ელზა პაპოშვილი
19.08.2021

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური საკუთარ სახლში იმყოფებოდა - იგი საკუთარი ძმის პანაშვიდს დაესწრო. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოლიმპიურ ჩემპიონს უფლება მისცეს ძმის დაკრძალვაზე მისულიყო. ზურაბ ზვიადაურს საშუალება მიეცა სახლში, სამძიმრის მისაღებად 2 საათით დარჩენილიყო, რის შემდეგაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ზვიადაურს პატიმრობა გუშინ გვიან ღამით შეუფარდა. როგორც ცნობილია თელავში მომხდარ დაპირისპირებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ზურაბ ზვიადაურს ბრალდების მხარე იმ პირის მკვლელობას ედავება, რომელმაც მანამდე მის ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

წინანდალში მომხდარი მკვლელობის სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა. თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს სისხლიანი გარჩევა ყოფით ნიადაგზე მოხდა. ზვიადაურმა დუმილი ადვოკატთან დაარღვია და განაცხადა, რომ ერთ-ერთ ობიექტზე დასაქმებულმა მათივე მუშებმა სამუშაო კარგად ვერ შეასრულეს. რასაც მუშებსა და მის მეგობრებს შორის კონფლიქტი მოჰყავა. 

მუშებმა ზვიადაურის მეგობრები სცემეს. ამის შემდეგ კი საქმეში მისი ძმა ზვიად ზვიადაური ჩაერთო. თავად ოლიმპური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ადგილზე ძმის წამოსყვანად მივიდა, თუმცა, სიტუაცია უკვე დაძაბული დახვდა. მან დაპირისპირების მოტივის გარკვევაც ვერ მოასწრო, რომ ნიკა კენჭოშვილმა, რომელსაც ჩანთა ეკიდა, მათ მიუახლოვდა. 

განაცხადა, რომ დილით კონფლიქტში ვინც მონაწილეობდა, წინ მხოლოდ ისინი გამოსულიყვნენ, ამის შემდეგ კი ავტომატიდან სროლა დაიწყო. ზვიადაურმა დაინახა, რომ მისი ძმა და მეგობარი ავტომატის ჯერმა მოცელა. ის მას უკნიდან მივარდა და მის შებოჭვას ცდილობდა, რათა ავტომატი წაერთმია. ზვიადაური ამბობს, რომ ის შემოტრიალებას და მის მოკვალასც ცდილობდა. ამიტომ იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების მიზნით მისთვის ესროლა. სწორედ ამიტომ აქვს გარდაცვლილ კენჭოშვილს ტყვია ზურგში მოხვედრილი. გამოძიება კი სპორტსმენს სწორედ ამას ედავება. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელი მოგერიება კი არა შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობა იყო.  

ზვიადაურის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას აპირებენ. მათი თქმით, მოსამართლემ გახმაურებული სამქის გამო ვერ გარისკა, რომ ზვიადაური გირაოს გამოყენებით თავდებში სპორტსმენების და პოლიტიკოსების დადგომის შედეგად გაეთავისუფლებინა.  

„ზვიადაური ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. ის ყვება, რომ აუცილებელი მოგერიების წინააშე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭოშვილი მოკლავდა, როგორც მას ასევე იქ მყოფ პირებს. ის ისროდა გაუჩერებლად და ასეთი სახის ავტომატში 30-მდე ტყვია იდება. 

“ახლა წარმოიდგინეთ, ზვიადაურს ის რომ არ შეებოჭა კიდევ რამდენიმე ადამიანს მოკლავდა. რაც შეეხება ზურგში ნასროლ ტყვიას. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხები ცნობილი არ არის. ამიტომაც რთული სათქმელია რა და როგორ მოხდა. რასაც  თავად ზვიადაური ყვება, ამბობს, რომ როდესაც დაინახა, თავდამსხმელმა მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან ავტომატი ამოიღო და სროლა დაიწყო. მის გვერდით მდგომი ძმა და მეგობარი წაიქცნენ. 

ამიტომაც ის მას მივარდა და მის განეიტრალებას ცდილობდა. როგორი ჩემპიონიც გინდა იყო, ცალხელში კაცს ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და ისვრის ვერაფერს გააკეთებ. ზურა მას ზურგიდან ბოჭავდა, რომ არ მობრუნებულიყო და ისიც არ მოეკლა. ამ ძიძგილაობაში ის შემოტრიალებას ცდილობდა, რა დროსაც ზურამ მისი განეიტრალება სცადა. მას სხვა გზა უკვე აღარ ჰქონდა. ჩვენ, რა თქმა უნდა,ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და თუ საჭირო გახდა ევროპულ სასამართლოშიც წავალთ“,- ამბობს ადვოკატი კახა ცნობილაძე „რეზონანსთან“. 

გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის ოჯახი კი აცხადებს, რომ მათ ინტერესში ზურაბ ზვიადაური მკაცრად  დასჯა არ არის. მათი თქმით, ისინი ოჯახის მწუხარებას იზიარებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მათი შვილი კონფლიქტური არ ყოფილა. რაც შეეხება იარაღს ის მან მამასთან ერთად ადრე განვადებით შეიძინა და მისი საკუთრება იყო. იარაღი თავდაცვის მიზნით წაიღო. 

ოჯახი უარყოფს ინფორმაციას, რომ ზვიადაურმა დაჭრილი კენჭოშვილი საავადმყოფოში თავად მიიყვანა. თუმცა, თელავის რეფერალური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ სამივე დაჭრილი საავადმყოფოში ზვიადაურმა შეიყვანა. ისინი არიან შემსწრეები როგორ ითხოვდა სპორტსმენი დახმარებას. 

ზვიადაურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა ყოფილი დეპუტატი მირიან წერეთელი, რომელმაც მომხდარს დიდი ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ ზურაბ ზვიადაური მძიმე მდგომარეობაშია: “მძიმე მდგომარეობაშია და მივედი მივუსამძიმრე, თავისთავად ძალიან დიდი ტრაგედიაა, ნებისმიერი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ტრაგედიაა, მითუმეტეს როდესაც ეს შენს ახლობელს ემართება და შენი მეგობრის ოჯახში ტრიალებს ეს ტრაგედია," - განაცხადა მირიან წერეთელმა. 

ზურაბ ზვიადაური გუშინ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არც თავდებობის და არც გირაოს გამოყენება არ გაითვალისიწნა. 

გამოძიება ამტკიცებს, რომ ადგილზე მისულ ზვიადაურს  ძმა დაჭრილი დახვდა. ამის შემდეგ ზურაბ ზვიადაურმა მეგობრის ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა მშენებლობაზე დასაქმებულ ნიკა კენჭოშვილს. თუმცა „რეზონანსთან“ ადვოკატი ამბობს, რომ კენჭოშვილს ზვიადაურმა საკუთარი იარაღიდან ესროლა, რომლის ტარების უფლებაც აქვს.   

შსს-ს ამბობს, რომ ადგილზე ორი სხვადასხვა - „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტიდან და „საიგას“ ტიპის ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდნენ. იარაღები  გამოძიების ნივთმტკიცებებს შორისაა. ამ დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 2 დაიჭრა. სავარაუდოდ, დაპირისპირებაში 15-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თელავის სხვა კლინიკაში მიიყვანეს კიდევ 2 დაჭრილი, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა ექიმებმა მათი დახმარება შეძლეს.

დაჭრილი ძმა და ახმეტელი ვასილ ცოცხალაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით მიიყვანა ზურაბ ზვიადაურმა, თუმცა ადგილზე ექიმებმა თქვეს, რომ ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო. ამავე კლინიკაში მიიყვანეს დაჭრილი ნიკა კენჭოშვილიც, ექიმებმა ამ შემთხვევაშიც თქვეს, რომ მათთან მოხვედრის მომენტში ის უკვე აღარ იყო ცოცხალი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×