თამთა ჩაჩანიძე
29.03.2022

ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქება დაიწყო. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროპასა და მათ შორის საქართველოშიც პანდემია პრაქტიკულად დასრულდა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აზიაში „ომიკრონის" ფართომასშტაბიანი გავრცელება ის მეექვსე ტალღაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ევროპასა და საქართველოში იყო და აზიამდე მხოლოდ ახლა მიაღწია. თუმცაღა, მისი თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, ახალი აფეთქების შედეგად ახალი შტამები გამოჩნდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქ შანხაიში „ლოქდაუნი" გამოცხადდა. ქალაქის მცხოვრებლები ვალდებული არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი საჭიროების გარდა, სხვა მიზეზით ქუჩაში არ გავიდნენ.

როგორც „როიტერსი" წერს, შანხაიში კორონავირუსით დაინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 30 მარტს 4 400-ს გადააჭარბა. ჩინეთის ხელისუფლება კი ცდილობს კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღა შეაჩეროს და ის ქვეყნის სხვა პროვინციებში არ გავრცელდეს. მანამდე ქალაქში ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. მკაცრი „ლოქდაუნი" შანხაიში პარასკევის ჩათვლით იმოქმედებს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ჩინეთში ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესების მიზეზებზე საუბრობს.

„ომიკრონის" გავრცელება სამხრეთ აფრიკიდან დაიწყო, შემდეგ მოჰყვა დასავლეთ ევროპა, ჩვენი რეგიონი და საქართველო. აზიაში კი ცოტა მოგვიანებით გავრცელდა. ამიტომაც აზიაში ახლა ის პიკია, რომელიც ჩვენთან იყო. უბრალოდ, იქ „ომიკრონის" ფართომასშტაბიანი გავრცელება ერთი თვით გვიან მოხდა და სხვადასხვა აზიურ ქვეყნებში ეპიდსიტუიაციის გაუარესება, დიდი ალბათობით, ამასთანაა დაკავშირებული.

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეუძლია კოვიდს „კუდი მოიქნიოს" და ჩვენთან ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდეს, ამის თეორიული რისკები არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინირებული არაა. ასევე „ომიკრონის" გადატანის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ხანგრძლივი არაა და შესაძლოა, რომ რეინფიცირება მოხდეს, ანუ ადამიანი, რომელიც „ომიკრონი" რამდენიმე თვის წინ გადაიტანა, ხელმეორედ დაინფიცირდეს.

„აქედან გამომდინარე არის რისკები, რომ გაჩნდეს ახალი ტალღა. არა ისეთი მასშტაბური, როგორიც თვენახევრის წინ იყო, მაგრამ მაინც ეპიდსიტუაციის გარკვეულწილად გაუარესდეს", - განაცხადა გოგინავამ.

კითხვაზე რამდენად დიდია რისკი, რომ ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, როგორიც ჩინეთია, ახალი აფეთქების შედეგად ახალი შტამები წამოვიდეს, გოგინავამ განაცხადა, რომ საფრთხე არის, რადგან ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ზუსტად ასეთ სიტუაციაში მოხდა.

„სამწუხაროდ, ახალი შტამის წარმოშობის რისკები ყოველთვის არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება ვრცელდება ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი. აქედან გამომდინარე, ახალი შტამის წარმოშობის რისკები არის. ამასთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ვაქცინაციაა, რადგან ვაქცინირებულ ადამიანებში და ვაქცინირებულ პოპულაციაში დაავადების სწრაფი გავრცელება უფრო ნაკლებად ხდება და პლუს ამას ახალი მუტანტური შტამების წარმოქმნის რისკიც დაბალია.

„ამიტომაც აქვს ჯანმოს მთავარ მიზნად დასახული, რომ მსოფლიო მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინირება მოხდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ახალი შტამების წარმოქმნის რისკები გაცილებით ნაკლები გვექნება. თუ ბოლო შტამებს გადავხედავთ, მაგალითად „დელტა", „ომიკრონი" ისეთ ქვეყნებში წარმოიშვნენ, სადაც საკმაოდ დიდი პოპულაციაა, ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ იყო," - განაცხადა გოგინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×