ელზა პაპოშვილი
26.12.2021

უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოება ვარკეთილში დატრიალებული მძიმე ტრაგედიის გამო შოკიდან ვერ გამოდის. კვლავ ისმის კითხვები - რატომ მოკლა ახალგაზრდა მამაკაცმა 5 თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე; თუკი ოჯახმა მისი მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ იცოდა, რატომ არაფერი იღონა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია თავიდან აერიდებინათ... როგორც ირკვევა, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ქეთა კეპულაძემ ჩანთა ჩაალაგა და ქმრისგან, 23 წლის გიორგი გზირიშვილისგან წასვლას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურორიც ადასტურებს. 

23 წლის ახლაგზარდამ, რომელიც წარსულში 2-ჯერ არის ნასამართლევი და ასევე ნარკოტილულ ნივთიერებებს მოიხმარდა, სიტყვიერი შელაპარეკების შემდეგ ცოლი დანით დაჩეხა, 30-მდე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. თავად გზირიშვილი სასამართლოზე ამბობს, რომ მან დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა - ცოლმა შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აღარაფერი ახსოვს. როცა გონს მოვიდა, უკვე მკვდარი ცოლი ნახა. პოლიციაც თავად გამოიძახა და ჩაბარდა.

გზირიშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ის ექიმთან მიიყვანეს და მანაც გარკვეული სახის მედიკამენტები დაუნიშნა. ოჯახი არ გამოირცხავს, რომ შესაძლოა გზირიშვილის მდგომარეობა ამ მედიკამენტებმა კიდევ უფრო დაამძიმა. დანით მიყენებული დაზიანებები ხელის არეში თავად დაკავებულსაც აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მას ცოლი წინააღმდეგობას უწევდა.

რატომ გაიმეტა ქმარმა 5 თვის ორსული სასიკვდილოდ, მეზობლებს საუბარი უჭირთ. ყვებიან რომ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის შესახებ არც მანამდე და არც მკვლელობის დღეს არ გაუგიათ.

„ბიჭზეც და გოგოზეც ცუდს ვერაფერს ვიტყვით. ბიჭი სადღაც მუშაობდა, მგონი ხელოსნად. მეზობლებს მისი მხრიდან რამე აგრესია ან კონფლიქტი არ გვინახავს. ჩვეულებრივი, გაწონასწორებული ბიჭი იყო. ცუდს არავის არაფერს უშავებდა. უბრალოდ ბოლო დროს ამბობდა, რომ უმუშევრობის და პრობლემების გამო ცოტა ნევროზთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. 

„ამბობენ, რომ ორი კვირის წინაც უჩხუბიათ. ამის გამო მამამთილს ის ბიძასთან წაუყვანია. მერე ქმარს მიუკითხია და უკან წამოუყვანია. სავარაუდოდ, ქეთას სახლიდან წასვლა უნდოდა. ჩანთა ჩაულაგებია და დაპირისპირებაც არაა გამორიცხული ამის გამო დაიწყო. თუ ოჯახმა იცოდა, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რატომ არ დაეხმარნენ ვერ გეტყვით. ყველა შეძრული ვართ, წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა“, -ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის წინაშე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს - ეს პოზიცია აქვთ მოკლული 22 წლის გოგოს ოჯახს. მანამდე კი ახლობლები მომხდარის კონკრეტულ მიზეზებზე და შესაძლო კონფლიქტზე არაფერს ყვებიან. 

თუ დაკავებულს ბრალდება დაუმტკიცდა, შესაძლოა უვადო პატიმრობაც მიესაჯოს. მის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

„ვარაუდი გვაქვს, რომ ქეთა კეპულაძე სახლიდან წასვლას აპირებდა. მან ქმარს უთხრა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელებას აღარ აპირებდა. ამიტომაც ის სახლიდან მიდიოდა. 

„სავარაუდოდ, სახლში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაბრუნდა და ცოლს 30-მდე ჭრილობა დანით მიაყენა. ჩხუბის მოტივი შესაძლოა ჩალაგებული ჩემოდანი გახდა. მას ცოლის სახლიდან გაშვება არ სურდა. 

„დაახლოებით შუადღის 4 საათისთვის გიორგი გზირიშვილმა 112-ში თავად დარეკა და განაცხადა, რომ ორსული ცოლი დანით მოკლა და სახლში პოლიციის მისვლას ითხოვდა. პირველი მონაცემებით, ქეთა კეპულაძეს ფეხების გარდა სხეულის ყველა ნაწილში ჭრილობები აქვს - გულმკერდის, მუცლისა და ყელის არეში“, - ამბობს საქმის პროკურორი.

სპეციალისტები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თუკი გოგა გზირიშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მას ჰალუცინაციები და ბოდვითი აშლილობა დაწყებოდა და მისი ქმედება უკონტროლო გამხადრიყო. სავარაუდოდ, ქეთას პრობლემა, რომ ის ნარკოდამოკიდებული ქმრის გევრდით ცხოვრებას ვეღარ უძლებდა იცოდნენ და ის გამოსავლის პოვნას ცდილობდა. 

დაკავებულის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გოგა გზირიშვილმა სასამართლოზეც და მასთან შეხვედრის დროსაც ვერ გაიხსენა დაზიანებები როგორ და რა ვითარებაში მიაყენა მეუღლეს. ადვოკატის თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რეალობას ვერ აღიქვამს და არაადეკვატურია.

„არ არის გამორიცხული მკვლელობის დროს ის გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. რაც ვესაუბრე და ვაკვირდები, მოვლენებს ადეკვატურად ვერ აღიქვამს. ვერ ათვიცნობიერებს რა დანაშაული ჩაიდინა და რა მოხდა. გათიშულია და ცოტა კონტაქტში შემოსვლაც უჭირს. 

„პირველი შეხვედრის დროს მითხრა, რომ მას არ ახსოვს რა და როგორ მოხდა, ხოლო როცა აზრზე მოვიდა რა ჩაიდინა, პოლიციაში თავად დარეკა. მას აზროვნება უჭირს, ვერ აანალიზებს რა ხდება. ეს მის ფსიქიკურ აშლილობაზე მიანიშნებს და ამას ალბათ ექსპერტიზაც იტყვის“, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×