ელზა პაპოშვილი
26.01.2022

იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი ქალი იპოვეს - 5-დღიანი ძებნის შემდეგ ირკვევა, რომ სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლის ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. სად გაუჩინარდა ახალგაზრდა ქალი ამ ხნის განმავლობაში, ამას ახლა გამოძიება ადგენს. გოგონას ოჯახის წევრებს და ახლობლებს რამდენიმე ვერსია აქვთ. ის  ერთ-ერთმა ქართველმა თარჯიმანმა მაკა ხაჩოშვილმა იპოვა. გოგონას საუბარი უჭირს და ვერ ამბობს ამ ხნის განმავლობაში სად იმყოფებოდა. ის საღ გონებაზეა, თუმცა, გარკვეული დეტალების გახსენება უჭირს. 

სალომეს ძმა აკაკი ტეტუნაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სალომეს დედაც ესაუბრა. ის ცოცხალი და ჯამრთელია. ქართველ თარჯიმანს, რომელსაც სოციალურ ქსელში სალომეს შესახებ ფოტო და ინფორმაცია ჰქონდა გავრცელებული, იტალიელი პოლიციელი დაუკავშირდა, რომელმაც მას უთხრა, რომ სალომე მის გვერდით იმყოფებოდა. გოგონამ პოლიციელს უთხრა, რომ სალომე ტეტუნაშვილი იყო, თუმცა, გაუკვირდა მას რატომ ეძებდნენ. 

„დედაც ესაუბრა და გვითხრა, რომ კარგად არის. იცის და ახსოვს ვინ არის, ამბობს, რომ იტალიაშია, მაგრამ არ ახსოვს ამ ხნის განმავლობაში სად იყო. სავარაუდოდ, ის ქუჩაში ადგილობრივმა პოლიციამ იპოვა, რომელმაც ქართველი თარჯიმნის პოსტი ნახა და ის ქუჩაში იცნო. 

“სხვა დეტალები ჩვენც არაფერი ვიცით. პოლიციელმა ქართველს ტელეფონით დაალაპარაკა და მან დაუდასტურა, რომ სალომე იყო. გაუკვირდა რატომ ეძებენ. ახლა ნეაპოლის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. გამოძიება მიდის და არკვევენ სად იყო ამ ხნის განამვლობაში“, - ამბობს გოგონას ძმა.   

საეჭვო გარემოებები საქმეში ნამდვილად არის და გოგონას გაუჩინარების ორ ვერსიას განიხილავენ. ერთის მიხედვით - ის სახლიდან გამოსვლის შემდეგ გაიტაცეს და უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს. მეორეს მიხედვით კი - ადგილი უპასუხისმგებლობას შესაძლოა ჰქონდეს. 

ერთ-ერთი ემიგრანტი გამოცემას უყვება, რომ გოგონა იტალიაში სანჯოვანის ქუჩაზე იპოვეს და მისი არეული საუბრიდან გამომდინარე ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე ვერსიით კი გოგონა უცნობმა ავტომობილით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიიყვანა და დატოვა. 

„გოგონას სანახავად საავადმყოფოში დედა იყო. ის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მის სანახავად მიიყვანეს. ქართველი თარჯიმანი ამბობს, რომ სალომე მას საკმაოდ არეულად ესაუბრა და მისგან აზრის გამოტანა გაუჭირდა. ამიტომ, საუბარი ისევ პოლიციელთან განაგრძო, რომელმაც მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  

საკმაოდ საეჭვო გარემოებაა და არ არის გამორიცხული, რომ მას თავისუფლება აღუკვეთეს. საქართველოს საელჩომ 4 დღის განმავლობაში არაფერი გააკეთა და სამართალდამცველებს არ მიმართეს. გვითხრეს, რომ განცხადება დაწერილი არ იყო, რომ გოგონას ძებნა მომხდარიყო“, - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.  

ახლა ოჯახს აქვს კითხვა ვინ მიიყვანა გოგონა იმ მდგომარეობამდე, რომ ის ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდა და 5 დღის განმავლობაში, არც ტელეფონი ჩართო და არც ოჯახს შეატყობინა სად იყო. არ არის გამორიცხული, რომ იმ იტალიელ ოჯახს უჩივლონ და სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რა მოხდა შაბათ საღამოს, როცა გოგონა ასე მოულოდნელად გაუჩინარდა.  

27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში, ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის 22 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დედამ რამდენიმე საათში, სწორედ იმ ოჯახისგან შეიტყო, სადაც სალომე მუშაობდა.

25 იანვარს, ღამით, სამძებრო სამუშაოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, ქალაქ ნეაპოლში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. რამდენიმე ათეული ემიგრანტი სწორედ იმ სახლთან შეიკრიბა, სადაც სალომე ტეტუნაშვილი მუშაობდა.

26 იანვარს, საქართველოს საელჩომ იტალიაში, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საკონსულოს მოთხოვნით, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

სალომე ტეტუნაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის. სალომე იტალიაში წასვლამდე სოფელ თელაში ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ სალის მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დედა-შვილი კი იტალიაში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა და ისინი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდნენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×