თეონა ვეშაგური
12.05.2022

„როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პირველად საუბრობს. იგი დეტალურად აღწერს იმ საკითხებს, რის გარშემოც გაჩნდა პრობლემები საქართველოში პანდემიის ჩაწყნერების შემდეგ და ასახელებს გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების მიზეზებსაც.

„კლინიკური მართვის ხარვეზებზე კამათი და დისკუსია ბევრჯერ იყო, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ისეთი დონის მიზეზი, რომ თანამდებობიდან წასვლაზე გამეკეთებინა განცხადება. მრავალი წელია, რაც ექიმად ვმუშაობ. ვიცი, რომ ცხოვრებას უსამართლო ბრალდებების, ცილისწამების და რთული მომენტების გარეშე ვერ გაივლი. ამ შემთხვევაში, ბრალდება იმდენად უსაფუძვლო და უზნეო იყო, რომ ყველა „წითელი ხაზი" გადაკვეთა, საღ აზრს იყო აცილებული და რაღაც მომენტში, კონტროლი დავკარგე. ჩემი კრიტიკის მთავარი ადრესატი იყო გაზეთი „რეზონანსი" და მასში გამოქვეყნებული, ზვიად ტომარაძის ინტერვიუ, ამასთან, მისი მიმდევრების კომენტარი. ძალიან მძიმე ბრალდება იყო, რომ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ, ე.წ. სამმა მუშკეტერმა მილიარდი ლარი მივითვისეთ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სიცოცხლეში ერთი ლარიც კი არ ამიღია არაკანონიერად, პაციენტისგან ერთხელაც კი არ ამიღია ჰონორარი!" - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან".

„როდესაც ჩვენ მილიარდის გაფლანგვას გვაბრალებენ, ამას საფუძველი თუ არა, ეჭვი მაინც უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ადამიანებმა, მთელი პანდემიის სიმძიმე საკუთარ კისერზე გადავიტანეთ, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალური ყოფილიყო. უამრავი ადამიანი გვყავს გადარჩენილი. ბრალს იმაში კი არ გვდებენ, რომ პაციენტებს ცუდად ვმკურნალობდით, გვაბრალებენ, რომ პაციენტები კლინიკებში ჩავხოცეთ! ტომარაძე და მისი მიმდევრები მოითხოვდნენ, რომ არათუ დავესაჯეთ, არამედ დავეხოცეთ, საფლავში ჩაგვდონ არა ჩვეულებრივი გზით, არამედ - წამებით. ეს ყოფილა მარგინალური კატეგორია, ბნელეთის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, დაარწმუნონ ადამიანები, რომ ქვეყანაში საშინელება ხდება, ექიმები შეგნებულად კლავენ ადამიანებს, მილიარდს ფლანგავენ.

„ასევე, ამბობენ, რომ კოვიდი არ არსებობს. ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენს ეს კატეგორია. საზოგადოების უმეტესი ჯანსაღი ნაწილისგან მივიღე რჩევა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს ყურადღება არ უნდა მივაქციო", - განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებაზე და განმარტა, რომ მისი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფომ 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაიხადა.

„გარდა ამისა, ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა, მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა. მაშინ, როდესაც მინისტრმა მილიარდის და ცარიელი საწოლების თემა გააჟღერა, არ განმარტა, თუ ვინ იყო ბრალდების ადრესატი, არ განმარტა, სად წავიდა ეს მილიარდი - საქმეში დაიხარჯა, თუ გაიფლანგა. ჯერ არ იყო დასრულებული კვლევა იმისთვის, რომ ეთქვა, კონკრეტულად ვინ და როგორ დახარჯა. ამ ყველაფრის წინასწარ გაჟღერებით ინსინუაციების საბაბი მისცა ტომარაძეს და მსგავს ადამიანებს. როდესაც გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, როდესაც მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მისი განცხადების შემდეგ ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისივე თქმით, თუ არ ჩათვლის იმ უზუსტობებს რაც მის მიერ გამოითქვა ჯანდაცვის სფეროსადმი, მხარს უჭერს მის ბევრ წამოწყებას.

„კომუნიკაცია იყო. მე მინისტრთან არც მანამდე და არც შემდეგ სერიოზული უთანხმოება არ მქონია, პირიქით თანამოაზრეები ვიყავით. მას გვერდში ვედექი ყველა დიდ წამოწყებაში და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. მე მაინც დამრჩა ხინჯი, კერძოდ, რატომ გააკეთა მინისტრმა განცხადება დაზუსტების და ზუსტი ადრესატის მინიშნების გარეშე? მინისტრიც ადამიანია. მე არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომეწონა, რაც მან თქვა.

თუ არ ჩავთვლით, მინისტრის ბოლო გამონათქვამებში არსებულ უზუსტობებს, რომელიც სამწუხაროდ, ინსინუაციების მიზეზი გახდა, ყველა მის წამოწყებას დადებითად ვაფასებ, უფრო მეტიც, მე მხარდამჭერი და ბევრი მის მიერ გაკეთებული წამოწყების უშუალო მონაწილე ვიყავი. მინისტრის მხრიდან ძალიან დიდი წამოწყებაა მედიკამენტების გაიაფება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რაციონალიზაცია, ხარჯეფექტური პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერში მხარი არ დავუჭირო? ყველაფერში გვერდში ვედექი და დავუდგები, თუმცა მისი ცალკეული გამონათქვამები მიუღებელი იყო", - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში, ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც კლინიკების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას შეეხება.

„დიახ, კლინიკებმა ერთი მილიარდი ლარი, მილიონ 655 ათასი კოვიდპაციენტის მკურნალობისთვის და მოვლისთვის მიიღეს, მათ შორის, 250 ათასი ჰოსპიტალიზებული პაციენტის მოვლისთვის. ერთ პაციენტზე გადათვლით სულაც არ გამოდის ბევრი. უცხოეთის ქვეყნებში გაცილებით მეტი დაიხარჯა. მილიარდი ლარი ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტი დაიხარჯა.

„კოვიდპანდემია დიდი უბედურება იმიტომ იყო, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი ზარალი მოიტანა - მილიარდობით ზარალი მოიტანა. რაც შეეხება, საკითხს, იყო თუ არა, არამიზნობრივი ხარჯვა, მითვისება, ან გაფლანგვა, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს. შესაძლოა, იყო. როდესაც ასეთი დიდი საქმეები კეთდება, ყოველთვის არის გადაცდომები.

„ფინანსურ დარღვევებს ზოგადად ვერ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ცალკეულ კლინიკაში ყოფილიყო. ეს საფუძვლიანად გამოკვლეული და არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი სამსჯავროზე გამოტანილი.

„რაც შეეხება პაციენტების რაოდენობის ხელოვნურ ზრდას, კატეგორიულად არ ვეთანხმები. კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნური ზრდა ქვეყანაში ვერ მოხდებოდა! დადებითი პასუხი რამდენიმე ელექტრონულ ბაზაში იყო ასახული, შემდეგ კი ჯანმოს და CDC-ს გადაეცემოდა. როგორ შეიძლება, აქ ხელოვნურად გაზრდილიყო ავადმყოფების რაოდენობა?! - ეს შეუძლებელი იყო. ამასთან, როდესაც კოვიდპაციენტების რაოდენობის ხელოვნურ გაზრდაზე საუბრობენ, გულისხმობენ ჰოსპიტალიზებული პაციენტების გაზრდას, მაგრამ ესეც არ იყო.

„საქართველოში მილიონ 655 ათასი ავადმყოფი იყო კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული კი 15%, ეს მსოფლიოს სტანდარტებით „ოქროს შუალედია". ჩვენთან ჭარბი ჰოსპიტალიზაცია არ ყოფილა. ამასთან, ვერ გამოვრიცხავ ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც თუ შეიძლებოდა პაციენტი 10 დღეში გაეწერათ, 10-15 დღეში წერდნენ. ეს არ ნიშნავს კოვიდპაციენტების რაოდენობის ზრდას, ეს საწოლდღეების ზრდას ნიშნავს. ეს ძალიან რთული და სენსიტიური საკითხია, ვინ განსაზღვრა 200 კლინიკაში რომელი ავადმყოფის 2-3 დღით მეტად დატოვება, სწორი იყო, თუ არასწორი? ეს ინდივიდუალურად წყდება. ძალიან მძიმეა იმის მტკიცება, ან უარყოფა, რომ რომელიმე ავადმყოფი ხელოვნურად იყო დიდი ხანი დაყოვნებული. სამინისტროში ჯგუფი გვქონდა შექმნილი, სადაც მარინა ეზუგბაია მონაწილეობდა. ძალიან კომპეტენტური და პრინციპული ადამიანების ჯგუფი პიკის პერიოდში ყველა კლინიკაში დადიოდა და მკაცრად აკონტროლებდა გაწერას.

„რაც შეხება ცარიელ საწოლებს, ერთ-ერთია, რაშიც არ ვეთანხმები მინისტრის შეფასებებს. გახსოვთ, რა წნეხი იყო. მოსახლეობის მხრიდან ისმოდა: „გაქვთ, თუ არა საკმარისი საწოლები?!, პიკის პერიოდში, როდესაც 20-30 ათასი ავადმყოფი გყავს, რეზერვი არის?!". გმირობა იყო, როდესაც სამინისტრომ მოახერხა თავისუფალი საწოლების რეზერვის მობილიზება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებაა და არა დანაშაული. ახლა, როდესაც დღეში ინფიცირების 100 შემთხვევაა, ადვილი სათქმელია - რაში გვინდოდა ცარიელი საწოლები? როდესაც დღიურად 30 ათასი შემთხვევა გვქონდა და 230 ათასი აქტიური ინფიცირებული იყო, თავისუფალ საწოლს ოქროს ფასი ჰქონდა.

„მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ჯანდაცვამ კრიტიკა დაიმსახურა, რათა ვერ მოახერხეს საწოლების მობილიზება. ეს ჩვენთანაც არ იყო იოლი, მითუმეტეს, როდესაც ჯანდაცვის საწოლების 90% კერძო სექტორის არის. გასაგებია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ფული ეხარჯებოდა. პიკის პერიოდში 7500 ავადმყოფი გვყავდა და 9 000 საწოლი იყო მობილიზებული. ვფიქრობდით, რომ ეს კიდევ ცოტა იყო. მაშინ, ნემსებზე ვისხედით! კოვიდპაციენტის კლინიკაში მოთავსება სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო. იხვეწებოდნენ ადგილების გათავისუფლებაზე. ინფექციურ საავადმყოფოში ყოველთვიურად 80%-ზე მეტი იყო დაკავებული", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯანდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები ექიმებსა და ექთნებთან არ მიდიოდა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსგავსი რამ მათი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია და „ძალიანაც რომ სდომოდა, მილიარდს კი არა, 1000 ლარს ვერ მიითვისებდა".

ამასთან, ცერცვაძის შეფასებით, საქართველოს ჯანდაცვის გაიდლაინები და პროტოკოლი ყველა ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში.

„მკრეხელობაა იმის თქმა, რომ ქაოსი იყო, ღმერთი უნდა სწამდეს ადამიანს, რომ ეს არ თქვას. საქართველოს გარდა, ყველგან ქაოსი და კოლაფსი იყო. ექიმის გარეშე არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა, პაციენტებს უმაღლესი სტანდარტებით ვმკურნალობთ. არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა ვინმე დაზარალდა ექიმის, საწოლების, ჟანგბადის, სუნთქვის აპარატის, ან უახლესი მედიკამენტების ნაკლებობის გამო", - განაცხადა მან.

ის ასევე, ვერ ხედავს პანდემიის მართვის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს და შეცდომებს. ამასთან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ზოგადად, პანდემიის თვალსაზრისით ახლა შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „პანდემია არ დასრულებულა, თუმცა სტაბილიზაციის პერიოდი გვაქვს".

მან პრეპარატი „პაქსლოვიდიც" ახსენა. როგორც ცერცვაძე განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის გამოყენების შესახებ პირველად სამედიცინო რგოლთან საფუძვლიანი ტრენინგები უნდა ჩაატაროს, რადგან „ზოგმა ექიმმა მისი სიკეთე არ იცის და ფრთხილობენ". მისივე თქმით, „პაქსლოვიდი" კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკებს 89%-ით ამცირებს".

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×