რეზონანსი
17.05.2022

პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამოთქვავენ მოსაზრებას, რომ კოვიდ-19 გლობალურად კიდევ 5 წელია იარსებს. საერთაშორისო სამეცნიერო საბჭამომ (ISC) გამოაქვეყნა ახალი მოხსენება, რომელშიც განხილულია სამი მოსალოდნელი სცენარი, რომელიც შესაძლოა 2027 წლამდე განვითარდეს. 

მოხსენება დაწერილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვირუსოლოგიის, ქცევითი მეცნიერების, ეთიკის, ეკონიმიკისა და სოციოლოგიის 20 ექსპერტისგან შემდგარი კომიტეტის მიერ.

„მთავრობებმა უნდა აღიარონ, რომ პანდემიის მრავალი შედეგი სწრაფად ვერ აღმოიფხვრება. არ უნდა დაიჟინონ, რომ კრიზისი დასრულებულია მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილიანობა შემცირდა. მრავალი მოქალაქისთვის კიდევ მრავალ წელს იქნება სირთულეები და გამოწვევები“, - წერია მოხსენებაში.

კვლევის ავტორთა აზრით, მოვლენების განვითარება მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის რა რაოდენობა იქნება აცრილი. მათი სცენარებიც სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვითაა დაყოფილი.

პირველი სცენარი - 80%-ზე მეტი აცრილი

მეცნიერების თქმით, იმისთვის, რომ ადამიანთა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღარ დადგეს და შევამციროთ სხვა ახალი შტამების გამოჩენის ალბათობა აუცილებელია მთელი მსოფლიოს მაშტაბით კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სრულიად ვაქცინირებულ ზრდასრულთა რაოდენობა 61%-დან 80%-მდე გავზარდოთ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვლენები ამ პოზიტიური სცენარით განვითარდა, კოვიდ-19 არ გაქრება, მაგრამ გავრცელების ტენდეცია მართვადი გახდება. 

ასეთი სცენარის მიხედვით, მნიშნელოვნად შემცირდება კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენის რისკი და მრავალი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება.

მეორე სცენარი - როცა აცრილთა რაოდენობა 70%-ზე ნაკლებია

სპეციალისტების აზრით, დღეს არსებული ტენდენცია მიუთითებს, რომ ვაქცინაციის მაჩვნებელი მთელი მსოფლიოს მაშტაბით 70%-ს არ აცდება. ხოლო თუ ეს მაჩვენებელი არ გაიზარდა, კორონავირუსი ენდემური დაავადება გახდება და ექნება სეზონური „აფეთქებები“, რაც მრავალ ქვეყანაში გადატვირთავს საავადმყოფოებს და საჭიროს გახდის ვაქცინების განახლებას და ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენებას.

ამ სცენარში სპეციალისტები არ გამორიცხავენ ახალი შტამების გამოჩენასაც.

მესამე სცენარი - 60%-ზე ნაკლები აცრილი

ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება მაშინ თუ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მაშტაბით აცრილი იქნება მოსახლეობის 60%-ზე ნაკლები, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებს კვლავ შეზღუდული წვდომა ექნებათ ვაქცინებსა და ანტივირუსულ მედიკამენტებზე. 

„შედეგად, კოვიდ-19 დიდწილად უკონტროლო დარჩება, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მძიმე რეციდივებით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

რა ელის საქართველოს, სადაც აცრილია მხოლოდ 44%

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული 16 მაისის მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 888 762 აცრა. აქედან  მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 367 737 ადამიანი, სრულად ვაქცინირებულია 1 265 920 ადამიანი და ბუსტერ დოზით აცრილია 251 369 ადამიანი. ამავე წყაროს ცნობით, საქართველოში სრულად აცრილი ზრდასრული მოსახლეობის 44%.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხსენებული პროგნოზები გაზვიადებული ჩანს და მომავალს უფრო მუქ ფერებში ხატავს, ვიდრე რეალურად მოსალოდნელია.

„საქართველოს შემთხვევაში არ მგონია ისეთი დიდი აფეთქებები იყოს, რომ უკუნტროლო სიტუაცია შეიქმნას და ეპიდემიოლოგიურად მძიმე სიტუაცია ისევ განახლდეს. მეცნირების ვარიანტების თანახმად, თუკი მსოფლიოში კიდევ გამოჩნდება ახალი შტამი, საქართველოში იგი მარტივად გავრცელდება. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შტამი იქნება, რამდენად მარტივად გავრცელდება და რა სირთულის. ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, რადგან ამ რეალობის წინაშე არ ვდგავართ. 

„იმისთვის, რომ ნავარაუდებული პროგნოზი არ განვითარდეს და საქართველოში უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნას, აუცილებელია ადამიანთა მასიური ვაქცინაცია. ჩვენ ყოველთვის უნდა ველოდოთ ცუდს, რომ მივიღოთ კარგი. ამასთანავე, საქართველოში ხალხი დაიღალა პირბადის ტარებითა და სახლში ჯდომით და შემცირდა ვაქცინაციის ტემპიც. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ამცირებს უკონტროლო სიტუაციას, მგონია, რომ რთულია დააჯერო არათუ მოქალაქეები, არამედ ექიმებიც, რომ ვაქცინა მუშაობს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა გადადებისდგან კი არა, არამედ სიკვდილიანობისგან გვიცავს და ვირუსის მარტივად გადატანაში გვეხმარება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ნინო შატბერაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×