ხატია ბერიძე
07.10.2021

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოზარდების, კონკრეტულად 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯფუფის, ფართო ვაქცინაცია გადაწყვიტა.საქართველო კი ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრის უფლებას მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე მოზარდებს აძლევს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 12-15 წლის მოზარდების აცრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე მიიღება.

„12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ამ ეტაპზე აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ,,რეზონანსთან" ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, მოზარდების აცრა უფრო ადრე დაწყებულიყო.

,,მოზარდებში ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფისთვის ჩემი მხრიდან შეფასების საგანი ვერ გახდება, რადგან მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაცია სხვა ბევრ ქვეყანაშიც დიდი ხანია მიმდინარეობს. საქართველოშიც სასურველი იქნებოდა მოზარდთა აცრის კამპანია დიდი ხნის წინ დაწყებულიყო.

,,მოზარდების ვაქცინაცია, ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის სასურველი იყო უფრო მასშტაბური ყოფილიყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა სასწავლო პროცესი ამ ასაკის ბავშვებისთვის საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, სკოლაში კი ყველაზე ხშირია ახლო კონტაქტი ბავშვებში, რაც პანდემიის პირობებში ძალიან ცუდ შედეგს გვაძლევს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მშობლებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა მათი სურვილის მიხედვით აეცრათ შვილები", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ზოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×