
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარები აცხადებენ, რომ აღმოჩენილია ის 8 რისკჯგუფი, რომელთა შემთხვევაშიც, აცრის მიუხედავად, შედარებით მაღალია მდგომარეობის დამძიმებისა და საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა. ამ კვლევის შედეგები 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე 1.2 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე ინტენსიურ დაკვირვებებს ეფუძნება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ გვიცავს ინფექციისგან. აცრის მიუხედავად ვირუსის ნაწილაკები შეიძლება მაინც მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში. ვაქცინა პირველ რიგში გვიცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან, მაგრამ, კვლევების მიხედვით, ეს ყოველთვის ასე არ ხდება.
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა შეისწავლეს 1,2 მილიონი ადამიანის მონაცემები, რომლებმაც გაიკეთეს ე.წ. „ძირითადი ვაქცინა" 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე - ფაიზერი (კვლევის მონაწილეთა 72%), „მოდერნა" - (20%) და „ჯონსონ ენდ ჯონსონი" (6.5%). კვლევის მონაწილეთა დანარჩენ 1.5%-ს სხვა ვაქცინები ჰქონდა გაკეთებული.
1.2 მილიონი ვაქცინირებულიდან მხოლოდ 2 246 ადამიანს შეხვდა კოვიდ-19, რაც კვლევის მონაწილეთა 0,1 %-ია. ამათგან, აქედან მხოლოდ 189 ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დასჭირდათ გადაყვანა, ეს კი 0,015%-ია. რაც შეეხება ლეტალობას, 1.2 მილიონი აცრილი ადამიანიდან კოვიდ-19-ით 36 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის 0,003%.
მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ჯგუფზე, რომელიც გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სადაც აღმოაჩინეს, რომ არსებობს რვა ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს აცრის მიუხედავად.
ეს ფაქტორებია:
- 65 წელზე უფროსი ასაკი;
- დასუსტებული იმუნიტეტი მანამდე გადატანილი ავადმყოფობის ან მედიკამენტების მიღების გამო;
- ფილტვების ქრონიკული დაავადება;
- ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
- თირკმელების ქრონიკული დაავადება;
- ნევროლოგიური დაავადება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- გულის დაავადებები.
მძიმე სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ 189-ვე ადამიანს ჰქონდა ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორებიდან ერთი მაინც, ხოლო თითქმის ყველა გარდაცვლილს ჰქონდა რვა რისკის ფაქტორიდან მინიმუმ ოთხი.
აღსანიშნავია, რომ კვლევა „ომიკრონის" გამოჩენამდე ჩატარდა, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შედეგები „ომიკრონის" შემთხვევაშიც იგივე იქნება.