ელზა პაპოშვილი
21.09.2021

სასტიკი დანაშაული მარნეულში -28 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი 3 დღის განმავლობაში ეძებდა, არხში გარდაცვლილი იპოვეს. ის მიკროავტობუსის მძღოლი იყო და სახლიდან გასული მოულოდნელად გაუჩინარდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ადგილობრივმა ძმებმა დამხმარე პირთან ერთად ჯერ გაიტაცეს, შემდეგ აწამეს და კვალის დაფარვის მიზნით წყლის  არხში ფეხზე სიმძიმემობმული გადააგდეს. ადგილობრივებს უჭირთ მკვლელობის მიზეზზე საუბარი. გამოძიება კი ამბობს, რომ ეს შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაულია. ძმები და მათი თანმხლები მესამე პირი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა და პოლიცია არ გამოიძახა დაკავებული არიან.

მოკლულის, 28 წლის ჯავიდ  ჩორდაროვის მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ 18 სექტემბერს ის პაპას და დედასთან ერთად მარნეულის ბაზარში იმყოფებოდა. მან ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი, ბანკომატიდან თანხას მოხსნიდა და უკან დაბრუნდებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის უკან აღარ დაბრუნებულა. 

ერთ-ერთმა ადგილობრივმა კი დაინახა, მას ავტომობილიდან გადმოსულმა მამაკაცმა ხელი როგორ დაუქნია. მასთან მისული ჯავიდი ავტომობილში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვეს. მისი კვალიც სწორედ ამის შემდეგ დაიკარგა. 

„წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან ეს ადამიანები და მისგან რა უნდოდათ. მარნეულელები არიან. ჩვენ არ ვიცნობთ და არც არასდროს გვინახავს, რომ ჯავიდთნ მოსულიყვნენ. 

„18 სექტემბერს, დედასთან და პაპასთან ერთად მარნეულის ბაზარში იყო. მეზობლებიც მის მიკროავტობუსში ვისხედით. მოვიდა და გვითხრა - ჯარიმა მაქვს გადასახდელი და ახლავე დავბრუნდებიო და აღარ გამოჩენილა. 

„ერთ-ერთმა ჩვენმა მეზობელმა დაინახა, რომ ავტომობილიდან მამაკაცმა დაუძახა. სავარაუდოდ, მას იცნობდა და მისკენ გაეშურა. ავტომობილში ჩაჯდა, ადგილიდან დაიძრნენ  და ტერიტორია დატოვეს. მისი კვალიც ამის შემდეგ გაუჩინარდა. როგორც დღეს გავიგეთ მარნეულში წყლის არხში ჩაგდებული იპოვეს. პოლიციას დაკავების შემდეგ უთხრეს მისი სხეული სად ჩააგდეს. მშვიდი და გაწონასწორებული ახალგაზრდა იყო. ოჯახს თავისი შრომით არჩენდა“,-ამბობს მოკლული ბიჭის მეზობელი „რეზონანსთან“. 

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, ორმა პირმა შურისძიების მოტივით ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×