ელზა პაპოშვილი
01.09.2021

განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ბიზნესმენი განმუხურში საკუთარი სასტუმროს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით თავს დაესხა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ვახანიას დანით ჭრილობები მისივე მეგობრის ძმამ მიაყენა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მისავე სამშენებლო სასტუმროს ტერიტორიაზე უკვე მოკლული ხელოსანმა იპოვა. 

ერთი ვერსიით, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი რუსეთში დაწყებულ ბიზნეს დავაა. 

ვახანიას მკვლელი პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს და სამეგრელოს მასშტაბით მას ახლაც ეძებს. ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს.

მოკლული ბიზნესმენი ძირითადად რუსეთში საქმიანობდა და ის 2009 წელს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ბრალდებით დააკავეს. წარსულში კი ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო. 

მოკლული ბიზნესმენის მეზობლები მკვლელობის სავარაუდო ვერსიებზე ვერ საუბრობენ. თუმცა ამბობენ, რომ მკვლლეობის დროს ბიზნესმენი მშენებარე სასტუმროში მარტო არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ, მომხდარს ხელოსანიც შეესწრო. 

მათივე ცნობით, ვახანიას მისთვის კარგად ნაცნობმა ადამიანმა დაუძახა და ეზოში გამოსვლის შემდეგ კი მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი სტუმარმა მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

„საერთოდ არ ვიცოდით თუ საქართველოში იყო. ალბათ რამდენიმე დღის ჩამოსული იქნებოდა. თავდასხმის დროს, როგორც ამბობენ, მარტო არ იყო. კარი თავად გაუღია. მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი უნდა ყოფილიყო, თორემ თუ ვინმე მტერი იყო, ასე ადვილად ხომ არ შეუშვებდა... 

„ამბობენ, მეგობრის ძმააო. რუსეთში რაღაც ბიზნესთან დაკავშირებით ადრე დავა ჰქონიათ და როგორც ჩანს, აქ მარტო დაიგულა. ეზოში ხელოსანმა უკვე მკვდარი იპოვა. 

„ზოგი ამბობს, რომ მკვლელობას თავად მუშა შეესწრო და მკვლელის იდენტიფიცირებაც მისი დახმარებით მოხდა. არ არის გამორიცხული, რომ თავდამსხმელმა უკვე ოკუპირებულ აფხაზეთს შეაფარა თავი. ბიზნესმენის მშენებარე სასტუმრო ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

თავად მოკლულის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ინციდენტი ვახანიას ბიზნესსაქმიანობას არ უკავშირდება. კახა ლომაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დამნაშავე პირის იდენტიფიცირება მოხდა და ის ერთ-ერთმა პირმა ამოიცნო, თუმცა მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირს. 

„არ ვიცი ზუსტად რა მოხდა. რასაც ამბობენ, ჩვენც ეს ვიცით. ადამიანი დანით შევარდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე სასტუმროს აშენებს და დაზიანება მიაყენა. როგორც თქვეს, თან სხვა პირიც ახლდა და მას პოლიცია კითხავს. 

„დამნაშავე მისი მეგობრის ძმაა თუ არა, ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ. ჯერ ჩვენც ასე გადმოცემით გვაქვს ინფორმაცია... არანაირი ბიზნესი მასთან არ აკავშირებდა, მხოლოდ შორეული ნაცნობობა. საერთოდ, საქართველოში ბიზნესი არ ჰქონია, ამიტომ მოტივზე საუბარი გვიჭირს“, - განაცხადა მოკლულის ოჯახის ახლობელმა, კახა ლომაიამ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×