ხატია ბერიძე
24.12.2021

საქართველოში ომიკრონის თავდაპირველი ორი შემთხვევიდან ყველა კონტაქტს დაუდასტურდა ვირუსი და დღეისთვის უკვე 29 შემთხვევა გვაქვს. ახალი შტამის გავრცელების მაჩვენებელი დელტასთან შედარებით ძალიან მაღალია, სწორედ ამიტომ იანვრის შუა რიცხვებში მის პიკს ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამმა „ომიკრონმა" ცირკულაცია უკვე დაიწყო ამასთან დაკავშირებით განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში ომიკრონის შტამის ლაბორატორიულად 29 შემთხვევაა დადასტურებული. ამათგან მხოლოდ ერთს დასჭირდა სტაციონარული მკურნალობა.

„დაემატა ომიკრონის შტამის კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. სულ დადასტურებულია 29 შემთხვევა, მაგრამ ალბათ გაცილებით მეტია, რამეთუ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 30 ნოემბერს დაგზავნილი, სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები ბოლო დღეების განმავლობაში უფრო გახშირდა. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება დაშვებული იქნას, რომ იყოს ომიკრონი. შემდეგ კი მისი გადამოწმება ხდება ლუგარის ცენტრში. ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ გახლავთ ომიკრონის შტამი. ფაქტობრივად ომიკრონმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. ყველა დადასტურებულ შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. არც ერთს, გარდა ერთისა, სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირვებია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ვარიანტი დელტასთან შედარებით უფრო მსუბუქია, მაგრამ გავრცელების მასშტაბურობით ვარაუდობენ რომ ომიკრონი უფრო ვერაგია ვიდრე დელტა. სწორედ ამიტომ დაახლოებით სამ კვირაში ქვეყანაში ამ ვირუსის გავრცელების პიკს ელოდებიან, რის გამოც შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდეს.

„თუ ჩვენ ვერ გავზრდით პირბადის ტარებისა და აცრების მაჩვენებლებს, ომიკრონი გვერდს არ აგვივლის. პროგნოზი ასეთია, რომ მისმა გავრცელებამ პიკს შესაძლოა სწორედ იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს. მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე, შემდეგ გამოვედი და ვთქვი ამის შესახებ. დღეში თუ 10, 15, 20 ათასი შემთხვევა გვექნება, სხვა რა გამოსავალი იქნება? საბედნიეროდ, ომიკრონი დელტასავით ვერაგი არ არის, მაღალი სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია არ აქვს. წარმოიდგინეთ, დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული საქართველოსთვის რა იქნება. შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს", - განახადა გამყრელიძემ.

სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახალი წლის მერე გვექნება ინფიცირებულთა უფრო მაღალი რაოდენობა, ვიდრე ეს დელტას პიკის დროს გვქონდა.

„ომიკრონი დელტაზე უფრო მარტივად რომ ვრცელდება, ამაზე აღარავინ დავობს. ახალი წლის მერე შესაძლოა გვქონდეს მისი პიკი, რადგან ახლა უფრო მეტია მობილობა, წინ კი მრავალი დღესასწაულია. სწორედ ამ დღესასწაულებს უკავშირდება ის მოლოდინი, რომ გვექნება ინფიცირების ძალიან მაღალი რიცხვი. შეზღუდვების ამოქმედება არ შველის ამ ყველაფერს, სახელმწიფომ 1-დან 10-იანვრამდე დასვენების დღეებად იმიტომ გამოაცხადა, რომ საზოგადოებას მასობრივი შეკრებებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პირიქით აღიქმება ჩვენს საზოგადოებაში. ამ შტამთან ბრძოლაშიც ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და, ცხადია, აცრა. ვაქცინაცია ამ შტამის პირობებშიც კი მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ვირუსის არ გართულებას. ასე რომ, მოსახლეობას კვლავ ვთხოვ ახლა მაინც აიცრას", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×