ელზა პაპოშვილი
19.05.2022

პოლიციამ თბილისში, აჭარაში, იმერეთში და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა, 7-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

ბრალდებულები „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ამ „გარჩევებზე“ მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ კი გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთი მოდავე მხარის და თავის სასარგებლოდ მეორე მხარეს განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გასვლის შემდეგ კი საჯარიმო გადასახადს სთხოვდნენ.  

შსს-მ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც, უწყების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების საუბარი ისმის. ბრალდებულები სხვადასხვა პირისგან თანხას ითხოვენ, ასევე, ერთ-ერთი მათგანი ჰყვება არაადამიანური მოპყრობის შესახებაც.  

„მე ვუყვიროდი, მოიჭერი ყური და გადაყლაპე, შენი დედა.... ვხედავდი, ყური როგორ მოიჭრა და როგორ გადაყლაპა,“ - ამბობს ჩანაწერში მ.გ., რომელსაც, შსს-ს ინფორმაციით, ბრალი „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის წარედგინა. 

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 44 წლის რ.კ., 30 წლის ბ.ზ., 29 წლის ზ.ც. და 51 წლის გ.ა., „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით კი დააკავეს 38 წლის ნ.კ., 52 წლის ი.მ., 29 წლის თ.ბ. და 36 წლის ჯ.ს.

ამავე დროს 42 წლის ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 50 წლის თ.გ.-ს (მეტსახელად „თემო სოხუმსკი“) - „კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 38 წლის მ.გ.-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 38 წლის ვ. ჩ.-ს და 31 წლის დ. უ.-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, 43 წლის დ. წ.-ს - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 35 წლის კ.ტ.-ს (მეტსახელად „ენცო“) და 52 წლის თ.ხ.-ს (მეტსახელად „ჭინკა“) – „კანონიერი ქურდობისთვის“.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×