სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ყურძენი ჩემია, მე მოვიყვანე და როცა დრო და საშუალება მაქვს, მაშინ რატომ ვერ უნდა დავკრიფო?"
    გელა მთივლიშვილი
    18.09.2009

    ცნობების მისაღებად ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწვალებენ, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან.
    კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან ფერმერები. საწარმოები იმ მევენახეთა ყურძენს, რომელთაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვთ, საერთოდ არ იბარებენ. რთველთან დაკავშირებული პროცესების გასაკონტროლებლად, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლისა და თელავის რაიონებში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რთველის მიმდინარეობას აკონტროლებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც. კუდ-ის წარმომადგენლებს, უშუალოდ, ფერმერების კონტროლი აქვთ დავალებული.
    წელს კახეთში სულ 140 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველი ადრე დაიწყო და უკვე დასრულდა დედოფლისწყაროს რაიონის ალაზნისპირა სოფლებში, სამთაწყაროში, საბათლოსა და ფიროსმანში. მევენახეებმა, ძირითადად, საფერავის ჯიშის ყურძენი სიღნაღის რაიონში, წნორის ღვინის ქარხანას 40 თეთრად ჩააბარეს. მევენახეთა თქმით, ალაზნისპირა სოფლებიდან წნორში ყურძნის ტრანსპორტირება იმდენად ძვირი დაჯდა, რომ ბევრმა მათგანმა მოსავლის მოსაყვანად გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც ვერ შეძლო.
    თამაზ საკანელაშვილი, სამთაწყაროს მკვიდრი: "სამთაწყაროელები ყურძენს ყოველთვის ქედის ღვინის ქარხანაში ვაბარებდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქარხანა გაკოტრდა, ყურძენი ჩასაბარებლად სხვა რაიონებში მიგვაქვს. სამთაწყარო საზღვრისპირა სოფელია და აქედან მოსავლის ტრანსპორტირების ხარჯები იმდენად დიდია, რომ პრაქტიკულად აღარაფერი დაგვრჩა. ვენახის დასამუშავებლად და შხამ-ქიმიკატების შესაძენად გაწეული ხარჯები ზოგმა ამოიღო, ბევრმა კი იზარალა".
    ელგუჯა ტარტარაშვილი, სამთაწყაროს მკვიდრი: "ნახევარი ჰექტარი ვენახი მაქვს. ოთხი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი მოვკრიფე. სულ 2600 ლარი ავიღე, სუბსიდიის ჩათვლით. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური შრომა რომ არ ჩავთვალო, დაახლოებით, 300 ლარი დამრჩა მოგების სახით. 2 ათას ლარზე მეტი დახარჯული მაქვს. 180 ლარი კი სატვირთო მანქანის მეპატრონეს გადავუხადე, რომლითაც სამთაწყაროდან ყურძენი ჩასაბარებლად წნორში გადავიტანე".
    დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქედში მდებარე ღვინის ქარხანა 2006 წელს გაკოტრდა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქარხნის ქონება ნაწილ-ნაწილ უნდა გაიყიდოს. "2004 წელს სახელმწიფომ დახმარების გარანტიით ქარხანას მილიონნახევარი ლარის ღირებულების ყურძნის მოსავალი მიაღებინა, თუმცა შემდეგ ქარხანას აღარ დაეხმარა. მევენახეების ვალის დაფარვას ნაწილობრივ საკუთარი სახსრებით ვცდილობდი, თუმცა იმის გამო, რომ დავალიანება საკმაოდ დიდია, ვალის ბოლომდე დაფარვა შეუძლებელია", - ამბობს ქარხნის ყოფილი დირექტორი და მეპატრონე ილია თუშიშვილი.
    როგორც კანონით არის დადგენილი, ქარხნის ქონების გაყიდვის შემდეგ ვალს ჯერ ბანკები აიღებენ. ქონება კი იმდენი არ არის, რომ ასობით მევენახემ, 2004 წლის შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის ფული მიიღოს.
    მევენახეებს 2007 წლის შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის ფულიც აქვთ მისაღები. შპს "ალაზნის ველი და კომპანის" მევენახეებისთვის თანხის დაუყოვნებლივ გადახდა სასამართლომაც კი დააკისრა, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ მევენახეებმა 2008 წლის შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის ფული ზოგიერთი საწარმოებიდან საქმეში ფინანსური პოლიციის აქტიური ჩართვის შემდეგ მიიღეს.
    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, რეგიონში ყურძენს 16 ღვინის ქარხანა იბარებს. წლეულს 1 კილოგრამი საფერავის ფასი 35 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს, ყურძნის შაქრიანობის მიხედვით. ხოლო, 1 კილოგრამი რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი 25 თეთრიდან იწყება და 30 თეთრს არ აღემატება. მევენახეები ღვინის ქარხნებში ჩაბარებულ 1 კილოგრამ საფერავში დამატებით, სუბსიდიის სახით 25 თეთრს, ხოლო რქაწითელში 15 თეთრს მიიღებენ. სუბსიდირებისათვის საქართველოს მთავრობას ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. მინისტრი ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ რთველი წარმატებით მიმდინარეობს. საპირისპიროს ამბობენ გლეხები და ფერმერები. გლეხები ყურძენს სპეციალური ცნობების გარეშე ვერ აბარებენ. ცნობებს კი სოფლის გამგებლები მხოლოდ რაიონის გამგებლის ნებართვით და გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგენილი გრაფიკის მიხედვით გასცემენ.
    ცნობაში აღნიშნულია ვენახის ადგილმდებარეობა, მეპატრონის ვინაობა, ფართობისა და მოსავლის ოდენობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ამგვარი რეგულირების შესახებ რაიონის გამგებლებმა დავალება კახეთის გუბერნატორისგან მიიღეს. წესების მიხედვით, ცნობის მიღების შემდეგ, ყურძნის დაკრეფის ზუსტი დროისა და ჩაბარების ადგილის განსაზღვრისათვის მევენახეებმა ისევ სოფლის გამგებლებს უნდა მიმართონ. სოფლის ხელმძღვანელები მათ მიუთითებენ, ყურძენი როდის დაკრიფონ, რომელ საათზე და რომელ ღვინის ქარხანაში უნდა მივიდნენ.
    გიორგი რუაძე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი: "სოფლის გამგეობას ყურძნის ჩასაბარებლად საჭირო ცნობის გასაცემად ოთხჯერ მივაკითხე, მაგრამ არ მომცეს. მომდევნო ერთი კვირის ცნობები უკვე გაცემული გვაქვსო. სოფლის გამგებლები ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს ცნობებს ურიგოდ აძლევენ, უბრალო ხალხს კიდევ, ვისაც არავინ გვყავს მფარველი, გვალოდინებენ. ან ცნობის აღება რატომ არის სავალდებულო, ყურძენი ჩემია, მე მოვიყვანე და როცა დრო და საშუალება მაქვს, მაშინ რატომ ვერ უნდა დავკრიფო?"
    ავთო ზარდიაშვილი, სოფელ გურჯაანის მკვიდრი: "სოფლის გამგეობაში მითხრეს, მომდევნო 5 დღის ცნობები უკვე გაცემული გვაქვს და იქით კვირაში მოდიო. ხალხი ღამეებს ათევს სოფლის გამგეობებთან იმისათვის, რომ ცნობა მოგვცენ. რაიონის გამგებელი გამოვიდა ადგილობრივი ტელევიზიით და თქვა, ვისაც ცნობა არ ექნება, ვენახი შეუძლია დაკრიფოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყურძნის ჩაბარებაზე პასუხისმგებლობას ვიხსნითო.
    ერთმა ჩემმა მეზობელმა ვენახი ისე დაკრიფა, რომ ცნობა არ აიღო და 3 დღის განმავლობაში ქარხნიდან ქარხანაში გადადიოდა. რიგები დაკავებული იყო და მის ყურძენს არავინ იბარებდა. შტაბშიც მივაკითხეთ, რამდენიმე დღის წინ რომ გახსნეს, მაგრამ სადილობენო და ვერ მიგვიღეს".
    კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, რეგულირების ეს წესები ქაოსის თავიდან ასაცილებლად შემოიღეს. "შარშან რთველი წარმატებული იყო, თუმცა გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, ძირითადად, რიგებთან დაკავშირებით, რაც ახლა უკვე გამოვასწორეთ. რეგულირების ის წესები, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, ღვინის ქარხნებთან უსაშველო რიგებს გამორიცხავს", - აღნიშნავს ღვინიაშვილი.
    არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, სოფლის გამგებლები ყურძნის ჩასაბარებლად საჭირო ცნობების მისაღებად ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწვალებენ, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. "ჩვენთვის რამდენიმე ასეთი ფაქტი გახდა ცნობილი. დავინტერესდით და ინფორმაციების მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა თანამდებობის პირების მხრიდან მევენახეთა პოლიტიკური ნიშნით დევნის მცდელობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს მივუთითეთ და ამგვარი ქმედებების შეწყვეტა მოვთხოვეთ", - აცხადებს უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტი ნინო ანდრიაშვილი.
    გლეხებისგან განხვავებით კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან მევენახეები, რომელთაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვთ. სანამ გლეხები ვენახების დაკრეფას არ დაასრულებენ, ფერმერებს ვენახის დაკრეფა აუკრძალეს. როგორც ჩვენთან პირად საუბარში გურჯაანელმა ფერმერებმა განაცხადეს, ასეთი გაფრთხილება მათ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიიღეს. რამდენად შეასრულებენ ისინი ამ დავალებას, ამას უშუალოდ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები აკონტროლებენ.
    "სანამ ძალოვანები ამ საკითხის გაკონტროლებას დაიწყებდნენ, ზოგიერთმა ფერმერმა მოასწრო და ნაკვეთი დაშალა. საჯარო რეესტრში ერთი ნაკვეთი რამდენიმე ადამიანის სახელზე გადაფორმდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ სამართალდამცავებმა გაიგეს, მკაცრად გაგვაფრთხილეს", - გვითხრეს ფერმერებმა.
    გიორგი ღვინიაშვილი, კახეთის გუბერნატორი: "ფერმერებს ყურძნის დაკრეფას არავინ უშლის, მაგრამ ვისაც იმის საშუალება აქვს, რომ ყურძენი თვითონ გადაამუშავოს, ჩვენ რატომ უნდა დავეხმაროთ?! როცა გლეხები ვენახების დაკრეფას დაამთავრებენ და მანამდეც, ფერმერებს შეუძლიათ ყურძენი ღვინის ქარხნებს ჩააბარონ, თუკი საწარმოებს ამის სურვილი ექნებათ, ოღონდ ფერმერების ვენახებში მოწეულ ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდიას არ გასცემს".
    რთველთან დაკავშირებული კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა ის არის, რომ ამ დრომდე არცერთი ღვინის ქარხანა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს არ იბარებს.
    სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ვერ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი ღვინის ქარხანა მიიღებს აღნიშნულ ყურძენს, თუმცა აცხადებს, რომ მევენახეებს ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ. მევენახეებს დახმარებას ჰპირდება კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც, მაგრამ სად, როდის და რა ფასად ჩააბარებენ გლეხები ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს, ვერც გუბერნატორი აკონკრეტებს.
    მარტო გურჯაანის რაიონში წელს 3 ათას ტონამდე ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალს ელოდებიან. გასულ წელს ვაქირულას, შანიძის და უწამლის ჯიშის ყურძენი გლეხებმა 15 თეთრად ყვარლის ღვინის ქარხანას ჩააბარეს. ჰიბრიდული ჯიშის ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდიას არ გასცემს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter