ელზა პაპოშვილი
18.03.2022

შემზარავი მკვლელობა  თბილისში-გლდანში  82 წლის ქალი ჯერ დანით მოკლეს, შემდეგ კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს.  ანგარებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 32 წლის ნიკა ნიაური დაააკავეს. დაკავებული მოკლულის ნათესავია და როგორც მეზობლები „რეზონანსს“ უყვებიან მისი ძმის შვილის შვილია. 

გამოძიების ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მკვლელობის შემდეგ დამნაშავემ სახლიდან დაზიანებული ტელევიზორი წაიღო, რომელიც ლომბარდმაც კი არ ჩაიბარა.  თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ ეს მან თვალის  ასახვევად და კვალის დასაფარად გააკეთა. გამოძიებას უნდა ჰგონებოდა, რომ ქალი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი მოკლეს. ისინი ეჭვობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სახლის გადაფრომება უნდოდა, რაზეც მოხუცი უარს ეუბნებოდა. სწორედ ამის გამო მათ შორის კონფლიქტი მოხდა. მოხუცი შვილიშვილმა ჯერ დანით დაჩეხა, შემდეგ კი ცეცხლი მოუკიდა.  

გამომძიებლებმა მეზობლები უკვე გამოკითხეს. ჩვენება მისცა ბრალდებულმაც. ის წარდგენილ მძიმე ბრალდებას უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ დანაშაულის დღეს მოხუცი მოინახულა. თუმცა მათ შორის რაიმე კონფლიქტს არ ადასტურებს. ბრალდებულის ოჯახშიც 32 წლის მამაკაცის უდანაშაულობის სჯერათ. 

82 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ნახევრად დამწვარია, გადასვენებულია ექსპერტიზაზე. 

„მაშველები მეზობლებმა გამოვიძახეთ, როდესაც სადარბაზოში დაკვამლიანება შევნიშნეთ. ჯერ თავიდან ვიფიქრეთ მოხუცია და ალბათ ცეცხლი გაუჩნდაო. მაშველები სახლში რომ შევიდნენ, სახით დამხობილი მოხუცი ნახეს. მას ზურგზე ცეცხლი ეკიდა და მაინც ეტყობოდა, რომ ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ამბობენ, რომ სახლის დამტკიცება უნდოდა. სავარაუდოდ, ამაზე მოხუცმა უარი უთხრა. სწორედ ამის გამო იჩხუბეს და დანით დაჩეხა. 

თავდაპირველად გაითამაშა სცენა, თითქოს მოხუცი გაქურდეს და მერე დაწვა სცადეს. არადა გასაქურდი არც არაფერი ჰქონდა. მარტოხელა იყო, მაგრამ ძმისშვილები და დისშვილები პატრონობდნენ, მოდიოდნენ ხოლმე, მიტოვებული არ ჰყავდათ, უბრალოდ მარტო ცხოვრობდა. ვინც გუშინ დააკავეს ეს არის ერთ-ერთი ძმის შვილიშვილი. როგორც ამბობენ დავა ბინის გამო მოხდა," - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

საგამოძიებო მოქმედებები მკვლელობის ადგილზე დასრულებულია. პოლიციის განყოფილებაში კი გრძელდება გამოკითხვები. გარდაცვლილის მეზობლები უკვე გამოკითხა პოლიციამ. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსით 109-ე მუხლით და მკვლელობაში ბრალდებულს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ახალგაზრდა მამაკაცს ბრალს ოფიციალურად  წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა ნიაურს მძიმე სასჯელი 17-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×