თეონა ვეშაგური
06.10.2021

შესაძლებელია რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით" დაიწყოს. ამასთან, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი თვლის, რომ თუ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ 20 ათასი ადამიანი არ ააცრა, პრიორიტეტულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაციის რეკომენდაციის განხილვა აუცილებელი გახდება.

„12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი ჯერ კიდევ მაისში გადადგა. ისინი ემზადებოდნენ სწავლის დაწყებისთვის, რათა მათ ბავშვებთან ყოფილიყო მაქსიმალურად შემცირებული ინფიცირების რისკი.

„აშშ „ფაიზერის" ვაქცინის კლინიკური კვლევების შედეგებს უკვე აგზავნის და ამ კვლევებში წერია, რომ 5-12 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა. აშშ მალე შეიტანს განაცხადს ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის თანხმობაზე. ისინი ელოდებიან, რომ ეს თანხმობა წლის ბოლომდე იქნება მიღებული. წლის ბოლომდე ამ ორივე ასაკობრივ ჯგუფში დაწყებული იქნება ვაქცინაცია. იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება განხილული ეს საკითხები. ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ დავიწყოთ რისკის ჯგუფში მყოფი 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერით". ესენი არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი დაავადებები, ნერვული სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიები ან ქრონიკული დაავადებები.

„მეორე ვერსიაა, რომ ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, 12-15 წლის ყველა ბავშვს შევთავაზოთ ვაქცინაცია. ან ერთი, ან მეორე სცენარის მიღების შემთხვევაში, უკვე ძალიან მალე, ალბათ, რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ, რომ 12 წლის ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება შესაძლებელია", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის, ქვეყანაში გარკვეული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაცია დაიწყოს, თუმცა ეს მხოლოდ სარეზერვო გეგმაა.

„თუ შედეგს მივიღებთ, ძალიან კარგია, არ დაგვჭირდება სავალდებულო ვაქცინაციაზე ფიქრი. 20 ათასის ქვემოთ ჩვენთვის ყველაფერი მცირეა. მინიმუმ 20 ათასი (აცრა დღეში) არის ის რიცხვი, რომელიც წლის ბოლოს მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველომ მიაღწია პანდემიის კონტროლს. ეს არ არის საბოლოო სამიზნე. ჩვენი საბოლოო სამიზნე, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გათვალისწინებით, არის მოზრდილი მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე გადალახა და ის რიცხვი, რომლისკენაც ყველა ის ქვეყანა მიისწრაფვის, სადაც დელტა ვარიანტი არის დომინანტური. ჩვენც ამ ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით", - განაცხადა ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×