ელზა პაპოშვილი
24.12.2021

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დღეს 4 პირი დააკავეს. დაკავებულებიდან სამი ბორჯომში, ადგილობრივი ბიზნესმენის რეკეტში, ხოლო ერთი ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის და ძვირადღირებული ავტომობილის გამოძალვაშია ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე დანაშაულებრივი ეპიზოდის შესახებ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

აღნიშნულ საქმეზე საქმეზე დაკავებულები არიან ლაშა ჯავახაძე, ნიკოლოზ შელია დავით წიქარიშვილი, ასევე კრიმინალური „ავტორიტეტი“ ირაკლი დანგაძე, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია სოხუმსკის შვილი. საქმის მასალებში დევს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებიც. სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ოთხივე დაკავებული  წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები ბორჯომში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს ფულს სისტემატურად სძალავდნენ.

საუბარია კრიმინალურ „ავტორიტეტ“ ირაკლი დანგაძეზე. ის ცნობილი „კანონიერი ქურდის“, გია დანგაძის (სოხუმსკი) შვილია.

გავრცელდა ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის საუბარი, როგორ სძალავენ კრიმინალები მოქალაქეს ფულს და აიძულებენ მას თანხის გადახდას. 

ი.დ.: სწორად გამიგე რასაც გეუბნები. მე გეუბნები ადამიანური თვალსაზრისით, არა განაბური, თან აქანე ბიჯო შვილი გეზრდება...ხო იცი კარგად რასაც გეუბნები? ი ბაღანა ხო იცი, რომ უნდა ჩაბარდეს.

ი.დ.: სანამ კიდო 5-ს მომიტანდი და 2 თვე კიდო კი არა, ლამის აგიყვანო, წაგიყვანო იმ ადგილას, რაც გაგიმზადე...

ი.დ.: 5000 დოლარს ახლა მე რომ დამიფარავ, დარჩება 10 000 დოლარი, გამიგე? და მანქანა, მანქანას როდის ჩამაბარებ?!“ - ეს საუბარი ვიდეოჩანაწერში ისმის.

რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერის შინაარსს: 

ნ.შ.-პ.გ. მე ვუთხარი ქურდები გაგიჟებულები არიან, მე ვუთხარი, ვისი ბავშვი ჩამოსვი მანქანიდან, ვისი. ხო (ეგ)გააცანი, როგორც ძველი ბიჭი თავიმეთქი, ეხლა მოგჭრა თავიმეთქი, მე ვუთხარი. მთელს ბორჯომში გაგიბაზრდა, რომ ლაშასნაირი ძველი ბიჭები მკიდია ყ...ო. აი ამას გეუბნები, რომ აი ასე იძახის. შენთან უკვე შეკითხვები კი არა, პრეტენზიები აქვს, მე ვუთხარი ხალხს, ქურდებს. ჩამოეთრიე მე ვუთხარი, ბავშვს მანქანა დავუბრუნოთ უნდა, უეჭველი. ასეთი გადაწყვეტილება აქვს მეთქი და... 1 საათშიო ძმაო, მე ქურდებს დავურეკავო და თუ ერთმანეს არ დაურეკეს კაროჩე... 

დაკავებულები ამ ეტაპზე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. 

ირაკლი დანგაძის ადვოკატის, ნინო შავგულიძის ინფორმაციით, დაკავებული დანგაძე გაურკვევლობაშია და არ იცის, რაში სდებს მას გამოძიება ბრალს. 

„რამდენიმე წუთის წინ გვქონდა შეხვედრა. უარი განაცხადა რაიმე პოზიციის დაფიქსირებაზე იქამდე, სანამ საქმის მასალებს დეტალურად არ გავეცნობით. ჯერ არაფერი არ გადმოუციათ, გაურკვევლობაშია თვითონაც, რაში დებენ ბრალს და მეც მიკვირს. თუმცა საქმის მასალებს როცა დეტალურად გავეცნობი, შემდეგ შემიძლია პროგნოზი გავაკეთო, ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ  გეტყვით,“ - აცხადებს ნინო შავგულიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×