ხატია ბერიძე
23.12.2021

დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე სახალწლო ბაზრობების გაუქმება არ იგეგმება. როგორც „რეზონანსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ეს დანამდვილებით იციან, თუმცა ჯერ არ არის ზუსტად ცნობლი, გაიმართება თუ არა საახალწლო კონცერტები. პრესსამსახურში თქვეს, რომ ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ.

თბილისის მერია საახალწლო კონცერტებისთვისა და ღონისძიებებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯვას გეგმას. გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების თანახმად, თბილისში საახალწლო ღონისძიებების გამართვა 15 დღის განმავლობაშია დაგეგმილი. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე საახალწლო ბაზრობები და კონცერტები გაიმართება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებით ქვეყნებს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც საახალწლო ღონისძიებების გაუქმებას უკავშირდება. მათი განცხადებით, „ღონისძიებების გაუქმება სიცოცხლის მოსპობაზე უმჯობესია". სხვადასხვა ქვეყნებმა ეს რეკომენდაცია გაითვალისწინეს და დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს ან ფორმატი შეუცვალეს.

ჯანმოს დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კოვიდის გარეშე ცხოვრებისთვის ახლა რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

„ყველა დაიღალა კოვიდპანდემიით. თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს. ნორმალურ ცხოვრების დაბრუნება ყველას სურვილია, ამის მისაღწევად კი ყველაზე სწრაფი გზა ისეთი რთული გადაწყვეტილებების მიღებაა, რომელიც აუცილებელია საკუთარი და სხვების სიცოცხლის დასაცავად.

„საახალწლო ღონისძიებების გაუქმება სიცოცხლის მოსპობაზე უმჯობესია. სჯობს ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით", - განაცხადა გერბერიუსმა.

ჯანმოს რეგულაციიები ახალი შტამის „ომიკრონის" გავრცელების გამო უფრო ყურადსაღებია. ვირუსის ახალი ვარიანტის გამო პარიზში ტრადიციული საახალწლო ფოიერვერკის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. პარიზის მერიის ინფორმაციით, ფოიერვერკთან ერთად გაუქმებულია საახალწლო კონცერტიც.

ყოველწლიური საახალწლო ღონისძიების ფორმატი შეცვალა ლონდონმაც. ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა ტრაფალგარის მოედანზე დაგეგმილ საახალწლო კონცერტზე მოსახლეობის დასწრების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. საახალწლო კონცერტი და ტრადიციული ფოიერვერკი „ბიბისის" ეთერში იქნება ნაჩვენები. სადიკ ხანის განცხადებით, მოსახლეობის დასწრებაზე შეზღუდვა საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო მოხდა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა, ლონდონის მაცხოვრებლების უკმაყოფილება მოჰყვეს, მაგრამ ვირუსის გავრცელების შესამცირებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან"საუბრისას აცხადებს, რომ საახალწლო ღონისძიებების გამართვა მასშტაბურად გაზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას და ზამთარი კიდევ უფრო რთული გვექნება, ვიდრე ახლაა.

„ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ჯერჯერობით კოვიდი არის პანდემია და არა ენდემია. ახლა ყველგან წასვლას უნდა ვერიდებოდეთ და მითუმეტეს თავყრილობებს. ადამიანები, რომლებიც არ იცრებიან და თან ასეთ ღონისძიებებზე დადიან, იმ კაცს ჰგვანან, რომელიც იმ ხის ტოტს ჭრის, რაზეც ზის. შედეგი კი ყველამ ვიცით - ჩამოვარდება. აცრა თუ არ გინდა და შენი თავის დაცვა, იყავი სახლში და ასეთ ყრილობებზე მაინც ნუ გახვალ...

„რა შედეგს გამოიღებს მასშტაბური ღონისძიებები ყველამ იცის - ისედაც მოსალოდნელ რთულ ზამთარს ეს კიდევ უფრო საგანგაშოს გახდის და ინფიცირებაც გაგვეზრდება და გარდაცვალებაც. ამიტომ ყველას მოუწოდებ თავი შეიკავონ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე გასვლისაგან", - განაცხადა ირაკი ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×