თამთა ჩაჩანიძე
23.12.2021

ლუდომანია იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - ესაა ზოგისთვის მომავალი საფრთხე, ზოგისთვის კი უკვე დამტყდარი უბედურება, სუიციდის თუ პერსპექტივების მოსპობის სახით. ამის აღმოსაფხვრელად კი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას მიესალმებიან როგორც ფსიქოლოგები, ასევე ეკონომისტების დიდი ნაწილი, ხალხში კი ამ საკითხზე ლამის საყოველთაო კონსენსუსია. თუმცა პარლამენტში კანონპროექტი გააკრიტიკა ოპოზიციამ, რისი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ეს ოპოზიციური ტელეკომპანიებს ეკონომიკურ ინტერესებს დააზარალებდა.

სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების ინიციატივა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომლის თქმითაც ის „არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება სექტორს და ე.წ. ლენდ კაზინოებს, ჩვენ აქ განსხვავებული მიდგომა გვაქვს. ბიზნესს ექნება ხელშეწყობა და სტიმულირება, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს".

ახალი რეგულაციებით იკრძალება საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეების დაშვება როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ე.წ. „სახმელეთო კაზინოებში". თუმცა, ასაკობრივი შეზღუდვა არ იმოქმედებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის და მათ ასეთი შესაძლებლობა 18 წლის ასაკიდან ეძლევათ. თამაშზე დამოკიდებულ და იმ პირთა სიას, რომელთაც თამაში ეკრძალებათ შემოსავლების სამსახური შეადგენს. სიაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ის პირები შევლენ, რომლებიც ან თავად დარეგისტრირდენენ ან ამ სიაში სასამართლომ შეიტანა. მთავრობის განცხადებით შავ სიაში დაახლოებით ერთი მილიონი მოქალაქე შევა, მათ შორის საჯარო მოხელეები და სოციალურად დაუცველი პირები.

ამასთან, სათამაშო ბიზნესს 2022 წლის 1 იანვრიდან გადასახადები 65-70%-ით გაეზრდება. ასევე 2022 წლის 1 მარტიდან მას ეკრძალება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის კომპანიებისათვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, ძირითადად სპორტის სფეროში.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, 1-ელი მარტი ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა სათამაშო ბიზნესის სფეროში ინიცირებული რეგულაციების ეფექტურად ამოქმედდეს. ამის შემდეგ კანონპროექტმა შეიძლება განიცადოს გარკვეული კორექტივები, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი გარემოებები და მასზე რეაგირება გახდეს საჭირო. ხუციშვილისვე განცხადებით, არიან ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირში, სადაც ბევრად მძიმე საგადასახადო ტვირთი და უფრო მეტი შეზღუდვა არსებობს.

ეს კანონი სპორტსმენებმაც გააპროტესტეს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სპორტსმენებმა უნდა მონახონ უფრო ოპტიმალური გზა და გაუბედურებული ხალხის ფულით არ უნდა ფინანსდემოდნენ.

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ახალგაზრდებისთვის, ნარკომანიაზე არანაკლებ დამღუპველია.

„ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) არანაკლებ დამღუპველია, ვიდრე ნარკომანია. შესაძლოა ჯანმრთელობას ისე არ ვნებს, როგორც ნარკოტიკი, მაგრამ პიროვნების მთლიანობას და მის ცხოვრებას არანაკლებ ანგრევს, რადგან ამ აზარტულ გატაცებას წინააღმდეგობას ვეღარ უწევს და მზადაა, რომ ყველაფერი ანაცვალოს, ახლობლებიდან დაწყებული, ცხოვრების პერსპექტივებით დამთავრებული. ფაქტიურად ქვეყანაც აქტიურ, ენერგიით სავსე ადამიანებს კარგავს. ამ ფონზე ეს ნაბიჯი, ვთვლი, რომ ცოტა დაგვიანებულიცაა. თან ქვეყანას ერთი რამეც გასარკვევი აქვს, თუკი გადაწყვეტთ, რომ ამ ქვეყნის შემოსავლის წყარო აზარტული თამაშები იყოს, მაშინ მივცეთ ლეგალურობა ნარკომანიასაც, ასევე ლეგალური გავხადოთ პროსტიტუციაც. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ადამიანების ბნელი მხარეებით და ბნელი ვნებების ხარჯზე მდიდრდებიან, ამიტომ თვითონ ქვეყნისთვისაც სამარცხვინოა. ჩავიხედოთ სარკეში როგორც ქვეყანამ და გადავწყვიტოთ, რა იერი გვინდა რომ გვინდა რომ გვქონდეს.

„რაც შეეხება ტელევიზიის დაფინანსების პრობლემას, არაა გამორიცხული, რომ რაღაც სხვა გზებიც მოიძებნოს. მაშინ მოითხოვონ ნარკოტიკების რეკლამა, რატომ არ ითხოვენ, ანალოგიურად ეს სპორტსმენებმაც გააპროტესტეს, მათ მიმართაც ეს კითხვა ისმევა, მაშინ თუკი სპორტს ნარკობარონები დააფინანსებენ, მაშინ მათთვის ნარკომანიაც მისაღები გახდება?" - კითხულობს რამაზ საყვარელიძემ.

ეკონომისტი იოსებ არჩვაძე კი რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სათამაშო ბიზნესიდან ეკონომიკური სარგებელი სოციალურ დანახარჯებთან შედარებით მცირეა, აკრძალვების პარალელურად მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, განათლებასა და მეცნიერებაში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს.

„ეკონომიკურ სარგებელს რაც შეეხება, უშუალოდ ამ ბიზნესში პლუს-მინუს ათიათას ადამიანამდე ადამიანია დასაქმებული, საბიუჯეტო შემოსავლები ყველაზე პიკურ 2019 წელს ყველა სახის სათამაშო ბიზნესიდან დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე იყო, გასულ წელს გასაგები მიზეზების გამო ეს მკვეთრად შემცირდა, თუმცა აქ ერთი მომენტია, ჩვენ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური რომანტიზმი და ინფანტილიზმი, რომ შეიძლება თამაშის მეშვეობით ადამიანმა ყველა თავისი ცხოვრებისეული ყოფითი და ეკონომიკური პრობლემა გადაწყვიტოს.

„სათამაშო ბიზნესი რელაქსაციის საშუალებაცაა, მაგრამ ნათქვამია განსხვავება წამალსა და საწამლავს შორის მხოლოდ დოზაშია. ბევრ ქვეყანაში შედიან, თამაშობენ მხოლოდ იმისთვის, რომ განიმუხტონ, დაისვენონ, ჩვენთან კი ამ პროცესს ე.წ. ელიოზის კომლექსს დავარქმევდი, ლეონიძის ნატვრის ხეში ელიოზი, რომ ნატვრის თვალს ეძებს და ამით სურს რომ თავისი გაჭირვებული მდგომარეობა მყისიერად გამოასწოროს.

„ჩვენ ისეთი სიტუაცია უნდა შევქმნათ, რომ ასეთი ინფანტილიზმისა და რომანტიული დამოკიდებულებისგან გავათავისუფლოთ არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ საშუალო და ძველგაზრდა თაობები, რადგან აქაც აღნიშნული თამაშისადმი მიდრეკილება შეინიშნება. ინტელექტის განვითარებით, ცოდნის დაგროვებით და აკუმულაციის გადაცემით ადამიანმა უნდა შეძლოს თავისი ყოფითი მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესება. ესაა ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რაც პარლამენტის მიერ იქნა მიღებული,"- განაცხადა იოსებ არჩვეძემ.

2021 წლის 10 თვეში აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში, ჯამში 55,9 მლნ ლარი შევიდა. მათ შორის, აქედან ონლაინ კაზინოებზე 9,819 მლნ ლარი მოდის. რაც შეეხება გასულ წელს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 16 მლნ ლარი შევიდა, მათ შორის, ონლაინ თამაშებიდან 9,461 მლნ ლარი.

პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 97,5 მლნ ლარი გადაიხადა, აქედან 9,3 მლნ ლარი ონლაინ თამაშებიდან. ამავე დროს, პანდემიის პერიოდში სამორინეების მოგება გაიზარდა. 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ, არც მეტი არც ნაკლები, 32 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6.2 მილიარდით ლარით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. შარშან სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში 28%-მდე გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×