ელზა პაპოშვილი
04.04.2022

თბილისში ლაგუნა ვერასთან მომხდარი მკვლელობა გახსნილია, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 5 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაში სიტყვიერი კამათი დაიწყო დაახლოებით 20-მდე პირს შორის. მოგვიანებით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

მიღებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა 2 პირი, დაიჭრა 5 პირი. დაკავებულებს განზრახ მკვლელობაში, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. არაოფიციალური ვერსიით, მომხდარი სავარაუდოდ, ე.წ. კანონიერ ქურდებს და მათი ბიზნეს ინტერესების ირგვლივ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

დაჭრილები საავადმყოფოში თავად მივიდნენ. ჭრილობები მათ ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. 

სწორედ ისინი იქნებიან მთავარი მოწმეები გამოძიების ეტაპზე. ის პირები, რომლებიც ამ კონფლიქტის სათავეში დგანან, საქართველოში არ იმყოფებიან, საუბარია ორ ე.წ. კანონიერ ქურდზე. 

მოკლულები არიან  კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე. ახლომდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღის ხმა გაიგეს და დაინახეს, როგორ ეხმარებოდნენ სასწრაფოს ექიმები დაშავებულებს. 

მათი თქმით, კრიმინალური გარჩევის სავარაუდო მოტივად ე.წ. ავტორიტეტებს შორის ბიზნეს ინტერესები სახელდება, დაპირისპირებულ მხარეებად კი ე.წ. კანონიერი ქურდები - ლევან მარღია და ირაკლი ყალიჩავა, იგივე იკა გალსკი. ეს უკანასკნელი ტაქსის მძღოლების რეკეტის საქმეში ფიგურირებს. 

მასთან დაახლოებული პირები თბილისის აეროპორტში ტაქსის მძღოლებს ე.წ. ობშიაკისთვის ფულს სძალავდნენ. გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში ყალიჩავას ინტერესებს იცავდა კიდევ ერთი კრიმინალური წარსულის მქონე პირი, ხვიჩა ცხაკაია. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცხაკაია ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და საპატიმრო 2012 წელს დატოვა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ხვიჩა ცხაკაიას ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანა არ დაუტოვებია.  

„ე.წ. კანონიერი ქურდები სისხლიან გარჩევაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობდნენ. ესენი არიან ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად "ხუტუ" და ლევან მარღია, იგივე "ლევა ზუგდიდსკი". 

ჩხუბში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ერთმანეთს სროლა დაუწყეს. ეს იყო ორმხრივი სროლა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. 

დაპირისპირების მოტივი კი ე.წ. ქოლცენტრების საქმე გახდა. ალაბთ ყველას კარგად ახსოვს ქოლცენტრები, საიდანაც ევროპაში მცხოვრებ პენსიონერებს ფულს სძალავენ. რა ვერ გაიყვეს და რაზე დაობდნენ ალბათ ამ ადამიანებმა იციან. როგორც ამბობენ, ეს 5 პირი დაჭრილი საავადმყოფოში თავად მივიდნენ. შესაძლოა დაკავებულთა წრეც გაიზარდოს“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი წყარო.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×