თეონა ვეშაგური
05.10.2021

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტუდენტთა მხოლოდ 28%-ია აცრილი. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია - მხოლოდ 6%. სპეციალისტებს აცრებისადმი ახალგაზრდების ასეთი სკეპტიკური დამოიდებულების ახსნა უჭირთ. ასაკოვანი მოქალაქეების პასიურობას კი რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ამასთან, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სტუდენტები საზოგადოების ყველაზე მობილურ ჯგუფს წარმოადგენენ და პანდემიის დასასრულებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მათი მინიმუმ ნახევარი მაინც აცრილი იყოს.

„აღნიშნულ ჯგუფებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ძალიან სამწუხარო რეალობაა. ჩემთვის პირადად საკვირველია აცრის დაბალი დონე სტუტენტებში, რადგან ვთვლი, რომ ახალგაზრდები მეტი აქტიურობით უნდა გამოირჩეოდნენ.

„ამასთან, სტუდენტები მობილობის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენენ. ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები. თუ ჩვენ სტუდენტთა მინიმუმ ნახევარი არ გვეყოლება ვაქცინირებული, ეს გაზრდის ეპიდემიის გაუარესების რისკებს.

„რაც შეეხება 60 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინირების დაბალ მაჩვენებელს, რომელიც 6% -ს შეადგენს, ეს რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. ასაკოვან მოსახლეობას აქვს რეგისტრაციის პრობლემა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში, სადაც არ აქვთ საშუალება დარეგისტრირდნენ აცრაზე, ან მივიდნენ ვაქცინაციის პუნქტებამდე. ამიტომ ვთვლი, რომ უნდა გააქტიურდნენ მობილური ამცრელი ჯგუფები, განსაკუთრებით რეგიონებში", - განაცხადა გოგინავამ.

ინფექციონისტმა იმ ჯგუფების ვაქცინაციის სარგებლიანობაში დარწმუნების გზებზეც ისაუბრა რომელშიც დაბალი აცრის პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება და განაცხადა, რომ მთავარი სწორი კომუნიკაციაა.

„ამ ადამიანებთან სწორი კომუნიკაციაა საჭირო, რადგან ყველას იმ ტიპის ახსნა არ შველის, რასაც მხოლოდ მედიასაშუალებებით ისმენენ. ამიტომ აუცილებელია მეტი ჩართულობა და კამპანიის წარმოება, რათა ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ", - განაცხადა გოგინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×