ელზა პაპოშვილი
15.05.2022

რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს.  თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა  „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა. შემთხვევა ბათუმის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მოხდა. ადგილობრივი მცხოვრები სახურავზე  საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა და მამაკაცის ცხედარი ნახა. მან ამის შესახებ პოლიციას აცნობა. ადგილზე მოსულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და პოლიციას მამაკაცი დიდი  ხნის გარდაცვლილი დახვდათ. 

ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის გაუჩინარებული ადამიანის ცხედარი იყო. როგორც გაირკვა, 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია, რომელიც ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ გაარკვევს რა გახდა კაცის გარდაცვალების მიზეზი - უბედური შემთხვევა, თვითმკვლელობა თუ მკვლელობა.  

„საშინელი ფაქტის მომსწრენი გავხდით. ეს მეზობელი რომ არ ასულიყო და რაღაც პრობლემის გამო კორპუსის სახურავი არ დაეთვალიერებინა, ის საწყალი იქ კიდევ კარგა ხანს იქნებოდა. თურმე ოჯახი ეძებდა და  უკვე თვეებია დაკარგულად არის გამოცხადებული. 

„აქ საიდან მოხვდა და რატომ ამოვიდა ზემოთ, არავინ იცის. დამნახი არავინაა. სხეული ამდენი ხნის შემდეგ იმდენად არის დაზიანებული, ძლივს იცნეს. შესაძლოა მკვლელობაც არის და მერე აქ ამოიტანეს. ან აქ მოკლეს და დატოვეს. არც ისაა გამორიცხული, რომ თავი მოიკლა, მაგრამ რატომ მაინც და მაინც აქ? თან ისე, რომ მისი კვალი თვეების განმავლობაში გაუჩინარებულია. 

„ძალიან უცნაური ამბავია. ალბათ პოლიცია გამოიძიებს და ექსპერტიზის პასუხითაც რაღაცა დასკვნამდე მივა. ოჯახიც გაოცებულია იქ როგორ მოხდა და რა მიზნით შეიძლება  ასულიყო“, - ყვება „რეზონანსთან“ ადგილობრივი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×