თეონა ვეშაგური
06.09.2021

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეპიდვითარება საკმაოდ პოზიტიურია, იმისთვის, რომ საუბარი დაიწყოს საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„სიტუაცია წყნარდება, ნელა, მაგრამ წყნარდება. მთავარია აცრის ტემპი არ დავარდეს და მოსახლეობამ გააცნობიეროს რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია" - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას პაატა იმნაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე, ტენდენცია პოზიტიური და იმედისმომცემია იმისთვის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.

„რამდენად დაგვჭირდება სატრანსპორტო შეზღუდვის კიდევ მეტად გახანგრძლივება, ამაზე ეპიდემიური სურათის ანალიზი გაგვცემს პასუხს. ჯერჯერობით ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია და პროგნოზულად იმედისმომცემია სიტუაცია, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ვისაუბროთ, როგორც სატრანსპორტო საშუალებების აღდგენაზე, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ დაბებში, სოფლებსა და ქალაქებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, მალევე აღდგეს სკოლებში ადგილებზე სწავლება, თუმცა ჯერჯერობით ამ შეზღუდვების რეჟიმში ვართ, უნდა დავაკვირდეთ".- განაცხადა გაბუნიამ.

ეპიდემიის დასტაბილურებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს.

„დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ.

"ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპქციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით", - განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავის 2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდეა გახანგრძლივებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×