ელზა პაპოშვილი
23.09.2021

ყაჩაღობას  სოფელ მარტყოფში აფეთქება მოჰყვა - მნიშვნელოვნად დაზიანებულია საზოგადოებრივი ცენტრის შენობა. უცნობმა პირებმა ფულის მოპარვის მიზნით საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები ააფეთქეს. აფეთქებას შენობის მინების მსხვრევა მოჰყვა.   

აფეთქების ხმა ადგილობრივებმა  გვიან ღამით გაიგეს, თავდამსხმელებმა თანხის წაღება მოახერხეს და ასევე ბანკომატის გატაცებაც სცადეს, რომელიც ვერ შეძლეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე პირმა ჯერ შენობის აფეთქება სცადა შემდეგ კი დიდი ოდენობით თანხა წაიღო. გარშემო სათვალთვალო კამერებია. ჩანაწერები პოლიციამ უკვე ამოიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება.  

„შუაღამე იყო. საშინელი აფეთქების ხმა  გავიგეთ. არ ვიცი,  ვიფიქრე სადმე გაზი აფეთქდა. გამოვცვივდით და ნახევრად დანგრეული შენობა დაგვხვდა. რამდენიმე მძარცველი იყო, რომლებმაც შენობაში შესაღწევად  ის ჯერ ააფეთქეს, შემდეგ კი შიგნით  შეიჭრნენ და ჩასარიცხი აპარატებიდან ფული მოიპარეს. ამბობენ, ბანკომატიც დაზიანებულია. უწვალიათ. როგორც ჩანს, მისი წაღებაც უნდოდათ. თუმცა ან დროში ვეღარ მოასწრეს, ან კიდევ მისი დამტვრევა ვერ შეძლეს. სავარაუდოდ, დიდი თანხა უნდა იყოს წაღებული“, - უყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსს“.

მეორე ადგილობრივი კი ფიქრობს, რომ ძარცვა პროფესიოანლების მიერ არის დაგეგმილი, რომლებმაც რამდენიმე წუთში ჯერ შენობა ააფეთქეს, შემდეგ კი აპარატებიდან ფული გაიტაცეს. მისი აზრით, ძარცვაში  3 ან 4  ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც დიდი  თანხის მოპარვა სულ რამდენიმე წუში შეძლეს. 

„ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, სანამ ადგილობრივები საწოლიდან ავდექით, ჩავიცვით და გამოვედით, მათ რამდენიმე წუთში ამხელა ობიექტი გაძარცვეს. სავარაუდოდ, 3-დან 4-მდე ადამიანი უნდა ყოფილიყო. ფაქტია, პროფესიონალების ნამუშევარია. კარგად დაგეგმილი ძარცვა. რამდენიმ წუთში ამდენი ასე აუღელვებლად შეძლო და თან ადგილიდან მიიმალო, ფაქტია ვიღაცა ბავშვები არ იყვნენ“, - ამბობს „რეზონანსთან“ კიდევ ერთი ადგილობრივი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×