ელზა პაპოშვილი
24.01.2022

ბრმა ტყვიის მსხვერპლი კახეთში - ტრაგედია ნადირობის  დროს დატრიალდა. როგორც ცნობილი გახდა, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 70-წლამდე მამაკაცი მეზობელთან ერთად სანადიროდ წავიდა, რის შემდეგაც მას ტყვია მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ გივი ბერიკაშვილს 36 წლის მამაკაცის მიერ შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა. 

მისი გადარჩენა ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ვერ შეძლეს. სოფელში განსხვავებული ვერსიებიც ვრცელდება და ამბობენ, რომ დაბლა დადებულ თოფს მოტეხილი ხე დაეცა, რის შემდეგაც ტყვია გავარდა და მამაკაცს შემთხვევით მოხვდა. ახლა ჯერი საგამოძიებო უწყებაზეა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა 70 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ადგილობრივები მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.  

„გარდაცვლილი ჩემი ბიძაშვილია. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა. ჩემი ძმაც იქ იყო და რაღაცა უბედური შემთხვევა მოხდა. სანადიროდ იყვნენ წასულები და შესაძლოა თავად გარდაცვლილსაც გაუვარდა. ზუსტი დეტალები ჯერ არ ვიცით, რადგანაც ყველა, ვინც სანადიროდ იყო, დაკითხვაზე იმყოფებიან. სანადიროდ რამდენიმე ადამიანი იყო. ზუსტი რიცხვი არ ვიცით. ყველას დაკითხვა მიდის. 

“გამორიცხულია, რომ ნათესავს ნათესავი მოეკლა. ამის არანაირი მიზეზი არ ყოფილა. არანაირი ჩხუბი და კონფლიქტი, ყველა იფიცება, რომ ადგილი უბედურ შემთხვევას აქვს. თავადაც სანადიროდ ხშირად დადიოდა. საკუთარი თოფი ჰქონდა. სოფლის ტყეში დადიოდა. მეორე ვერსიაა, რომ დატენილი თოფით მდგარა და ხე მოტეხილა, თოფს დაცემია და გაუსვრია. მას ტყვია ბეჭებში აქვს მოხვედრილი. სასწრაფო გამოუძახიათ, მაგრამ სანამ მოვიდნენ სისხლად დაიცალა“,-უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×