი ტრაგედია არც ახლა იქნება, პარლამენტს თუ დატოვებენ. ისე უყვართ ფული და პოპულარობა, რომ არ მგონია, ბოიკოტი გამოაცხადონ, ჭიჭე ვაშაძე ნამდვილად არ დატოვებს პარლამენტს, თანაც მერამდენედ უნდა იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში?

ნიკა მელიას შემოგდებულ თემასაც არ უწერია დიდი დღე - „მოლდოვური მოდელი" უნდა დავნერგო საქართველოშიო. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარეთ გარბოდაო, ემიგრანტებმა არ იციან, ვინ არიან ოპოზიციაში და რა შეუძლიათ? გუბაზის, ხატიას, ნიკას ვინ მისცემს ხმას მომავალ არჩევნებში? „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიების რეანიმაცია ვეღარ მოხდება და დროა, ასპარეზი ახალ პოლიტიკურ ძალებს დაუთმონ," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×