ელზა პაპოშვილი
26.01.2022

ეპიდემიოლოგების პროგნოზი მართლდება - "ომიკრონი" ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. კოვიდ-ცენტრებში ინფიცირებულები კი ჯერ კიდევ დელტა შტამის შედეგებს ებრძვიან. კლინიკები 45%-ით არის დატვირთული. ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება ამბულატორიული მიმართულებითაც. 

"ომიკრონის" პიკის მოლოდინა და ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა საქართველოში მომდევნო 2-3 კვირაში იქნება.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.58%.  

სპეციალისტები აცხადებენ, რომ დროთა განმავლობაში ქვეყანაში იმუნური ფენა ჩამოყალიბდება, თუმცა ვირუსი არსად გაქრება და პერიოდულად ვაქცინაციის საჭიროება დადგება.

“ექიმების პირველი მოვალეობა არის, რომ ზედმეტი პრეპარატები, მათ შორის, ანტიბიოტიკები არ იქნას დანიშნული. ასეთ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაიტანს მსუბუქად ამ დაავადებას, შეიქმნება გარკვეული იმუნური ფენა ჩვენს მოსახლეობაში და ეს იქნება ერთ-ერთი პირობა, რომ ისეთი სახით, როგორც ახლა არის პანდემია, დასრულდება წელს, თუმცა ვირუსი არსად არ წავა და ჩვენ მუდმივად გვექნება იმის საჭიროება, რომ ჩავატაროთ პერიოდული ვაქცინაცია," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორმა გიორგი კამკამიძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოსახლეობამ ვაქცინაცია „ბუსტერ“ დოზაც აქტიურად ჩაიტაროს, რადგანაც „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და აცრილ მოსახლეობას დაცვის მექანიზმი უფრო მაღალი აქვს. 

"არსებული ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. ამ ეტაპზე ნაწილი ინფიცირებულების მოდის “დელტა" შტამზე, ხოლო ნაწილი "ომიკრონზე." "ბუსტერი," ანუ სამჯერადი ვაქცინაცია ეფექტურია, როგორც “დელტა" შტამზე და წინამორბედ შტამებზე და ასევე, ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს ომიკრონის დროს," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

ამასთან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ინფიცირების შემთხვევები მეტად გაიზრდება, თუმცა, ამ ეტაპზე პაციენტების ნაკადის მართვა კონტროლს ექვემდებარება.

"მართალია "ომიკრონს" ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ვიდრე დელტას, მაგრამ, თუ შემთხვევები 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი იქნება, მაშინ ის მძიმე შემთხვევებიც მეტი იქნება და სამწუხაროდ, გარდაცვალებების შემთხვევებიც მოიმატებს, ასეა მთელ მსოფლიოში. მაგალითად, 20-21 იანვარს აშშ-ში დაფიქსირდა 2 700-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა, რაც ბოლო ერთი წელია იქ არ ყოფილა.

“ყველაფერი ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება, პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ძალიან კარგად. კიდევ უფრო მეტი თუ იქნება, შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემა მოახდენს შესაბამის რეაგირებას, გამოინახება დამატებითი რესურსები, ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად და ითანამშრომლოს ჯანდაცვის ორგანოებთან," - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×