თამთა ჩაჩანიძე
26.12.2021

ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ მისი მეზობელი ნინო ნოზაძე მომავალ კვირაში სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. საქმე ეხება გელაშვილის სახლში მოწყობილ საგვარეულო სასაფლაოს, რომელმაც, ნოზაძის თქმით, მის მცირეწლოვან შვილს მძიმე ფსიქოემოციური სტრესი მიაყენა. გელაშვილი საპასუხოდ აცხადებს, რომ ყველაფერი კანონიერად აქვს მოწყობილი.

„გელაშვილის ეზოში მდებარე სასაფლაომ ჩემს შვილს ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენა, სახლს არ ვყიდით. ვალერის თვითონ უნდოდა, რომ გაფართოვებულიყო. თავის ახლობლებს გვიგზავნიდა და გვთავაზობდა. მითხრა, რომ 12 ათასიც არ ღირდა.

„საბურთალოზე ორი ბინა არ მომითხოვია, ეს ცილისწამებაა. თავად გვითხრა ხაშურშივე 40 კვადრატული მეტრის ბინაში გადაგიცვლითო, მაგრამ სახლის გაყიდვა ჩვენი ინტერესი არაა.

„სასაფლაოს ხედის გამო ვუჩივი, რომ ხილვადი არ იყოს. დაახლოებით 30 მეტრშია. ჩემსა და გელაშვილს შორის სახლი იყო, შეიძინა, მოარღვია და უკვე ხილვადი გახდა.

„რაც ეს მედიაში გაჟღერდა, მისი ძმა მირეკავს და მეუბნება, თუ რამდენს ვბედავ და ქვეყანა რატომ შევუყარე, სახლხს მაინც არ გიყიდითო... აქ სახლზე არაა საუბარი, ბავშვი დააზიანა. სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა, დაერეკა და ეკითხა ბავშვს რა დაემართაო. ჩვენ მას დრო მივეცით, ახლა უკვე ვუჩივით. ყველა დოკუმენტი მაქვს, რაც საჭიროა. ექსპერტიზაც ჩატარდება და დამტკიცდება, რომ ეს ნამდვილად ასეა, მე მას არაფერს არ ვძალავ.

„გელაშვილმა მიწის გაჭრა უკანონოდ დაიწყო და ხუთმეტრიანი ბეტონის სასაზღვრო ღობის გაკეთება უნდოდა. მიფარავდა პირველ სართულს და მეორე სართულზე ფანჯრებთან პირდაპირ მიბჯენილი უნდა ყოფილიყო. წავედით მუნიციპალიტეტში. ბატონმა ვალერიმ რაც გააკეთა, ეს მაინც არაა ის, რაზეც ნებართვა აქვს აღებული," - განაცხადა ნინო ნოზაძემ „რეზონანსთან".

მისი ადვოკატი გიორგი ცობეხია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

„როგორც მუნიციპალიტეტმა გვაცნობა, გელაშვილმა სასაფლაო უნებართვოდ მოწაყო. ახლა ვარკვევთ გადმოსვენების ნებართვა თუ ჰქონდა. ამ ინფორმაციის დაზუსტების შემდგომაც ჩვენ ორი წარმოებით სასამართლო დავას ვიწყებთ - ესაა ადმინისტრაციული წესით მუნიციპალიტეტის მიმართ, სადაც ქმედების განხორციელების დავალებას მოვითხოვთ და სამოქალაქო წესით, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოვითხოვთ. მატერიალურ ზიანში მოიაზრება ყველა ის ხარჯი, რომელივ ბავშვის შემოწმებისა და მკურნალობის გამო იქნა გაღებული, რომელიც დამდგარია სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე.

„ბიზნემსმენია, დეპუტატი იყო, თავისი გავლენები აქვს, შესაძლოა ჩათვალა, რომ თავის დროზე ეს პრობლემა არ იყო. სამართლებრივი ჩარჩოებით ვმოქმედებთ. რა დარღვევებიც აქვს განხორციელებული, იმაზე კომპეტენტურ ორგამნოებს მივმართავთ.

„მუნიციპალიტეტს შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით რომ მივმართეთ, უცნაური პასუხი გაგვცა - რომ საქალაქო სასამართლოს მიმართეთ, ჩვენ რეაგირების მექანიზმებნი არ გაგვაჩნიაო. სარჩელის მოსამზადებელი ეტაპია. ორი დასკვნა გვაქვს, მესამეს ველოდებით და მომავალი კვირის ბოლომდე სარჩელი შეტანილი გვექნება.

„ლამაზად და მოწესრიგებულად კი აქვს სასაფლაო. ყველა მიცვალებულს პატივს მივაგებთ, მაგრამ მეორეა ცხრა წლის ბავშვმა იცოდეს, რომ იქ სასაფლაოა. კედლის აშენება იქნება თუ სხვა რამე, სამი სტრატეგია განიხილება. აქედან ყველაზე მსუბუქზე მინდა წავიდეთ.

„რაც საქმეში ჩავერთე, სახლზე საუბარი არ ყოფილა. როგორც ჩემი მარწმუნებელი ამბობს, არც მანამდე არ ჰქონია ადგილი. ესაა ცილისწამება, რომელიც მიზანად ისახავს რეპუტაციის შელახვასა და საზოგადოებაში ნეგატიური აზრის შექმნას. ეს უკვე ახალი გარემოებაა. საკითხი მუშავდება და შესაძლოა მესამე სარჩელითაც შევიდეთ და გავრცელებული ცილისწამების უარყოფა მოვითხოვოთ.

„სახლი პაპისაა, ნათხოვი აქვს არ გაყიდოთო. არც გაყიდვა და არც ფულადი კონპენსაცია არ განიხილება. როგორც მარწმნუნებელმა განმიმარტა, საუბარი იყო ხაშურში რაღაც ბინაზე, რაზეც მყისიერად უარი უთხრა," - განაცხადა ადვოკატმა.

თავად ვალერი გელშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სასაფლაოს ფილები მიწის დონეზე აქვს დაგებული, ცუდი ხედი არაა და ყველაფერი კანონიერად აქვს მოწყობილი.

„იჩივლონ სასამართლოში, ჟურნალისტებთან სირბილს მაგათ დიდი ხანია ვუთხარი, რომ იჩივლეთ-მეთქი. 2016 წელს, როცა დედაჩემი დავასვენეთ, კანონით აკრძალვა არ იყო. 2018-ში შემოვიდა კანონი და შეიცვალა. ამიტომ კანონიერადაა დასვენებული ჩემს ეზოში.

„არაფერი ცუდი ხედი არაა. მიწის დონეზე ფილაა დაგებული. როცა კედლის აშენებას ვაპირებდი, არ ამაშენებინეს. შეეკითხეთ თავად. რაიონში პროექტი და ნებართვა გავაკეთე.

„15 ათას დოლარიან სახლში საბურთალოზე ორ ბინას ითხოვდნენ. რომ არ მივეცი, ახლა უარყოფენ, აბა, რას იზამენ... ორთაჭალაში შევთავაზე ბინა. ჩასასვენებელზე და დასვენებულ ხალხზე საუბარი უზნეობაა. 6 წელი გახდა, რაც დედაჩემი დავასვენე და აქამდე სად იყვნენ?"- განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×