ელზა პაპოშვილი
27.01.2022

სისხლიანი შურისძიება კახეთში - გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში კაცმა მეზობელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. მათივე თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება. 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა. მხარეებს შორის კონფლიქტი  კი ქუჩაში მას შემდეგ დაიწყო, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ჩაღიაშვილმა მღებრიშვილს აგინა. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის სხვადასხვა ვერსიებს ყვებიან და ამბობენ, რომ პირიქით, არაფხიზელ მდგომარეობაში თავად მკვლელობაში ბრალდებული იყო, რომელმაც გარდაცვლილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

„როგორ ვიცით, მოკლული არაფხიზელ მდგომარეობში ყოფილა. მის სახლთან გაუვლია და ამ კაცისთვის უგინებია. მერე ასაფეთქებლები მის ეზოში ისროლა. ამ ხმაურზე ეს კაცი გარეთ გამოვიდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. კაცი სახლში შებრუნებულა, სანადირო თოფი გამოუტანია და უსვრია. 

ზოგი ამბობს, რომ დანითაც აქვს ჭრილობები მიყენებული. გაქცევას ცდილობდა, მაგრამ ღობეზე გადახტომა ვეღარ მოასწრო. თავში სწორედ ამ დროს უსვრია. 

არ ვიცით, მკვლელობა დაგეგმილი რომ ჰქონდა, აქამდეც მოკლავდა. მისი დიშვილი გელა ჩაღიაშვილმა წლების წინ ატვიორტკით მოკლა. ბავშვები იყვნენ, რაღაცაზე შელაპარაკდნენ, მან ატვიორტკა მოუქნია და საძილე არტერიაში მოხვდა,  რის შემდეგაც სისხლად დაიცალა. ეს ამბავი იყო მათ შორის. ამ ბიჭმა ციხე მოიხადა და წლებია გამოსულია. ადგილზევეა დაღუპული. თავი  განგრეული აქვს“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი მღებრიშვილი ბრალს აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. მისივე თქმით, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც დაკავებულმა ვერ გაუძლო.

„ძალიან ნანობს. აღიარებს და ინანიებს ყველაფერს. ძალიან დიდი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო, ისეთი, რომ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ადვოკატმა ლალი ჩაბელაშვილმა.

დაკავებულ მამაკაცს, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ახლობლები მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას ასახელებენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×