ელზა პაპოშვილი
27.09.2021

ყაჩაღობა მარნეულში - გვიან ღამით, შულავერის დასახლებაში 71  წლის ქალის სახლში ქურდები შეუვარდნენ. მეზობლების ინფორმაციით, მათ ქალი გაკოჭეს და ცივი იარაღის მუქარით ფული და ოქროულობა წაიღეს. ქალი სახლში მარტო ცხოვრობს, ამიტომაც ის უკვე დაბმული მეზობლებმა დილით  იპოვეს. მოხუცი ამბობს, რომ მას ცემით და მოკვლით ექმურებოდნენ, ამიტომაც ოქროს და ფულის ადგილსამყოფელი თავად დაუსახელა. 

მოხუცის მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მძარცველები შეიარაღებული იყვნენ და ნიღბები ეკეთათ. არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივები იყვნენ, რადგანაც მათ კარგად იცოდნენ, რომ მოხუცს ფული და ოქრო ჰქონდა. 

„დილით მეზობელი გამოვიდა და ქალის სახლის კარი ღია დაინახა. დაუძახა, მაგრამ პასუხი არ გასცა. რადგანაც მოხუცია, შეეშინდა ცუდად ხომ არ არისო და შეიხედა. საძინებელში დაბმული დახვდა. შეყარა მეზობლები - მიშველეთ, მოხუცი გაუძარცვიათო და ჩვენც პოლიცია გამოვიძახეთ. 

„თავად ამბობს, რომ 4 ადამიანი იყო, შეიარაღებულები და ნიღბებით. არ ვიცი, მათი ამოცნობა ვერ შეძლო, მაგრამ უთქვამთ - თუ ოქროსა და ფულს არ მოგვცემ, ჯერ გცემთ , გაწამებთ და შემდეგ მოგკლავთო. 

„ქალი მარტო ცხოვრობს. მისი შვილები აქ არ ცხოვრობენ. ამიტომაც შეეშინდა და ალბათ გამოგზავნილი ფული რაც ჰქონდა, მისცა. ოქროც მოგვეციო და ისიც უთხრა სადაც  ჰქონდა. 

„სავარაუდოდ, ადგილობრივები უნდა იყვნენ. აბა, აქ უცხომ ვინ იცოდა მოხუც ქალს რა ჰქონდა?!

„მეზობლებს არაფერი არ გაგვიგია. სახლში მძინარეს დაადგნენ და ისე ჩუმად იმოქმედეს, ვერავინ ვერაფერი გაიგო. ახლა გავიგეთ, რომ 4 ადამიანი დაუკავებიათ. ჯერ არ ვიცით ვინ არიან“, - ამბობს მოხუცი  ქალის მეზობელი „რეზონანსთან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1 000 ლარზე მეტ თანხას, 3 000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×