თეონა ვეშაგური
24.09.2021

წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა იყოს აცრილი, ამ ეტაპზე კი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია ვაქცინირებული. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი დასკვნას მომავალ კვირაში გამოიტანს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესმა იკლო, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

„რაც შეეხება ვაქცინაციის დღევანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ, რადგან აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა გვქონდა, მთლიანად აგვისტოში 715 000 აცრა ჩატარდა, სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით, დღეში 24 000 აცრა გვქონდა, ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგვისტოში, ანუ სადღაც ავსულიყავით, 800 000-900 000-ზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის.

„16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და ადგილზე, თითოეულ დასახლებულ პუნქტში მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ აცრილი ვართ, მეტად ვართ დაცული, აქედან გამომდინარე, ყველა ტელევიზიამ დღეში რამდენჯერმე უნდა ილაპარაკოს, თითოეული რეკლამა უნდა ეძღვნებოდეს აცრას.

„მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, წლის ბოლომდე უნდა იყოს აცრილი 60%, რომ წლევანდელი ახალი წელი შედარებით ნორმალური იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. თუმცა, 60%-იც აღარ არის საკმარისი, „დელტა" ისეთი ვერაგული აღმოჩნდა, რომ აუცილებელია უფრო მეტი იყოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი დასკვნას მომავალ კვირაში გამოიტანს.

„12 წელს ზემოთ მოზარდებში ვაქცინაციის პროცესზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის დასკვნა მომავალ კვირაში უნდა იყოს. ამის მიხედვით გადავწყვეტთ საყოველთაოდ შევთავაზებთ თუ ბავშვების გარკვეულ ჯგუფებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა მუშაობს, რომ „ფაიზერის" დამატებითი დოზები შემოვიდეს.

„ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია. დღეს არის დაახლოებით 600 ათასამდე „ფაიზერი", რომელიც 300 ათასი ადამიანის აცრისთვის საკმარისია. ასევე, ქვეყანა მუშაობს, რომ დამატებით კიდევ შემოიტანოს „ფაიზერი". საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი" „სინოვაკი". ისინი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ყველაზე პოპულარობით სარგებლობს „ფაიზერი", შემდეგ „სინოფარმი" და „სინოვაკი". ყველა ამ ვაქცინის მარაგი არის. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნავს გამყრელიძე.

ამასთან, გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალ კახეთში, ველისციხეში მობილური ჯგუფები აცრებს ჩაატარებენ, შემდეგ კი იგივე გაკეთდება ყარაჯალაში.

„კახეთში დიდი მობილობაა რთველის გამო და ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი ეს იყო. კახეთში ყოველთვის შედარებით სიმშვიდე გვქონდა. ხვალ ველისციხეში უნდა გავეცნოთ, როგორ მიდის ვაქცინაცია, გავალთ ადგილზე, გვყავს ჩამოყვანილი მობილური ამცრელი ჯგუფი. ადგილზეც ავცრით, რომ აცრების მეტი პრომოცია გავაკეთოთ. იგივეს ვაკეთებთ ყარაჯალაში ეთნიკურ უმცირესობებში",- განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის წარმომადგენელი ეპიდემიის მე-5 ტალღას ნოემბრის ბოლოდან პროგნოზირებს. მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მე-5 ტალღა მძიმე იქნება.

„მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე. მე-5 ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში" , - განაცხადა მან.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×