ელზა პაპოშვილი
17.09.2021

22 წლის  ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები და ვერსიები იკვეთება. თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ქილერი ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უვალთვალებდა. მის მარშრუტს სწავლობდა და სახლიდან გამოსულს 9 ტყვია 16 სექტემბერს ვერაზე  დაახალა. ნიკა 17 სექტემბერს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

კვარცხელიას ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს და ახლა მის დედას  ელოდებიან, რომელიც იტალიიდან მოფრინავს და გარდაცვლილ შვილთან დღეს იქნება. მანამდე კი კვარაცხელიების ახლობლები მომხდარი სასტიკი მკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ. სავარაუდოდ, გამოძიებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილები, რომლებმაც შესაძლოა, მკვლელობა დაუკვეთეს. ქართული პოლიცია  მუშაობს ვერსიაზე, რომ ახალგაზდა, ნიჭიერი და წარმატებული ნიკა კვარაცხელია მამაზე შურისძიების მიზნით მოკლეს. ის წარმოშობით წალენჯიხელი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას შვილია, რომელიც რუსეთსა და თურქეთში ცხოვრობს.      

ვრცელდება ვერსია თითქოს მკვლელობა ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას იგივე „ტბილისკის“ შვილებმა დაუკვეთეს. საქმე კი ძველ ამბავს ეხება, რომელიც 20 წლის წინ მოსკოვში მოხდა. დავით კაკულია და გია კვარაცხელია მეგობრები იყვნენ. როგორც „რეზონანსს“ სანდო წყარო უყვება, დავით კაკულიას ერთ-ერთი შვილის ნათლია თავად გია კვარაცხელიაა. თუმცა მეგობრებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და 2001 წელს დავით კაკულია მოსკოვში ხელნაკეთი ბომბით ავტომობილში ააფეთქეს. სავარაუდოდ, მისმა ოჯახმა მთავარ ეჭვმიტანილად გია კვარაცხელია მიიჩნია. ამ ვერსიის თანახმად სწორედ 20 წლის შემდეგ შურისძიების მიზნით მისმა შვილებმა დაიქირავეს ქილერი, რომელმაც ახალგაზრდა ნიკა კვარაცხელია მოკლა. უცნობია ამ ეტაპზე პოლიციას ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული. 

ოჯახის  ახლობლები ამბობენ, რომ გია კვარაცხელია უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. მასთან მუდმივად მეგობრები არიან, რადგანაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა  რთულია. არ არის გამორიცხული, რომ ამის შემდეგ ე.წ. კრიმინალურ სამყაროს წევრებს შორის სისხლიანი ვენდეტა გაგრძელდეს. ნიკოს მამას მისი მოსკოვში გადასვენება სურს, რადგანაც ის საქართველოში ვერ ჩამოვა. მას ქართული კანონმდებლობიდან გამომდინარე აეროპორტშივე დააკავებენ. 

„უმძიმეს მდგომარეობაშია გია, წარმოდგენაც არავის გვინდა, რას განიცდის. ანგელოზივით შვილი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭიერებით, ენერგიით და პატიოსნებით გამოირჩეოდა, ასე ცინიკურად და დაუნდობლად ქუჩაში მოუკლეს. ბავშვს, როემლსაც კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი შეხება არ ჰქონია და მამამისისთვის მზე იყო, ასე სასტიკად გაუსწორდნენ. ალბათ ერჩივნა ის მომკვდარიყო, მაგრამ მკვლელმა, რომელმაც ეს საშინელება დაუკვეთა, კარგად იცოდა გია როგორ დაეტანჯა. მის სიცოცხლეს ალბათ აზრიც აღარ აქვს და სიკვდილს ნატრობს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილები კაკულიას შვილები არიან. 

შეიძლება ეს საშინელება მათ მიერ არის დაკვეთილი. ალბათ ყველაფერი გაირკვევა და მკვლელიც და დამკვეთიც სათანადო პასუხს აგებენ. მამას მისი მოსკოვში გადაყვანა უნდა. დავით კაკულიას ერთ-ერთი შვილი გია კვარაცხელიას ნათლულია. გამოდის, რომ მისივე ნათლულმა ასე სასტიკად გაიმეტა. ნიკომ განათლება საფრანგეთში მიიღო და ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. საქართველო უყვარდა და ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება სურდა. სამშობლოში ამიტომაც დაბრუნდა. ვლოცულობდით გადარჩენილიყო, მაგრამ ის ღმერთთან წავიდა“, - ამბობს კვარაცხელიას ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან“.    

ახალგაზრდა ნიკა კვარაცხელია  არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სოციალური ქსელის შექმნა. გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს. 

გია კვარაცხელია ე.წ. კანონიერ ქურდად 24 წლის ასაკში, 1988 წელს თბილისელმა „კანონიერმა ქურდებმა“ - პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა „მონათლეს“.  

კრიმინალური კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ არის ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ბოლოს გია კვარაცხელია კიევში დააპატიმრეს და თურქეთში გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამჟამად მოსკოვში  ცხოვრობს. ცნობილია, რომ მას წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა „კანონიერი ქურდების“ სოხუმის კლანთან. ახლა კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს შეეწირა თუ არა 22 წლის ახალგაზრდა კრიმინალურ გარჩევას.          

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×