ხატია ბერიძე
06.10.2021

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბევრ ქვეყანაში განახლდა საუბრები ე.წ. ორმაგი ეპიდემიის საფრთხეზე, რომელმაც კოვიდ-19-ით დამძიმებული სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს და მსხვერპლი მნიშვნელოვნად. გაზარდოს. საუბარია გრიპის სეზონურ ინფექციაზე, რომელიც, ბევრი სპეციალისტის მოსაზრებით, კოვიდ-19-თან ერთად ერთგვარ სინერგიულ ეფექტს მოგვცემს და ათეულობით ან ასეულობით ათასი ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს.

ბევრი დასავლელი კოლეგისგან განსხვავებით, ქართველი სპეციალისტები ამ სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებენ. ამბობენ, რომ ამ ოპტიმიზმის საფუძველი შარშანდელი გრიპის სეზონია, როცა, მიუხედავად მოლოდინისა, არც არაფერი მომხდარა.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, წელს ისევე როგორც შარშან საქართველოში გრიპის ვირუსი მასობრივად არ გავრცელდება, რადგან კოვიდ-რეგულაციები ავტომატურად ამცირებს გრიპის ვირუსის ცირკულაციას.

„კოვიდისა და გრიპის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები აბსოლუტურად იდენტურია, ამიტომ ჩვენ თუ განვაგრძობთ რეგულაციების დაცვას, ამით მნიშვნელოვნად შევამცირებთ გრიპის ეპიდემიის დაწყების რისკსაც. ჰიგიენა, პირბადის ტარება და ვაქცინაცია - ეს ღონისძიებები ორმაგი ეპიდემიის საფრთხეს აგვარიდებს.

,,ჩემი პირადი აზრით, იმის გადაჭრით თქმა, იქნება თუ არა ორმაგი ეპიდემია მსოფლიოში, რთულია. შარშანაც ვარაუდობდნენ, რომ გრიპის გავრცელების მხრივ მძიმე სიტუაცია იქნებოდა, თუმცა პირიქით მოხდა. ისე დამთავრდა შემოდგომაც და ადრე გაზაფხულიც, რომ არც საქართველოში და არც ევროპაში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა გრიპის ეპიდემიის ეპიზოდები, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო", - აცხადებს ცერცვაძე

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად სეზონური გრიპის, გაციების და რესპირატორული ინფექციების შერჩევით ტესტირებას ატარებებს, რაც გრიპის ეპიდემიის დაწყების პროგნოზირებას გახდის შესაძლებელს

,,შერჩევითი ტესტირება პერიოდულად მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს კეთდება იმისთვის, რომ შევძლოთ პროგნოზის გააკეთება გრიპის ეპიდემიის მოსალოდნელ საფრთხეზე.ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით, გრიპის არცერთი შემთხვევა არ გამოუვლენიათ. თუ გამოიკვეთა ვირუსის გავრცელების მკვეთრი დინამიკა, ჩვენ წინასწარ გვეცოდინება ამის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისთვის", - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძეც ,,რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ორმაგი ეპიდემია საქართველოში შეიძლება საერთოდ არ იყოს.

,,კოვიდ-რეგულაციები და განსაკუთრებით პირბადის ტარება არის ამ დროისთვის ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ორმაგი ეპიდემიისგან გვიცავს. საქართველოს მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით მოსახლეობის 50% პირბადით გადაადგილდება, რაც სეზონურ გრიპს მნიშვნელოვნად აფერხებს. პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ გავზრდით, ორმაგი ეპიდემია არ გვექნება", - აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, საქართველოში სეზონური გრიპის მასშტაბური გავრცელების საფრთხე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ სრულიად აღმოიფხვრება.

,,ორმაგი ეპიდემიის თავიდან ასარიდებლად, საკმაოდ მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა, რომელიც სახელმწიფოში ხელმისაწვდომია. ასევე, გასათვალისწინებელია დისტანციის დაცვა, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით შესრულება და ორმაგ ეპიდემიას ისევე, როგორც წინა წელს საქართველო გადაურჩება", - განაცხადა აკაკი ზოიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×