თეონა ვეშაგური
25.12.2021

საქართველოში „კოვიდ"-19-ის ახალი შტამის „ომიკრონის" უკვე 48 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორი მიმდინარეობა აქვს მას ბავშვებში და რამდენად მაშტაბურია გავრცელების რისკები?

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რადგან აცრები 12 წლამდე არ კეთდება, ბავშვებში გავრცელების რისკი მაღალია. თუმცა, ახალი შტამის მიმდინარეობა ბევრად მსუბუქია წინა შტამებთან შედარებით.

„ჯერჯერობით, ბავშვებში გავრცელების რისკებთან დაკავშირებით მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ „ომიკრონი" მაინც ახალგაზრდა ასაკში ვრცელდება, განსაკუთრებით კი იმ პოპულაციებში, სადაც ვაქცინაცია ჩატარებული არ არის. თანაც, 12 წლამდე ბავშვებში აცრები არ კეთდება, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფებში ახალ შტამს, რა თქმა უნდა, გავრცელების მეტი შანსი აქვს.

„რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, 50-დან 70%-მდე უფრო ნაკლები სიმწვავით მიმდინარეობს, ვიდრე „დელტა" შტამის შემთხვევაში. ნაკლებია სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის რისკებიც. არ მგონია და არცერთი ქვეყანა არ აჩვენებს, რომ ბავშვებისთვის რაიმე განსაკუთრებული რისკები შეიძლება მოჰყვეს ახალ შტამს", - განაცხადა კულუმბეგოვმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ბავშვებში „ომიკრონის" მწვავედ მიმდინარეობის რისკებს გამორიცხავს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძეც.

„ახალი შტამი ბავშვებში ბევრად უფრო მსუბქი სივტომატიკით მიმდინარეობს, ვიდრე ეს წინა შტამების დროს ხდებოდა", -განაცხადა ენდელაძემ „რეზონანსთან" საუბრისას

კორონავირუსის ახალი შტამის მიმდინარეობისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ განმარტებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძეც აკეთებს.

„ომიკრონის" მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას - ეს არის ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მსუბუქად გამოხატული. შესაძლებელია იყოს ამ დროს ოფლიანობაც, ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე, 3-4 დღეში ეს სიმპტომები მთავრდება.

„ამასთან, მას ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს. ინფიცირებულთან კონტაქტიდან დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, თუ პირველი ვარიანტის დროს 14 დღემდე ვთვლიდით ინკუბაციურ პერიოდს, ამ შემთხვევაში, ეს პერიოდი 3-5 დღეა. კონტაქტის შემდეგ ძალიან სწრაფად ხდება ადამიანი ავად, მაგრამ მისი მიმდინარეობა, დელტა ვარიანტისგან განსხვავებით, მსუბუქია.

„სამხრეთ აფრიკაში „ომიკრონით" ინფიცირებულები ძირითადად 29-30 წლის იყვნენ, თუმცა როგორ მოიქცევა ეს შტამი ხანშიშესულებში, ჯერჯერობით დაზუსტებას საჭიროებს," - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×