თეონა ვეშაგური
15.03.2022

იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად დასასრულისკენ მიდის კოვიდ-19-ის გლობალური პანდემია, სპეციალისტები ახალ, კორონავირუსის  ჰიბრიდულ შტამზე ალაპარაკდნენ, რომელმაც შესაძლოა ახალი აფეთქება და მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეტური სცენარია და ახალი შტამის კვლევა ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ კვლევის შუალედური შედეგები უკვე იძლევა შეშფოთების საფუძველს - სავარაუდოდ, ახალი შტამს „ომიკრონივით" სწრაფად გავრცელებული უნარი და „დელტას" მსგავსი მძიმე გართულებები ახასიათებს.

ახალ შტამთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. მისივე თქმით, ახალი შტამი არის „დელტას" და „ომიკრონის"ერთგვარი ჰიბრიდი, ამიტომ პირობითად მას „დელტამიკრონი" დაარქვეს.

„რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება.

„ეს შტამი უკვე გაშიფრულია - ეს არის ჰიბრიდი „დელტასი" და „ომიკრონის". მას აქვს „ომიკრონის" სპაიკ ცილა, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე და შესაბამისად, გავრცელების სისწრაფეზე. ძირითადი ცილები კი აქვს „დელტასგან". მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს „ომიკრონის" გავრცელების უნარი და „დელტას" მიმდინარეობის სიმძიმე," - აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, სიმპტომებთან დაკავშირებით რაიმე სიახლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება და ახალ შტამს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ჩივილები ახასიათებს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი შტამი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, თუმცა შესაძლოა ის „ომიკრონისა" და „დელტას" ჰიბრიდი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში რისკჯგუფებად კვლავ რჩებიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ხანდაზმულები. ამასთან, ჯერჯერობით კვლევის პროცესშია ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობის საკითხიც.

„აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით ზუსტი პასუხები არ არსებობს, რადგან ეს არის ახალი შტამი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევა. არის თეორიული მონაცემები, რომ შესაძლოა მას ახასიათებდეს ისეთივე სწრაფი გავრცელება, როგორიც „ომიკრონს", მიმდინარეობით კი ჰგავდეს „დელტა" შტამს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველადი მონაცემების საფუძველზე, რაც სხვა კვლევებითაც საჭიროებს დადასტურებას.

„აქედან გამომდინარე, რთულია საუბარი იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ეს შტამი იყოს სახიფათო და დამანგრეველი, როგორც ეს „ომიკრონისა" და „დელტას" შემთხვევაში.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, ჯერ ნაადრევია საუბარი მის ეფექტურობაზეც, მაგრამ არსებული ვაქცინების ეფექტურია და გათვლილია „კოვიდ-19"-ის სხვა შტამებზეც.

„ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია შეფასებების გაკეთება „დელტამიკრონ" შტამთან დაკავშირებით და სჯობს დაველოდოთ კვლევების შედეგს. ამასთან, რისკ ჯგუფებად კვლავ რჩებიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ხანდაზმულები", - განაცხადა გოგინავამ.

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საუბარი კოვიდის ახალი შტამის აფეთქებაზე ჯერჯერობით ძალიან ადრეა. იგი მიიჩნევს, რომ ახალი ვარიანტი პოტენციურად უფრო საშიში შეიძლება იყოს, თუმცა ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასება სჭირდება.

„თუ წამოიღებს ცუდს „ომიკრონისგან" - ეს არის მისი სწრაფი გადაცემა და უფრო მეტი წინააღმდეგობა ვაქცინების მიმართ, მაშინ ჩვენ ვიღებთ სუპერვარიანტს, მონსტრს, რომელსაც შეუძლია ამ ორი შეშფოთების ვარიანტის კომბინირებით მოგვცეს ყველაზე მძიმე დაავადება და ყველაზე მძიმე მიმდინარეობა, რაც კი დღემდე ყოფილა. თუმცა, მეცნიერები მიუთითებენ, რომ ეს უფრო ვირუსოლოგიური, სამეცნიერო მნიშვნელობის რეკომბინაციაა, ვიდრე პრაქტიკული ღირებულების მქონე. ასე რომ, ეს არ არის ასე," - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×