ელზა პაპოშვილი
26.09.2021

ვინ ჩაცხრილა სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი 4 წლის წინ, ისევ დაუდგენელია. შსს-მ მომხდარზე ერთი პირი, ომარ ბაციკაძე დააკავა, თუმცა გამოძიება მას მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება და საქმეში მკვლელობა არ ჩანს. ოჯახი და მათი ადვოკატი ფიქრობენ, რომ დამნაშავეს ხელს აფარებენ. მათი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დედა-შვილი სწორედ იმ ავტომატით მოკლეს, რომელიც დაკავებულს ეკუთვნის.

გარდა ამისა, მოკლულის ოჯახის წევრები საქმის სტრასბურგში გაგზავნას აპირებენ, თუმცა უკვე სამ თვეზე მეტია, გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურა მათ საქმის მასალების გადაცემაზე უარს ეუბნება. 

საქმე ეხება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილის სასტიკ და გახმაურებულ მოკლელობას ეხება. 62 წლის დედა და 30 წლის გოგონა ავტომატით ჩაცხრილულები საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვლილები დილით მეზობლებმა ნახეს. ვიზუალური დათვალიერებით, ადგილზე მყოფებმა ივარაუდეს, რომ ისინი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დახოცეს. არ გამორიცხავენ, რომ ფულს სთხოვდნენ. 

მოკლული ქალს ორი ქალიშვილი კიდევ ჰყავს, რომლებიც გათხოვილები არიან და საზღვარგარეთ ცხოვრობეენ. დამნაშავეს, სავარაუდოდ, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი დედას და დას ფულს უგზავნიდნენ.  

თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც - რომ გოგონა დაკავებულ ბაციკაძეს მოსწონდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ მან შური სასტიკი მკვლელობით იძია. მეზობლები ამბობენ, რომ სახლში შესულებს იქაურობა არეული არ დახვდათ. ამიტომაც მკვლელობის სხვა ვერსიაც გაჩნდა. 

62-წლის ქალს მეუღლე არ ჰყავდა. ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სოფელი ტახტისძირი ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. 

მეზობლებს დღემდე ეჭვი აქვთ, რომ დანაშაული დაკავებულმა ბაციკაძემ ჩაიდინა და ის მარტო არ მოქმედებდა. ერთ-ერთი მათგანი „რეზონანსთან“ ყვება, რომ გარდაცვლილები მკვლელობის წინ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ.

მეზობელი ამბობს, რომ მათ გვიან ღამით მხოლოდ ყრუ გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. იფიქრეს, რომ ვიღაცეები ქეიფობდნენ და იარაღს ისროდნენ. გარდაცვლილი დედა-შვილი მათ მხოლოდ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

„არ ვიცი რა ვთქვა, გარდაცვალებამდე ღამის ათ საათამდე ჩემთან სტუმარდ იყვნენ. მათთვის რაიმე შფოთვა, ან შიში არ შემიმჩნევია. თუ ვინმე ემუქრებოდა, ხომ იტყოდნენ?! ერთი გაჭირვებული დედა-შვილი იყო. თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდათ. გათხოვილი გოგოები ეხმარებოდნენ. 

„ღამით ორივე სახლში გავაცილე, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. როგორც ჩანს, ვიღაც სახლში უკვე ელოდებოდათ. ორივე მისაღებ ოთახში იყო მკვდარი.

„გოგონა ოთახის შუაგულში ვიპოვეთ, დედა კი შესასვლელ კარში ვნახეთ. სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაა, ორივე ავტომატით არიან დაცხრილულები. ერთი ვერსია ის გვაქვს, რომ გოგონა ძალიან ლამაზი იყო და შესაძლოა შურისძიების მიზნით მოკლეს. თუმცა, არ ვიცი ჰყავდა თუ  არა შეყვარებული. 

„შემდეგ გავიგეთ, რომ ეს ადგილობრივი ბიჭი დაუკავებიათ. მასზე კარგს ვერავინ ვერაფერს იტყვის. კრიმინალური წარსული აქვს და ეჭვი გვაქვს, რომ ისაა დამნაშავე“, - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×