ხატია ბერიძე
26.09.2021

ქარბორბალა ახლოა მომავალში შესაძლოა ჩვენი რეგიონისათვის ისეთივე დამახასიათებელი სტიქიური მოვლენა გახდეს, როგორიცაა, მაგალითად, წყალდიდობები და მეწყერები. სპეციალისტები „რეზონანსთან“ საუბრისას ამის ძირითად მიზეზად კლიმატის გლობალურ ცვლილებას ასახელებენ და ფიქრობენ, რომ შეფასების და პროგნოზების გასაკეთებლად საქართველოში მალე საჭირო გახდება ქარბორბალასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება.

25 სექტემბერს საქართველოს რამდენიმე რეგიონში  ქარბორბალა დაფიქსირდა.

შაბათს ფოთში სტიქია რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში  ლარნაკას ქუჩაზე მდებარე ტერმინალში ქარბორბალამ 25-ზე მეტი ტვირთგადამზიდი კონტეინერი დააზიანა. ასევე დააზიანებულია  ტერმინალის მიმდებარედ შიდა პერიმეტრში არსებულ მცირე ზომის ნაგებობები, რომელსაც სტიქიამ სახურავები გადახადა. გარდა ამისა დააზიანებულია საკონტროლო პუნქტი, რომლის შესასვლელი ფანჯრებიც დამტვრეულია.

ფოთში სტიქიამ სამი ოჯახი დააზარალა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია.

ხობის მუნიციპალიტეტში ქარბორბალა დაახლოებით წუთნახევარს გრძელდებოდა. სოფელ შავღელეში ქარბორბალამ 13 სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა ფანჯრები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე დაზიანებულია ელექტროსადენები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარე ნონო ჩხობაძე  ქარბორბალის დაფიქსირებას საქართველოში გლობალურ პრობლემას უწოდებს და ძირითად მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებს.

„ქარბორბალა თავის მხრივ ძალიან საინტერესო ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც საქართველოში საკმაოდ იშვიათად ვხვდებოდით, მაგრამ ხობსა და ფოთში დაფიქსირებულ ქარბორბალას მოველოდი. 

„ეს პრობლემა გლობალურია. ზოგადად, ქარბორბალები ქარის ცვლილებით და წნევის დავარდნით  არის გამოწვეული, მაგრამ  საქართველოში ქარბორბალა  სავარაუდოდ  კლიმატის ცვლილებით იყო  გამოწვეული“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნინო ჩხობაძემ.

სტიქია  განმეორებასთან დაკავშირებით  საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯომარეს  სავარაუდო პროგნოზი ჯერ  არ აქვს. 

„სტიქია განმეორდება თუ არა, ან იქნება თუ არა სხვა რეგიონებშიც, ამასთან დაკავშირებით პროგნოზი არ მაქვს, რადგან საქართველოში არანაირი მეცნიერული  კვლევა არ გვაქვს ქარბორბალასთან დაკავშირებით ჩატარებული. ასევე არ გვაქვს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ  რაიმე პროგნოზი გავაკეთოთ.

„მეცნიერული კვლევები იმიტომ არ გვაქვს, რომ საქართველოსში ეს არც ისე ხშირად ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ მალე ამის საჭიროება გვექნება“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისი ცნობით, ოქტომბერში ჩანიშნულია სპეციალური სამეცნიერო  შეხვედრა, სადაც ამ კვლევის ჩატარების აუცილებლობის საკითხსაც განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×