ელზა პაპოშვილი
14.01.2022

ომიკრონით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში დელტა შტამს დაახლოებით 80%-ით ჩაანაცვლებს ახალი მუტირებული შტამი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება მოსალოდნელი რთული ეპიდსიტუაციის სამართავად. ბოლო 24 საათში კი 36 გარდაცვლილი და 5 567 ინიფიცრებულია. 

ჯანდაცვის სამინისტროში კი სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა. ომიკრონის გამოწვევების პასუხად, ჯანდაცვის სისტემა სრულ მობილიზაციას აცხადებს - უახლოეს დღეებში უნდა გაიზარდოს საწოლფონდი, დამატებით ამუშავდება ონლაინ კლინიკებიც.

ჯანდაცვის ექსპერტებთან და მედიკოსებთან შეხვედრისას სამინისტროში აქცენტი  ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე გაკეთდა, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზების აუცილებლობაზე. დღეისთვის აქტიურია 62 ონლაინ კლინიკა, მომდევნო კვირის დასაწყისიდან კი, ამას უკვე 40 ონლაინ კლინიკა დაემატება. ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებული დარჩება 8 000-მდე საწოლი. საწოლების ნაწილი დაუბრუნდება სომატური შემთხვევების მართვას.   

ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ითქვა, რომ  გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.   

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თვითიზოლაციის ვადები შემცირდა. 

„8 დღემდე მცირდება უსიმპტომო მსუბუქი პაციენტების იზოლაციის პერიოდი. სიმპტომიანი პაციენტების კი 10-დღემდე. კონტაქტების შემთხევაში თუ არის ვაქცინირებული და დაბუსტერებული ან ახალი გადატნილი თუ აქვს კოვიდი 90 დღის მანძილზე თვითიზოლაციის ყოველგვარი ვალდებულება ეხსნებათ,“ - ბიძინა კულუმბეგოვი.  

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კი ომიკრონისა და დელტა შტამების განსხვავებებზე საუბრობს. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ომიკრონი ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, თუმცა პროცენტი ჯერ განსაზღვრული არ არის.  

„დიახ, ის ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს ვიდრე დელტა შტამი და ნაკლებ სიკვდილობას, თუმცა, პროცენტი ჯერ არავის განუსაზღვრავს. მაგრამ, რაოდენობა ავადმყოფების იმდენად აჭარბებს უკვე ამერიკაში, ევროპაში და სავარაუდოდ, მომავალში უკვე საქართველოში დელტა შტამით ინფიცირებულთა რაოდენობას, რომ ეს რაოდენობაში სხვაობა ფარავს მეტობით იმას, რომ ომიკრონი იწვევს ნაკლებ სიკვდილობას. ჯამში, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია იზრდება,“ - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.   

დატვირთვა გაიზარდა პედიატრიულ განყოფილებებშიც. ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ბოლო 24 საათში კი კლინიკამ 30 პაციენტი მიიღო.

„ციციშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 116 პაციენტი, აქედან უმეტესობა ბავშვები არიან. ბოლო პერიოდში მოიმატა უფრო მეტად ზემო სასუნთქის რესპირაციულმა მოვლენებმა პაციენტებში, როგორც ჩანს მაღალი ცხელება რჩება დელტას მსგავსად ომიკრონის შემთხვევაშიც წამყვანად იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. უფრო მეტად გამოხატულია გულის რევა-ღებინების მომენტები, მუცლის ტკივილი,“ - აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი.

მეექვსე ტალღის პიკს იანვრის ბოლოს ელოდებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ იმასაც, რომ ყოველდღიურად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 20 ათასსაც მიაღწევს.

„შეიძლება იყოს 10 ათასზე მეტი, 20 ათასი დღიური შემთხვევები, წესით ჩვენ უნდა ველოდოთ არა მომატებას სიკვდილების, არამედ შემცირებას, თუკი ჩვენ მობილიზებული გვექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი. ყველაზე დაცული არის ადამიანი, ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია და ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია. ძალიან სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი იმ კონტიგენტში, რომელიც ჯერ არაა აცრილი,“ - ამბობს კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×