თეონა ვეშაგური
31.08.2021

კორონავირუსი კვლავ განაგრძობს მუტირებას. მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტია აღმოჩენილი, რომელსაც მუტაციის შემაშფოთებელი რაოდენობა აქვს.

რა ფაქტორები უწყობს ხელს ახალი ვარიანტების გაჩენას და რამდენად დიდი საფრთხის შემცველია სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამი - ამის შესახებ „რეზონანსთან"-ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს.

„ახალი შტამების წარმოქმნას ხელს უწყობს ინფექციის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადასვლის პროცესი. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვირუსის მასპინძელი, მით მეტია ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მან ასევე ისაუბრა ახალი შტამის გავრცელებით გამოწვეულ რისკებზე და აღნიშნა, რომ მას მთავარია „დელტა" შტამზე მეტი გავრცელების უნარი არ აღმოაჩნდეს.

„ახალი შტამი საშიში ხდება მხოლოდ მაშინ, თუ მის წინამორბედ დომინანტურ შტამთან შედარებით გავრცელების მეტი უნარი აღმოაჩნდება. ამ შემთხვევაში გადაასწრებს და ჩაანაცვლებს ახალი შტამი ძველს.

„დღეისათვის ეს შტამი არ ჩანს უფრო მეტად გადამდები. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შესაძლოა ვირუსი იმ ქვეყანასაც ვერ გასცდეს, სადაც ამჯერად აღმოჩენილია. ამიტომ ჯერჯერობით ამის არ გვეშინია. მთავარია არ იყოს „დელტა" ვარიანტზე უფრო მეტად გადამდები", - განუცხადა კულუმბეგოვმა „რეზონანსს".

„ბლუმბერგის" ცნობით, სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც მუტაციის შემაშფოთებელი რაოდენობა აქვს.

მათ მიერ კვლევებში აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, C.1.2. პირველად მაისში, ორ პროვინციაში დააფიქსირეს, 13 აგვისტოსთვის კი აღნიშნული ვარიანტი უკვე ქვეყნის 6 პროვინციაში, ისევე როგორც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში იყო გამოვლენილი.

კვლევის თანახმად, C.1.2 ვირუსის C.1 ვარიანტისგან წარმოიქმნა, რომელიც 2020 წლის შუა პერიოდში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დომინანტური იყო.

მეცნიერთა განმარტებით, ზოგადად ვირუსის მუტაციები ასოცირდება გადადების უნარის გაზრდასთან და ანტისხეულებისგან თავის არიდების გაზრდილ უნართან.

„ამჟამად ვაფასებთ ამ ვარიანტის ზეგავლენას ანტისხეულების განეიტრალებაზე როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ პირებში," - აცხადებენ მეცნიერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×