ელზა პაპოშვილი
02.09.2021

ვლადმერ ვახანიას მკვლელობის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს - მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კახა კალანდია მკვლელობის ადგილას თანაკლასელმა ბადრი ხუბუამ მიიყვანა. ხუბუა სასტიკი მკვლელობის ფაქტს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ კალანდიამ დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიდინა. როგორც ის ამბობს, კალანდია ბიზნესმენს ძმის მკვლელობას აბრალებდა და ამბობდა, რომ  საქმეში მისი ხელი ერია. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ის ეზოდან ყვირილით გამოვარდა და  იძახდა რომ მისი ძმის მკვლელი დაჭრა. 

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ბიზნესმენი განმუხურში საკუთარი სასტუმროს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით თავს  დაესხა. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მეგობრის ძმამ მიაყენა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მისსავე სასტუმროს ტერიტორიაზე უკვე მოკლული ხელოსანმა იპოვა. 

„კლასელს სთხოვა - წამიყვანე ჩემი ძმის მეგობარია ჩამოსული განმუხურში და უნდა ვნახოვო. შარშანაც წაიყვანა ამ ბიზნესმენის სანახავად და რაიმე შურისძიებაზე და მკვლელობაზე არაფერი უთქვამს. პირიქით, ამბობდა, რომ მისი ძმის მეგობარი და კარგი ადამიანი იყო. 

“ამ შემთხვევაშიც ისევ იგივე სთხოვა. ბადრის ეჭვიც არ გასჩენია, რომ რამე ცუდ საქმეზე შეიძლება მიჰყავდა. შევიდა ეზოში, ცოტა ხანში კი იქიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა შემოესემა. კახა ყვიროდა, რომ ჩემი ძმის მკვლელი დავჭერიო. ამის შემდეგ კი ის გაიქცა. ბადრი ხუბუა მაშინვე პოლიციაში მივიდა და დანაშაულის შესახებ განაცხადა. სხვა მან არაფერი ამ მკვლელობის შესახებ არ იცის. რატომ აბრალებდა ძმის მკვლელობას და რა გახდა აზრის ასე შეცვლის მიზეზი არ ვიცით“, - ამბობს ბადრი ხუბუას მეუღლე.

გამოძიების ცნობით კი კახაბერ კალანდიამ  წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია საკუთარი სასტუმროს ტერიტორიაზე მოკლა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

შსს-მ, განმუხურში ბიზნესმენის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს - 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×