თეონა ვეშაგური
07.09.2021

კოვიდ-19-ის მე-5 ტალღის საფრთხეები არსებობს თუმცა შესაძლოა ეს არ უკავშირდებოდეს ახალი შტამის „მიუ" ვარიანტის გამოჩენას და „დელტა" შტამით იყოს გამოწვეული. ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია მოსახლეობის 80% იყოს აცრილი - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.

„კორონავირუსის ახალი შტამის - „მიუ" ვარიანტის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს და მიმდინარეობს მისი შესწავლა. ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით რამდენად აქვს გავრცელების სწრაფი უნარი, ან რა შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში. შესაძლოა მე-5 ტალღა არ უკავშირდებოდეს „მიუ" ვარიანტის წარმოქმნას და კვლავ „დელტა" შტამით იყოს გამოწვეული.

„თუ ქვეყანაში იკლებს ვაქცინაციის ტემპი და არ მოხდება რეგულაციების დაცვა, შესაძლოა გვიან შემოდგომაზე კვლავ გაუარესდეს ეპიდვითარება და ამას არ დასჭირდეს ახალი შტამი. აქედან გამომდინარე, ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ ვაქცინაციაზე იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს.

„ქვეყანაში თუ გვეყოლება მოსახლეობის 80% ვაქცინირებული, ეს იმოქმედებს ეპიდსიტუაციის სტაბილურობაზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქნება ახალი ტალღები, იქნება ბევრად უფრო მსუბუქი და რაც მთავარია, გვექნება დაბალი სიკვდილიანობა", -განაცხადა გოგინავამ.

კითხვაზე, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს არსებული ვაქცინები ახალ შტამთან მიმართებაში, ინფექციონისტის პასუხია, რომ ამის კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინები, რომლებიც ახლა გვაქვს, ახალ შტამთან ბრძოლისთვის, ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები და ხდება ვირუსის შესწავლა", - განაცხადა გოგინავამ.

კორონავირუსის მე-5 ტალღის საფრთხეებსა და მისი თავიდან აცილების გზებზე ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც ისაუბრა.

„არის რამდენიმე ფაქტორი: პირველი - მეტი სრულად ვაქცინირებული; მეორე - საზოგადოების მიერ შეძენილი მეტი გამოცდილება, პასუხიმგებლობა და რეგულაციების აღსრულების მეტი კულტურა; და მესამე - ახალი სამკურნალო საშუალებები შემოტანა და დანერგვა".-განაცხადა მან.

კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე 6 სექტემბერს ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში დარტყმის მთავარი სამიზნე არავაქცინირებული ადამიანები იქნებიან. გაბუნიას თქმით, მეხუთე ტალღის რისკის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება მისი გავრცელების სიჩქარე.

„ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება ძალიან ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე. ამდენად, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მცირე დარჩეს საზოგადოებაში არავაქცინირებული ჯგუფი.

„პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღის გავრცელება ისეთ სისწრაფით, როგორც გასული, მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა", - ამბობს გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის ვაქცინაციიასთან ერთად მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა.

„ის რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია, განსაკუთრებით პირბადე და სოციალური დისტანცირება, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება", - განაცხადა მან.

გაბუნიამ შემოდგომაზე მოსალოდნელი კორონავირუსის მეხუთე ტალღის შესახებაც ისაუბრა.

„ახალი ტალღების მოლოდინი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ჩვენ, გლობალურად, ყველა ქვეყანას აქვს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების აღმოჩენას, ასევე, არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში და რეგულაციების უგულებელყოფას. ეს არის ის მიზეზები, რამაც, შესაძლოა, ახალი ტალღა გამოიწვიოს", -განაცხადა გაბუნიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის განცხადებით, ახალი „მიუ" ვარიანტი სერიოზულად უნდა აღვიქვათ.

„კოვიდ-19-ის ახალ, „მიუ" ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც, შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. „მიუ" ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა კორონავირუსის ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ამ ვარიანტზე შეერთებულ შტატებში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს", - განაცხადა ფაუჩიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×