თამთა ჩაჩანიძე
21.03.2022

ეპიდსიტუიაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მნიშვნელოვნად დაიკლო არა მხოლოდ ყოველდღიურმა ინფიცირების რიცხვმა, არამედ ლეტალურმა მაჩვენებელმაც, რაც სპეციალისტებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მინიმუმ 2-3 თვე ახალი ტალღის საფრთხე ნაკლებადაა. თუმცა, ამასთანავე შიშობენ, რომ კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, ახალი შტამების გავრცელების საფრთხე ისევ არის და თუ რომელიმე ვარიანტმა ახალი აფეთქება გამოიწვია, შეასძლოა ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც კი გახდეს საჭირო.

21 მარტის დილის მონაცემებით, კორონავირუსის კიდევ 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6,25%-ია, ბოლო 14 დღის - 8,23%, ბოლო 7 დღის - 5,42%, რაც შეეხება ვაქინაციას, სულ 2 842 541 აცრა ჩატარდა, დღიურად აცრილია130 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ საგრძნობლად არის შემცირებული რეანიმაციულ და თერაპიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა, როგორც ზრდასრულ ისე პედიატრიული ასაკის პაციენტებში.

„20 მარტის მდგომარეობით ჰოსპიტალში კოვიდ 19-ის მკურნალობას 799 პაციენტი გადის.

საგრძნობლად შემცირებულია რეანიმაციულ და თერაპიულ განყოფილებაში ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა, როგორც ზრდასრულ ისე პედიატრიული ასაკის პაციენტებში.

20 მარტის მონაცემით გარდაიცვალა 8 ადამიანი, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ლეტალობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

კლების დინამიკაა შენარჩუნებული გასული ორი კვირის განმავლობაში.

7-13 მარტის მონაცემებთან შედარებით გასულ კვირას მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე გარდაცვალების შემთხვევები:

კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები 35%-ით შემცირდა;

კოვიდ 19-ის აქტიური შემთხვევები 23%-ით შემცირდა;

კოვიდ 19-ით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა 48%-ით იკლო;

კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებმა 40%-ით იკლო;

კოვიდ 19-ის მართვაში ჩართული კლინიკები კვლავ განაგრძობენ პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას."- ნათქვამია განცხადებაში.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, შესაძლოა პანდემია წლის ბოლოსთვის დასრულდეს, თუმცა, ვაქცინაცია აუცილებელია, რადგან ახალი შტამების წარმოქნის დიდი რისკია.

„აქტიურად საუბრობდნენ და ზოგადად მოსალოდნელიც იყო, რომ „ომიკრონს" თავისი ბუნებიდან და სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე პანდემიის დასრულება შეეძლო. თუ ამ დინამიკას მივყვებით, შესაძლოა ითქვას, რომ პანდემია წლის ბოლოს დასრულდება, მაგრამ რა თქმა უნდა ახალი შტამების გამოჩენის რისკები არსებობს, მათ შორის „დელტაკრონის".

„თუმცა, „დელტაკრონზე" კვლევები აჩვენებს, რომ მას არ აქვს უნარი, იგივენაირად აგრესიულად გავრცელდეს, როგორც „ომირკონი" და „დელტა". ამიტომ „დელტაკრონი" ის შტამი არ იქნება, რომელიც პრობლემებს შეგვიქმნის, მაგრამ თეორიულად ახალი შტამების გაჩენის ალბათობა არსებობს.

„ამიტომაც, როცა პანდემიის დასრულებაზე ვსაუბრობთ, ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა ვიყოთ განწყობილები. განსაკუთრებით ჩვენს მოსახლეობას მინდა ვთხოვო, რომ ეს პერიოდი იმისთვის გამოვიყენოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულოები არ არიან, აიცრან.

„ახალი შტმაების და ტალღების წარმოქმნის რისკებს შეამცირებს ის გარემოება თუ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 80% იქნება ვაქცინირებული, ამიტომ აუცილებელია, რომ ვაქცინაცია ჩავიტაროთ.

„თუ არსებულ ეპიდსიტუაციას შევხედავთ, ის იმის თქმის საშუალებას იძლევა რომ დიდი ალბათობით პანდემია დასრულდება, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რისკები ინიმუმამდე დავიყვანოთ,"- განაცხადა გოგინავამ.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება მათთვის, ვინც ბუსტერ დოზის ჩათვლით სრული კურსი ჩაიტარა, გოგინავა ამბოიბს, რომ ჯერ არა, თუმცა, თუ ეპიდსიტუაციის გაუარესება დაიწყო, „მეოთზე დოზის განხილვა ღირს".

„ეს „ომიკრონის" ბუნებაზეა დამოკიდებული, თუ ამ ვარიანტმა კიდევ ერთი ახალი ტალღის გამოწვევა დაიწყო და ეპიდსიტუაცია გაუარესდა, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით მეოთხე დოზის განხილვა ღირს, მაგრამ ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია მკვეთრად უმჯობესდება, ვისაც სამი დოზა აქვს გაკეთებული, ისინი დაახლოებით 4-დან 6 თვემდე დაცულები არიან, აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით მეოთხე დოზაზე საუბარი ნაარევია.

„თუმცაღა, თუ „ომიკრონის" კუთხით კვლავ ახალი ტალღა გვექნა, ამ შემთხევაში მეოთხე დოზა განსახილველია. თეორიულად ახალი ტალღის რისკები არის, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გადაიტანა და „ომიკრონის" მიმართ იმუნური ფენა საკმაოდ მძლავრია, დაახლოებით 2-3 თვე ახალი ტალღა არ იქნება და ნაკლებად მგონია, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს.

„ორი-სამი თვის მერე, როცა ეს იმუნური ფენა ნელ-ნელა კლებას დაიწყებს, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება ამიტომაცაა საჭირო, რომ ჩვენი იმუნიტეტი გავაძლიეროთ და გავახანგრძლივოთ. ამით დაავადების უფრო აგრესიული გავრცელება თავიდან ავირიდოთ,"- განაცხადა გოგინავამ "რეზონანსთან".

კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„იმუნური ფენა ჯერჯერობით საქართველოში აცრის შემდგომ დაბალია. აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის" მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში.

„ასევე ჩინეთის ქალაქებში იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია, კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ბუსტერი, რადგან ბუსტერი იცავს რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება „დელტამიკრონს", გამყრელიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ შტამს „დელტას" მსგავსი გართულებები არ ახასიათებს.

„დელტამიკრონი" ეს ჰიბრიდია „დელტასი" და „ომიკრონის". ჯერჯერობით მხოლოდ ერთეული შემთხვევებია სეკვენირებით დადგენილი სხვადასხვა ქვეყნებში. წინასწარი ინფორმაციით, მას „დელტას" სიმძიმე არ ახასიათებს და ჭარბობს „ომიკრონის" თვისებები, რომელიც უფრო მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ჩვენი ცენტრი აკეთებს შტამების მონიტორინგს, გვაქვს რამდენიმე ბაზა, საიდანაც ვაკვირდებით და ვაკეთებთ სეკვენირებას. ჯერჯერობით, ჩვენთან არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა თუმცა, ალბათობა ყველა ქვეყანაში არის რომ ახალი შტამი გაჩნდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×